საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და ნიკოლაი მლადენოვი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი იმყოფებიან.
დღეს, ევროპის ქვეყნების დელეგაციები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა შვედეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის დელეგაციებს ახალი მთავრობის საგარეო კურსი, თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და სამინისტროს ახალი პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე, ქვეყნებს შორის სამომავლო სამხედრო თანამშრომლობას, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ISAF-ის მისიაში მონაწილეობის საკითხებს.
„ჩვენ ვართ ნატოს პარტნიორები ავღანეთში. აქედან გამომდინარე, განვიხილეთ საქართველოს, ნატოს და ამ პარტნიორი ქვეყნების ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგია. ევროპელ სტუმრებს გავაცანით ძირითადი ხედვა, თუ როგორი ადაპტაცია და ცვლილებები იქნება თავდაცვის დოქტრინაში, როგორ განხორციელდება სამოქალაქო კონტროლი და რეალურად, როგორ წვლილს შეიტანს თავდაცვის უწყება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ რეზერვზე, ვინაიდან ესა საკითხი თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რეზერვის სფეროს რეფორმირება კი არა, პრაქტიკულად ახლიდან შექმნა გვაქვს დაგეგმილი. ამ საკითხზე ჩვენ გავქვს ნორვეგიასთან საუბარი, მაგრამ არა შვედეთთან" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრი იარაღის შესყიდვის თემასაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვითი შეიარაღების შეძენაში აშშ-ის მხრიდან შეზღუდვა არ არის და გეგმით რაც იყო დაგეგმილი, განხორციელდება და დაიწყება იმპლიმენტაცია. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრაზე საუბარი იარაღის შესყიდვაზე არ ყოფილა.