საქართველოს ვეტერანები ერთიანდებიან, ყველა წყენასა თუ მტრობას ივიწყებენ და ერთად აპირებენ საკუთარი უფლებების დაცვასა და ქვეყნის გამთლიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ამის შესახებ განცხადება მათ for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს. პრეს-კონფერენცია ვეტერანთა რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივად გამართა. ესენი არიან, „ძალოვან ვეტერანთა ერთიანი ლიგა“, „ავღანელთა კავშირი“, „აფხაზეთის ვეტერან მეომართა კავშირი“ და „მხედრიონელების კავშირი“.
ვეტერანები აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს 15.00 საათზე ე.წ. ჭადრაკის სასახლეში ომის ვეტერანთა გაერთიანებული შეხვედრა ჩატარდება, სადაც ვეტერანები ყველა დაინტერესებულ პირს ეპატიჟებიან.
„ჩვენ, სხვადასხვა ვეტერანთა ორგანიზაციებმა, მათ შორის სამოქალაქო ომის დროს დაპირისპირებულმა ძალებმა, მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ სამშობლოს კეთილდღეობა, მისი ღირსება ყველაზე მაღლა დავაყენოთ, დავჯდეთ ერთად და გადავწყვიტოთ ის საჭირბოროტო საკითხი, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. ვაპირებთ პირდაპირი დიალოგის დაწყებას ოს და აფხაზ ომის ვეტერანებთან. გარდა ამისა, ჩვენი გაერთიანებით კიდევ ერთხელ გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ ძალა ერთობაშია და ერთად დგომით უფრო ადვილად გადავწყვეტთ იმ პრობლემას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია“, - ამბობს ძალოვან ვეტერანთა ერთიანი ლიგის თავმჯდომარე, გია ბერძენიძე.
მისი თქმით, ვეტერანებს დღეს მიეცათ შანსი, რომ გაერთიანდნენ და ამით ყველას მაგალითი მისცენ. ასევე, ვეტერანებს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან მშვიდობიანი თანაარსებობის და მათთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა აქვთ. გია ბერძენიძის განცხადებით, გაერთიანდა ვეტერანთა 14 ორგანიზაცია, რომელთა შორის ძირითადად წარმოდგენილები არიან თავდაცვისა და ეროვნული გვარდიის დანაყოფები, აფხაზეთის შს სამინისტრო და სამხედრო დანაყოფები, ცხინვალის რეგიონის ვეტერანული ორგანიზაციები, ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის ვეტერანები, საქართველოს მხედრიონი, ქართლის ლეგიონი, ავღანელთა კავშირი და ა.შ.
ქართველი ვეტერანები ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის მოსვლას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ახალ ხელისუფლებასთან მიეცემათ საშუალება ისეთ თემებზე ითანამშრომლონ, რომლებიც ვეტერანებს აწუხებთ. ეს არის მათი სოციალური უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, დასაქმება, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ა.შ. ამასთანავე, ვეტერანები მზადყოფნას გამოთქვამენ, ახალ ხელისუფლებასთან აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების საკითხშიც ითანამშრომლონ.
გია ბერძენიძე აღნიშნავს, რომ ვეტერანებმა გაერთიანებისთვის ყველაფერი გააკეთეს.
„ჩვენ გვქონდა საუბრები დაპირისპირებულ მხარეებთან. კერძოდ, ვესაუბრეთ ბატონ გია ყარყარაშვილს, ბატონ ლოთი ქობალიას, მათ მეომრებს და ამ ადამიანებისგან ერთიანობის მზაობა არის, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით. მათ თავიანთი ქვეყანა ყველაფერზე მაღლა დააყენეს. ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი და თუ ერთმანეთს არ შევურიგდით, ვერც აფხაზებს და ვერც ოსებს შერიგებაზე ვერ დაველაპარაკებით. რამდენიმე ჩვენგანს პირდაპირი კავშირები აქვს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ეს კავშირები ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ“, - აღნიშნავს გია ბერძენიძე.
„აფხაზეთის ვეტერან მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე, დავით გულუა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად შიდა დაპირისპირებებია.
„ყველას დაავიწყდა, რომ საქართველოს გადარჩენა და წინსვლა ეროვნულ თანხმობაშია. ჩვენ, ვეტერანები, მათ, ვინც საქართველოსთვის სისხლი გავიღეთ, ვდგამთ ნაბიჯს და ვაჩვენებთ ყველას, მიუხედავად იმისა, ბარიკადის რომელ მხარეს ვიყავით წლების წინ, ჩვენ ვჯდებით და ვიწყებთ ფიქრს იმაზე, როგორ დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს, როგორ დავეხმაროთ ვეტერანებს და ჩვენს ხალხს, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ წავიდეს. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც თავისი ემიგრანტები არჩენენ, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი გაყიდა და მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ გავერთიანდეთ და ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ“, - ამბობს დავით გულუა.
„ავღანელთა კავშირის“ თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური კი ვეტერანების სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, იმისთვის, რომ ვეტერანულმა მოძრაობამ ქვეყნის გამთლიანებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, პირველ რიგში, თავად ვეტერანები უნდა გაერთიანდნენ. კახნიაური ამბობს, რომ 14 დეკემბრის შეკრება სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ ყველა ვეტერანული მოძრაობა ერთად შეიკრიბოს და მოქმედების ერთიანი გეგმა დასახოს, ანუ განსაზღვროს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში.
„როდესაც აფხაზებსა და ოსებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება, რომ მათთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი რუსეთია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ავღანელთა კავშირთან და ის დღეს რუსეთის ხელისუფლებაში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა. ამიტომ ვაპირებთ, რომ რუსეთის ავღანელებს და ზოგადად ვეტერანებს შევხდეთ. ასევე შევხდებით აფხაზეთისა და ოსეთის ვეტერანებს. ჩვენი გაერთიანება იქნება მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დაპირისპირებული მხარეების გაერთიანება“, - აცხადებს ნუგზარ კახნიაური.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის აფხაზებსა და ოსებში ამგვარი მოლაპარაკებებისთვის მზაობა, „აფხაზეთის ვეტერან მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე დავით გულუა ამბობს, რომ აფხაზები ამისთვის ყოველთვის მზად იყვნენ.
„არ მინდა ყველაფერზე კონკრეტულად ვისაუბრო, მაგრამ თუ ასეთი მოლაპარაკებები ჩაიშალა, ეს მხოლოდ ჩვენი წინა და იმის წინა ხელისუფლებების ბრალია. პოლიტიკოსებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ გაერთიანება მათ რაღაც პოლიტიკურ მიზნებს ხელს უშლიდა. ამიტომ აფხაზების მოლაპარაკებებისთვის გამოწვდილ ხელს, საქართველოს ხელისუფლებამ იგივეთი არ უპასუხა. თუნდაც შარშან აქ აფხაზი ვეტერანები და შვილმკვდარი დედები იყვნენ ჩამოსულები და ჩვენს წინა ხელისუფლებას ეს რატომღაც სულ არ გახარებია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ვიღაცისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისკენ საერთოდ არ გაიხედავდნენ“, - აღნიშნავს გულუა.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ბევრი ისეთი ნორმაა, რომელიც აფხაზებსა და ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. ამიტომ ვეტერანთა ორგანიზაციებს ქართულ კანონმდებლობაში ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად რამდენიმე კანონპროექტი აქვთ შემუშავებული.