მამუკა მდინარაძის შეფასებით, მთავრობის წინაშე 3 ძირითადი გამოწვევაა: კორონავირუსი, ეკონომიკის გახსნა და ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია

მამუკა მდინარაძის შეფასებით, მთავრობის წინაშე 3 ძირითადი გამოწვევაა: კორონავირუსი, ეკონომიკის გახსნა და ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამი ძირითადი გამოწვევაა: ახალი კორონავირუსი, ეკონომიკის განვითარება და ოპოზიციის მზრიდან სპეკულაცია.

„მთავარი გამოწვევა ჯერ არსად წასულა. ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას. საქართველო ერთგვარი პოზიტიური კუნძულია. ჩვენ ირგვლივ არსებულ ქვეყნებში ძალიან ცუდი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ჩვენ ამ მონაპოვარს, რომ ვართ წარმატებულები ინფექციასთან ბრძოლაში, უნდა გავუფრთხილდეთ. მადლობა ყველა მოქალაქეს, რომელთაც ამ დროს ძალიან მაღალი თვითშეგნება გამოიჩინეს. ჩვენი ქვეყნის წარმატების დიდი წილი მოდის მოსახლეობაზე.

ასევე, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამოწვევა - ესაა ეკონომიკის ხელახლა დაძვრა და გახსნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ეკონომიკის იმგვარად სტიმულირებას, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს.

ბოლო დროს ჩვენ დავდექით მესამე გამოწვევის წინაშე. გუშინ ჩვენ ვნახეთ, საქართველოს პარლამენტში სპეკულაციებით სავსე გამოსვლები. როდესაც კოვიდინფექციასთან ბრძოლაში გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვებია მთავარი იარაღი და ვიღაც გეუბნება, რომ არანაირი მცირე კალიბრის იარაღიც კი არ უნდა დარჩეს მთავრობასა და ხელისუფლებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში, ეს მხოლოდ პოპულიზმია. როცა ამბობ, რომ იარაღი არ უნდა გქონდეს და ისე უნდა ებრძოლო პრობლემას, ეს არაა პასუხიმგებლიანი მიდგომა. შეიძლება, ვიღაცას უნდა, რომ პრობლემამ გაიმარჯვოს და ამით, პოლიტიკურად, ვიღაცამ ისარგებლოს, მაგრამ ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს. ჩვენ დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.