ნორა კვიციანმა ყოფილი ხელისუფლების უსამართლობა საკუთარ თავზე იწვნია. ის ციხეში ლოცვამ და იმ ადამიანებისადმი მიტევებამ გადაარჩინა, ვინც მას ცილი დასწამა. ძმისა და შვილის გამო დაჭერილ და სულ ახლახანს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ნორა კვიციანს დღესდღეობით სახლი არ აქვს და ქალიშვილთან არის შეკედლებული. თუმცა, ქონების დაკარგვა არაფრად მიაჩნია, რადგან შვილი და ძმა ცოცხალი ჰყავს.
For.ge ნორა კვიციანს ესაუბრა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ძმა, კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვს. მისთვის ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალშია ბინა და სახლი, ასევე მიწის ნაკვეთები. როგორც თქვენი ძმის ოჯახი აცხადებს, მათი საცხოვრებელი ბინებიდან ავეჯი და ტანსაცმელიც კი წაიღეს. როგორ გაიხსენებთ ამ ფაქტს, როცა თქვენი ძმის გამო თქვენი დევნა დაიწყეს?
- ყოფილმა ხელისუფლებამ ამ უკანონობით სასწაული ჩაიდინა. განადგურებული ვიყავი. ჩემი ძმა რწმუნებული იყო, ბოლო ხანებში გააუქმეს რწმუნებულობა. ამის შემდეგ ჩემი ძმა მხოლოდ სამი დღის შემოსული იყო ხეობაში, რაც მაშინ დაატრიალა ყოფილმა ხელისუფლებამ და მერე გახადეს ჩემი ძმა „კრიმინალი“, მანამდე ის თბილისში იმყოფებდა. თუკი კრიმინალი იყო, ხომ შეეძლოთ, თბილისშივე აეყვანათ, რა შუაში იყო ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება? ემზარი საერთოდ სამი წელი ხეობაში არ ყოფილა, მარტო სამი დღის შემოსული იყო, მე ვაგვარებდი ყველაფერს ხეობაში, წამით დასვენება არ მქონია. 14 წელი პატარა დროა?! ასეთი შედეგი მოჰყვა მაშინდელ სპეცოპერაციას.
იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, თავის დროზე კოდორის ხეობა ემზარ კვიციანმა და ბატალიონმა „მონადირემ“ შეგვინარჩუნა.
- 14 წლის განმავლობაში ემზარმა თავი გადადო, ჯერ მაშინ, როცა სოხუმი დაეცა, ემზარმა გვირაბები გადაკეტა, რომ აქეთ არ წამოსულიყვნენ ტანკები და მშვიდობიანად გადმოსულიყო ყველა ლტოლვილი. შემდეგ ფიცი დადო, ამ ხეობას არ დავტოვებ ცოცხალი თავითო. ბიჭებიც გვერდში ამოუდგნენ, მე კიდევ არ მივატოვე ჩემი ძმა, ჩემი შვილი და თავი გავწირე იმ ხეობისთვის. ერთი წელი, ფაქტობრივად, არავინ იცოდა, თუ არსებობდა ის ხეობა. ასეთ მდგომარეობაში მაინც დავიცავით ხეობა, რამდენი შემოტევა იყო, რამდენი ბიჭი დაიღუპა...
თუმცა საბოლოოდ ეს ხეობა თქვენს გარეშე მაინც გადაეცა მოწინააღმდეგეს.
- ჩვენი ბატალიონი არ უნდა გაეუქმებინათ. იურიდიულად იქ იყო ადგილობრივი ფორმირება, რომელიც ხეობას იცავდა. არადა, იქ ფორმირება არ უნდა ყოფილიყო, ასეთი ხელშეკრულება იქნა დადებული ხელისუფლების მიერ, ამიტომ შეიქმნა ადგილობრივი ბატალიონი. ეს ბატალიონი რომ გააუქმეს, ხელში შეარჩინეს იარაღი ხალხს და მერე ეს ყველაფერი იმისთვის გამოიყენეს, ვითომ ჩვენ, ყველანი, ფორმირებები ვიყავით იქ. ფაქტობრივად, ეს გამოძიების ამბავია, როცა ემზარს მოეხსნება ძებნა, ის ჩამოვა, სარჩელს შეიტანს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან.
