პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი ვერ იქნება. ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა მივმართო საზოგადოება, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად მისაღები ვერ იქნება და შესაძლოა ვერც მაპატიონ. სანამ ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების შემდეგ, დღეს, საბედნიეროდ, დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ. პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი ვერ იქნება. ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელია და უნდა დასრულდეს. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.