ჩეჩნეთის რესპუბლიკის გუდერმესის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს პერსონალმა, რომლებიც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე საუბრობდნენ, ბოდიში მოიხადეს. რუსული მედიის ცნობით, მათი მიმართვა ტელეკომპანია Грозный-მ გაავრცელა.
რამდენიმე დღის წინ ექიმებმა აუდიო და ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანების და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების დეფიციტზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ამ ყველაფრის ყიდვა თავად უწევდათ. საავადმყოფოში ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი, მაგომედ დაუდოვი მივიდა, რის შემდეგაც თანამდებობიდან საავადმყოფოს მთავარი ექიმი გაათავისუფლეს. დაუდოვის თქმით, მთავარმა ექიმმა ვერ აუხსნა პერსონალს, რომ საავადმყოფო ჯერ მხოლოდ ემზადება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად და ამ ეტაპზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს არ საჭიროებს.
გამოცემა Кавказский узел-ის ცნობით, 15 მაისს საავადმყოფოდან პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ექიმი-რენტგენოლოგი ზაურ ბორჩაშვილიც გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ექიმებმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს მიმართეს და მათი კოლეგის სამსახურში დაბრუნება სთხოვეს.
იმავე დღეს ტელეკომპანია Грозный-მ ექიმების პროტესტს უმიზეზო პანიკა, მის მონაწილეებს კი პროვოკატორები უწოდა. ეთერში გავიდა საავადმყოფოს საწყობში გადაღებული კადრები, სადაც სამედიცინო ნიღბების და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების ყუთები ჩანს, თავად ექიმებმა კი ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ ამ მარაგის არსებობის შესახებ არ იცოდნენ.