მუშევანი სამწუხაროდ ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV“- ის ეთერში განაცხადა.
„ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.