ემზარ კვიციანის ოჯახი ექვსი წლის შემდეგ უკვე დაბრუნდა საქართველოში და აქ აპირებენ ისევ დამკვიდრებას.
- დიახ, ჩამოვიდნენ და მათი ბინა წართმეული, ცარიელი იყო, ყველაფერი წაიღეს და ეკონომიკის სამინისტროზეა დარიცხული თუ გაცემული. ახლა ელოდებიან ბინის დაბრუნებას და პროკურატურაში იყვნენ წასულნი.
ეს ბინა სვანეთშია თუ თბილისში?
- თბილისში, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ, მანამდე დედა და ჩვენები იქ ცხოვრობდნენ და მეც ხეობაში ვიყავი. ემზარის ოჯახი ახლა ქუჩაშია დარჩენილი. ამიტომ, ბინა უნდა დაუბრუნონ, რომ ცოლ-შვილი შევიდეს. მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა ძებნაში იყო და იდევნებოდა, ხეობა ჩაბარდა. 14 წელიწადის განმავლობაში, ჩვენს მიერ შენარჩუნებული ხეობა ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა იმ ხელისუფლებამ.
ემზარ კვიციანს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აბრალებდნენ. რეალურად რაში იყო საქმე?
- რანაირად, ჯარი თვითონ შემოიყვანეს. არ ვიცი, ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერი ითქმის, თორემ რანაირად უნდა გადაეტრიალებინა კოდორიდან თბილისამდე 12 „პერევლის“ იქით, თუ ჯარი არ იყო შემოსული იქ, არც სპეცნაზი? - ჩემამდე ვერ მოდის. ეს რომ მითხრეს, ვუთხარი, „მალადეც“ ჩემი ძმა, ეს რა ძლიერი ვინმე ყოფილა, 12 „პერევლის“ იქიდან თბილისს ატრიალებდა-თქო. ასეთი სისულელეები დასწამეს. ახლა, როდესაც მთავრობა შეიცვალა, ის, რაც იმ ხელისუფლების დროს მოხდა, ძალიან ბევრი ოჯახი იყო განადგურებული მათ მიერ და მით უმეტეს - ჩვენ. ახლა მაინც ვიმედოვნებ, რომ სამართლიანობა აღდგება და სამართალი იზეიმებს. ბოლოს და ბოლოს, როდემდე იქნება ეს ყველაფერი? მე პირადად, როგორც ქალმა, ექვსი წელი და ექვსი თვე, არაერთი დღე და ღამე გავატარე ასეთ პირობებში, მაგრამ ჩემი თავი ავიყვანე ხელში და მადლობა უფალს, ლოცვებით სულიერად გავძლიერდი. თორემ მე არ ვიცი, როგორ მიდგას სული დღემდე. პირველ ხანებში ეს იმდენად საშინელება იყო, კინაღამ გავგიჟდი და გავაფრინე, რადგან არ ვიცოდი, ძმა და შვილი ცოცხალი მყავდნენ თუ არა, თანაც ამდენი საფიქრალი მქონდა, შიშით ყველა გადაგვიდგა და რა ვიცი კიდევ.
პატრიარქი ამოგიდგათ გვერდში და საპატიმროში რამდენჯერმე მოგინახულათ, საჩუქრებიც გისახსოვრათ.
