ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა სხვა რესურსი ამოიწურა და დარჩა ორი: ფინანსური ნაკადები, რომელსაც ხელისუფლება ელოდება უცხოეთიდან და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერეპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ამ ორ ფაქტორს შეიძლება გაუწიოს ხელისუფლებამ ანგარიში.
მისივე თქმით, ასეთი მკაცრი განცხადებების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში კულუარული მოლაპარაკებები იმართება და ხელისუფლება სწორედ ამ მოლაპარაკებებს ელოდება იმისთვის, რომ ნახოს, რამდენად რეალური შეიძლება გახდეს ის განცხადებები, რომელიც ახლა კეთდება.
„თუ ხელისუფლება თვლის, რომ საქმე ჯერ იქამდე არ არის მისული, რომ ეს განცხადებები რეალობად იქცეს, მაშინ, რა თქმა უნდა, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს, მაგრამ თუ ხელისუფლება მიხვდა, რომ რეალურად ეს მუქარა კი არ არის, არამედ რეალურად განხორციელდება ფინანსების შეზღუდვა, მაშინ რა თქმა უნდა, ის წავა დათმობებზე, სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა მიტინგები ატაროს ოპოზიციამ, ეს შედეგს არ გამოიღებს, რადგან არც ხელისუფლებას აქვს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა და არც ოპოზიციას. ამ ვითარებაში გარე ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი მკაფიო და მკაცრი განცხადებების შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, ეს არის კულუარული მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებებს ელოდება, როგორც ჩანს, ხელისუფლება და თვლის, რომ ამ მოლაპარაკებებიდან უფრო ზუსტად გამოიტანს დასკვნას, რამდენად შორს არიან წამსვლელნი (პარტნიორი) ქვეყნები ამ საკითხებთან დაკავშირებით,“- აცხადებს ძაბირაძე.
მისივე თქმით, დასავლეთს და აშშ-ის ახლა ზეწოლის სწორედ ეს ორი მნიშვნელოვანი მექანიზმი აქვს: ფინანსური დახმარება და არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის საკითხი, თუმცა, პრობლემას ამ მიმართულებით ოპოზიციის რეიტინგი წარმოადგენს.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ოპოზიციას ისეთი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში, რაც ჰქონდა 2012-ში „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2003-ში, როცა შეიცვალა ხელისუფლებები. ეს პრობლემა არის როგორც ოპოზიციისთვის, ასევე, დასავლელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი არის სწორდ ფინანსური ნაკადების შემცირება, თუ ხელისუფლება ნახავს, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნება, შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი და წავიდეს დათმობაზე“,- აღნიშნავს ძაბირაძე.
რაც შეეხება ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე ქვეყნის იმიჯს, როგორც ძაბირაძე ამბობს, „თუ ამ მხრივ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას რაიმე აწუხებდა, რეაგირება იქნებოდა“. მისივე თქმით, რამდენჯერმე დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირბით, პანდემიის ფონზე ხომ არ იქნება ყურადღება მოდუნებული ქვეყნის მიმართ, თუმცა, ეს არასწორი მსჯელობაა.
„ქართული ოცნება“ უნდა მიმხვდარიყო, რომ პანდემიის მიუხედავად, ეს პრობლემა ასე მარტივად ვერ გადაწყდებოდა, ეს უნდა სცოდნოდა, რომ ქვეყანა, რომელსაც სტრუქტურული დემოკრატია აქვს და სადაც სტრუქტურები მუშაობენ, ასე არ იქცევა, რომ ყველამ თავის საქმე მიატოვოს და პანდემიაზე გადაერთოს. არ იქნება ასე, საქართველო ყურადღების ცენტრში იქნება,“- აღნიშნავს ძაბირაძე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის კანონის უზენაესობის კუთხით.