ეკატერინე ტიკარაძე: ბოლნისის რეგიონი საყურადღებოა და არის მოლოდინი, იქ ღონისძიებები გავამკაცროთ

ეკატერინე ტიკარაძე: ბოლნისის რეგიონი საყურადღებოა და არის მოლოდინი, იქ ღონისძიებები გავამკაცროთ

ბოლნისის რეგიონი კვლავ საყურადღებოდ დარჩება და არის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებში იქ 10 და 10-ზე მეტი ინფიცირებულის რაოდენობა იქნება, ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის “ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლნისის რეგიონი არის საყურადღებო და შესაბამისად იქ აქტიური მუშაობა გრძელდება.

„15 ახალი დაინფიცირებული ქვეყნის მასშტაბით დიდი გავლენას არ მოახდენს, თუმცა ბოლნისის რეგიონი არის საყურადღებო და შესაბამისად ჩვენ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ. ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ დღეების მანძილზე კვლავ ინტენსიურად გააგრძელებენ საველე სამუშაოებს, რის შედეგადაცა ჩვენ ვიკვლევთ ამ რეგიონში მოსახლეობას. თუ შემდეგ დღეებში 10 და 10-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა იქნება, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ და კვლავ დავტოვებთ იმ არსებულ მდგომარეობას, რომელის დღეს გვაქვს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.