„ინფექციურ დაავადებებზე ყურადღება ცოტა მოდუნდა მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა POSTV-ს ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მზადყოფნის რეჟიმი მუდმივად უნდა იყოს და კორონავირუსმა ჭკუა ასწავლა მსოფლიოს და თითოეულ ჩვენგანს, რომ მზადყოფნა აუცილებელია.
„დღეს, როდესაც გვეუბნებიან, როგორ მოხდა, რომ სხვასთან შედარებით ასეთი ცოტა შემთხვევაა საქართველოში, ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ მზადება და პასუხი ძალიან სწრაფად დავიწყეთ, უკვე იანვრის შუა რიცხვებში. პირველ ეტაპზე დომინირებდა შეხედულება, რომ ეს ჩინეთშივე ჩაქრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა ძალიან განვითარებულია და ალბათ, 21-ე საუკუნის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიცოცხლის მეცნიერებები იქნება, რადგან ტექნოლოგიები, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, მსოფლიო უძლური აღმოჩნდა. დათვლილია, რომ ადამიანის ბილოგიური პოტენციალი სიცოცხლის დაახლოებით 130-140 წელია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ უფრო იზრდება, განვითარებულ ქვეყნებში ის ავიდა 82-83 და 84 წელზეც, ეს კიდევ მოიმატებს.
ყველაზე მთავარი დაავადებები, რომელიც ავადობას და სიკვდილიანობას იწვევს, ინფექციური დაავადებები აღარ არის. ეს მთავარი იყო მეცხრამეტე საუკუნესა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. დღეს სხვა დაავადებებია წინა პლანზე - გულის კუნთის ინფარქტი, სიმსივნე, დიაბეტი, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ამაზე მოდის სიკვდილიანობის 65 პროცენტი, მაგრამ ეს დაავადებები არის არა მორჩენადი, არამედ მართვადი - თქვენ ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობთ. ინფექციურ დაავადებებზე ყურადღება ცოტა მოდუნდა მთელ მსოფლიოში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტებში მომავალი 5 წლის განმავლობაში სამი მთავარი პრიორიტეტია - ჯანმრთელობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მეორე - გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეებზე მზადყოფნა - მზადყოფნის რეჟიმი მუდმივად უნდა იყოს და კორონავირუსმა ჭკუა ასწავლა მსოფლიოს და თითოეულ ჩვენგანს, რომ მზადყოფნა აუცილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.