- მართლაც, პატრიარქი გვერდში ამომიდგა, პირადი ნივთიც მისახსოვრა, თავისი ტანსაცმელი, ასევე, საბანი. როგორც წესი, პატრიარქს ხალხი თავად აწყდება, რომ შეეხონ მის ტანსაცმელს, ამ დროს კი მე პირადად ჩამაცვა თავისი პალტო, ეს განძია ჩემთვის, საშვილიშვილოდ ვინახავ ამ განძს. თვითონ რომელი საბანიც ეხურა, ის საბანი მე შემომიგზავნა, კაშნე, სვიტრი, წმინდა გიორგის მედალიონი - ერთხელ, მეორედ, მესამედ... მოჰქონდა საჩუქრები და ახლა, რომ გამოვედი ციხიდან, პირდაპირ პატრიარქთან უნდა წავსულიყავი, ჩემი შვილებით. ამჟამადაც ვიყავი იქ, ლოცვებს, პარაკლისებს კითხულობდა ჩემთვის. რა იყო ეს ჩემთვის, ამას ვერ გამოვთქვამ.
ციხის პირობებში თქვენზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა?
- შესაძლებელია, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო სხვების მიმართ, მაგრამ მე არ მიგრძვნია ასეთი რამ. მართალია, სასამართლოებზე სპეცეტაპით, სპეცნაზით მივყავდი და არცერთი ეტაპი არ ყოფილა ქალებთან ერთად, მე სულ ცალკე მივყავდი „მასკიანებს“, სპეცნაზს ავტომატებით. ეს დიდი შეურაცხყოფა იყო ჩემთვის. როგორია, ნიღბიანი ავტომატიანების თანხლებით მივდიოდი სპეცეტაპით და ალყაში ვიყავი სასამართლოზე, გადავყავდი ზუგდიდში, კრიტში, მაგრამ ციხის შიგნით ადმინისტრაციისგან შეურაცხყოფა არ ყოფილა.
თვითონ სასამართლო პროცესს როგორ გაიხსენებთ, როდესაც თქვენ უკანონო შეიარაღების ფორმირება დაგაბრალეს. სხვათა შორის, მაია თოფურიამ, ასევე, ყოფილმა პატიმარმა, გვითხრა, რომ იარაღი, რომელიც თქვენგან ვითომ ამოიღეს, მას ჩაუდეს.
- როცა მთელ საქართველოს ტელევიზიით ანახეს ეს იარაღი, მაშინ იქაურმა ხალხმა იცნო ხეობიდან ამოღებული იარაღები, რომლებიც იყო ჩადებული. ხალხი ამბობდა, ეს ჩვენი იარაღებია და წაუღიათო. სწორედ ეს ის იარაღები იყო, რომელიც ხელისუფლებამ თავად დაარიგა ხეობაში. ინდივიდუალურად ჰქონდა ყველას გაფორმებული, მერე გააუქმეს და შეგვარჩინეს ხელში. ამითაც უკვე გასაგები იყო, რომ ხეობა ბარდებოდა და ჩვენ კიდევ გაგვწირეს. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. მადლობა უფალს, ბოლოს ღმერთმა ყველაფერი გამოაჩინა და სიმართლეს ფარდა აეხადა. 14 წელი საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა იმ კუთხეში და აფხაზეთის აღიარება არ მოხდა, რადგან იმ ხეობას ჩვენ ვიცავდით, შემდეგ კი წაგვართვეს და გამარჯვების ზეიმი ჰქონდათ, ჩვენ დავიბრუნეთ ზემო აფხაზეთიო. მაშინ, როცა ზემო აფხაზეთი არ ჰქვია იმას და არც კოდორი ჰქვია, მას დალის ხეობა ჰქვია. ამ დროს ორ წელიწადში ჩააბარეს ხეობა. სად არის დღეს მათ მიერ „დაბრუნებული“ ზემო აფხაზეთი ან ვრცელდება თუ არა დღეს მასზე საქართველოს იურისდიქცია?! 14 წელი, ომიდან დაწყებული, 2006 წლამდე ჩვენ შევინარჩუნეთ კოდორის ხეობა და თავი გავწირეთ, მე აქ არ მიცხოვრია, არც ბინა მაქვს, არც კარი, ახლა ჩემს გოგოსთან ვარ შეკედლებული, ჩემი ბავშვები ხან სად არიან, ხან სად. არაფერი გამაჩნია, კუთვნილი სახლიც არ მისცეს ჩემს გოგოს. არადა, ხომ უნდა მიეცათ, ლტოლვილები იყვნენ უკვე ისინი, უსახლკაროდ დარჩენილები. ჩვენი საბუთებიც კი გააქრეს.
