მეუფე ნიკოლოზი: წინასაარჩევნოდ რომ ვინმეს გული მოიგო, რაღაც ისეთი უნდა აჩუქო, ტყე რაში უნდა გამოიყენო?!

მეუფე ნიკოლოზი: წინასაარჩევნოდ რომ ვინმეს გული მოიგო, რაღაც ისეთი უნდა აჩუქო, ტყე რაში უნდა გამოიყენო?!

წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებ. ტყე რაში უნდა გამოიყენო, მარტო იმაში რომ არ გააჩეხინო ვიღაცას, - ამის შესახხებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის საკითხზე გააკეთა.

„რაც შეეხება ტყის მასივების გადაცემას, ამის შესახებ გუშინ შევიტყვე. ბევრი ვიფიქრე და მინდა გითხრათ, რომ ტყე რა არის? - აი, რისთვის არის ტყე? ტყე არის იმისთვის, რომ შეინახო. ტყისგან ვერაფერს სხვა სიკეთეს ვერ მიიღებ. ერთადერთი ის, რომ ჰაერი იყოს ჯანმრთელი და მეორე, რომ ვისაც ტყეში გასეირნება მოუნდება, იყოს გასეირნების საშუალება. ძველი ქართული ლექსი არსებობს ასეთი: „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია“. ასე რომ, ტყის გადმოცემა ნიშნავს იმასს, რომ ფაქტიურად ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. მეტი არაფერი, აბსოლუტურად! ის, რომ ტყე არ გაიჩეხოს. მე მახსენდება ის შავბნელი 90-იანი წლები და ჩემი თვალით ვუყურებდი, აბასთუმნის ტყე როგორ იჩეხებოდა. ვეებერთელა მანქანები ერთი მეორის მიყოლებით გადიოდა სადღაც, სად? არ ვიცი. ტყის გასხვისება-გაჩუქება რას უნდა გულისხმობდეს, ერთადერთი რომ თუ ვინმე გასაჩეხად მოინდომებს და პირობას გაძლევთ, ნამდვილად, რომ ეკლესია არც სასულიერო პირი, არავინ არ მეგულება ასეთი ბარბაროსი, რომ ტყე გაჩეხოს. ასე, რომ თუ ტყე გადაეცემა მთლიანად ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნდება და ექნება ყველას. არც ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს. პრივილეგია კი არაა ეს, პრივილეგია შეიძლება ისაა, რომ ენდობიან ეკლესიას. პრივილეგია კი არაა, ესაა პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი და ძალიან მძიმე დავალება. წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებ. ტყე რაში უნდა გამოიყენო, მარტო იმაში რომ არ გააჩეხინო ვიღაცას. საპატრიარქო დიდი ხანია მიმართავს ხელისუფლებას, რომ ტყე უნდა გაშენდეს. მახსოვს, მთავრობა გვპირდებოდა, თბილისში მილიონი ხე დაირგვებოდა. ნუ, ეს ცოტა იუმორია, მაგრამ სულ ამაზე იყო საუბარი, რომ უნდა გაშენდეს. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა ტყეს იპარავენ, ჩეხავენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მოსახლეობა არ დარჩება კმაყოფილი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის 20 ჰექტარი ტყის გადაცემას ითვალისწინებს.