კიდევ მიდის დამატებითი კვლევები და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე. გამოცხადდება, რომელი სოფლებია. საუბარია ორ სოფელზე. ამ ეტაპზე 15 ადამიანს აქვს დადასტურებული COVID-19. კიდევ მიდის დამატებითი კვლევები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლნისის ორი სოფელი მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოკვლეული და ტესტირება გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ წინა კვირაში მარნეულში ჩავატარეთ გაფართოებული ტესტირება, 1600-1700-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგინდა. ასევე, შემდგომი ნაბიჯი გვქონდა, რომ უნდა გამოგვეკვლია ერთი სოფელი, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული ბოლნისში, სადაც გვქონდა ყველაზე მეტი შემთხვევა ადრე. ამიტომ იმ სოფლის მოსახლეობა და კიდევ მასთან მიმდებარე სოფელი იქნა გუშინ გამოკვლეული, მაგრამ სრულად არა, ნაწილობრივ და იქ ხვალ კიდევ გაგრძელდება კვლევები. იგეგმება მთლიანად სოფლის მოსახლეობის კვლევა. გუშინ ჩატარდა დაახლოებით 140 ადამიანზე ამ ორ სოფელში და გრძელდება ეს კვლევები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.