იმ პერიოდში საუბრობდნენ, რომ თქვენმა ძმამ და შვილმა აფხაზეთს შეაფარეს თავი.
- მე თვითონ არ ვიცი, ჩემი ძმა როგორ და რანაირად წავიდა, მაგრამ, მე მგონი, როდესაც ყოფილი ხელისუფლება მოლაპარაკებული იყო რუსებთან თუ ვიღაცასთან, მათ გამოიტყუეს და რაც მოხდა, მე აღარ ვიცი. უკვე რამდენი ხანია, ჩემი ძმა არ მინახავს. ჩემი შვილი კი ტყე-ღრე დადიოდა, მას მისდევდნენ თვითმფრინავები, სპეცნაზი, ამ დროს ჩემს ბიჭსა და ძმას დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ აფხაზეთში. მანამდე უკვე მშვიდობის ხიდი იყო ჩვენსა და აფხაზებს შორის გახსნილი. აფხაზები ამბობდნენ, ჩვენ ის ადამიანები გვიყვარს, ის ვაჟკაცები და ის პატრიოტები, რომლებიც თავიანთ მიწას და თავის ერს არ ღალატობენო. თქვენ ხართ ის უღალატო ხალხი, რომლებმაც თქვენი მიწა დაიცავით, მერე რა, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიეთ, უნდა გაგეწიათ, ამიტომ თქვენ ხართ სანდო ხალხიო.
ამდენად, შესაძლოა, თქვენებმა აფხაზეთშიც იპოვეს თავშესაფარი, ყოფილ ხელისუფლებას რომ დასხლტომოდნენ?
- ამჟამად იქ არის ჩემი ბიჭი, მეც სოხუმში ვიყავი, ათი დღე იქ ვიყავი და ახლა ჩამოვედი. იცით, როგორი სითბო მივიღე და პატივისცემა? აფხაზი პარლამენტარები მოვიდნენ, მნახეს. ერთადერთი, აქეთ გადმოსვლა ჭირს, რადგან საერთაშორისო პასპორტი უნდა გქონდეს აქ გადმოსასვლელად, იქ პასპორტებს არ იძლევიან.
მაშინ თქვენი ოჯახის ფაქტორიც შეიძლება გამოეყენებინათ აფხაზებთან შესარიგელბლად?
- ისინი მაშინაც იყვნენ შემოსულნი ხეობაში აფხაზეთის პასპორტებით, შეახვედრა ჩემმა ბიჭმა. იცით, რა ზეიმი იყო? მაგათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ უნდოდა ყოფილ ხელისუფლებას ეს ყველაფერი, თორემ ახლა აფხაზებთან შერიგებულები ვიქნებოდით. მაგრამ კრიმინალად ჩაგვითვალეს ყველაფერი.
თქვენ სარჩელი სტრასბურგშიც შეიტანეთ.
- დიახ, შეიტანა სარჩელი ჩვენმა ადვოკატმა. შემდეგ ქალბატონმა თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომ ნორა კვიციანმა უსამართლობის მთელი სერია იწვნია და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ მის სარჩელს უკან გამოვითხოვ და პირადად მივხედავ ამ საქმესო. ახლა რომ შევხვდი ქალბატონ თეას, ვკითხე, მაქვს გარანტია, რომ სამართალს ვიპოვი-მეთქი?! ჩვენი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და გადაიხედოს ეს საქმე, მით უმეტეს, უკვე გამოძიებულია ჟურნალისტური ძიებით, სახალხო დამცველის მიერ, საერთაშორისო კვლევით - ყველანაირი დასკვნა მაქვს. ყველაფერს ხაზს ხომ არ გადაუსვამენ ესენი? მაშინ, როცა პიარს იკეთებდნენ და ყველა აქციაზე, ყველა პოლიტიკურ გამოსვლაზე აცხადებდნენ, პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი, მაია თოფურია და სხვები დღედე არიან მძევლები და დღემდე ციხეში არიანო, დღეს რატომ უნდა შეგვიქმნან პრობლემები და ნასამართლეობა არ უნდა მოგვიხსნან?! რატომ გვაქვს სახვეწარი პოლიტპატიმრის სტატუსის აღდგენა, მაშინ, როცა თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ამ საქმით.
ადამიანურ დონეზე, როგორი რეაქცია გაქვთ მათ მიმართ, ვინც ხელი დაგადოთ უკანონო ფორმირების შექმნაში?
- გეტყვით ამას. როდესაც ამიყვანეს, გავიდა თვეები და მაშინ ადვოკატმა მითხრა, თუ შენი ბიჭი და შენი ძმა ჩაბარდებიან, შენ გაგათავისუფლებენო. ჯერ ვიტირე, ვუთხარი, ეს რა მითხარი, საერთოდ, თავისუფალი სიცოცხლე მინდა-მეთქი? ბედნიერი ვიყავი, რომ მათ მაგივრად ვიყავი დაჭერილი. კამერაში რომ შევედი, ძალიან ცუდად გავხდი, დავიჩოქე და ვთხოვე უფალს, მათი ტვირთი ჩემზე გადმოიტანე-მეთქი, უკვე ყველა სასჯელისთვის მზად ვიყავი, ჩემთვის არ არსებობდა თავისუფლება, რომ ამაზე მეფიქრა. მაშინ ვთქვი, ოღონდ ჩემი ლოცვები მიეღო უფალს, მე არავის დავემდურებოდი. ეს ჩემთვის ვთქვი, უფალს უყვარს მიტევება, შენდობა, დღემდე ამას ვფიქრობ და არც ჩემებს მივეცი უფლება და იქიდან დავურეკე. როცა გამოვედი, ვინც იქ იყო, ყველას ჩავეხუტე, ვუთხარი, მე შეგინდობთ ყველას, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალისგან, მე მადლიერი ვარ, რომ მომისმინა უფალმა და გადამირჩინა შვილიც, ძმაც, ეს არის ჩემთვის ბედნიერება. უფლისგან მაქვს ეს ბედნიერება, თორემ, საერთოდ, ყველამ გამწირა-მეთქი. თუმცა, როცა მართალი ხარ და სიმართლე გაქვს, მაშინ ღმერთი შენთან არის.
იმ სვანების მიმართაც არ გაქვთ წყენა, ვინც თქვენ ბრალი უსამართლოდ დაგდოთ და ციხისთვის გაგწირათ?
- არავის მიმართ. ყველას შევუნდე და ჩავეხუტე, მიუხედავად იმისა, თუ რა ჩვენებები ჰქონდათ მიცემული. თან კიდევ, ჩემს ბიჭსაც რომ მისდევდნენ, ვინც ახლდა ძებნაში, ეს ყველაფერი ძალით იყო, შიშით იყო, ამიტომ არავის ვემდური, ღმერთმა შეუნდოს სუყველას, მე ყველას ყველაფერს ვაპატიებ.
თვითონ ემზარ კვიციანი და თქვენი შვილი ყოფილ ხელისუფლებას რომ ჩაბარებულიყვნენ, შეიძლება, დღეს ცოცხლები არც ყოფილიყვნენ?
- ჩემს მტერს, დიდება უფალს, იმ ხელისუფლების ხელში რომ არ ჩავარდნენ. ხომ ნახეთ, პატიმრობაში ხალხი რა დღეში ჰყავდათ? ისინი სულ სხვა კაცები არიან, სულ სხვა ბიჭები. მადლობა უფალს, ეს იყო ჩემთვის ბედნიერება. თავიდან 18 წელი რომ გამომიტანა პროკურორმა, მე წარბიც არ შემიხრია, ამისთვის მზად ვიყავი. მერე ვუთხარი, თუნდაც 25 წელი იყოს, რაც გინდათ, ის მიყავით, მე ერთი ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ და ამისთვის მზად ვარ-მეთქი.