საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება. მოლაპარაკებებს შვეიცარია უმასპინძლებს, რუსეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ქართული მხრიდან კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.
ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გადახედვა, ასევე პირდაპირი დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. მისივე შეფასებით, მისასალმებელია რუსული მხარის განცხადებაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული რეისების აღდგენის შესახებ, თუმცა, როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც მოსკოვს მეზობლებთან და მათ შორის საქართველოსთან ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ავალდებულებს.
შეგახსენებთ, რომ ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას დაემატა სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივა, მოლაპარაკებები დაწყებულიყო რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების შესახებ. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ქართული ღვინის რუსეთის ტერიტორიაზე დაშვების თაობაზე მუშაობა დაწყებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის განმარტებით, დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს რუსეთის სანიტარიული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს მოთხოვნებს - სახელმწიფოს ხელი არ შეეშალა მსურველთათვის, აგრეთვე მისი სამსახურის ექსპერტებს დაინტერესებული საწარმოები ადგილზე უნდა მოენახულებინათ.
ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ არავითარი ხელჩასაკიდი საბუთი და მტკიცებულება არ ჰქონდა, რომ რუსეთის ბაზარი უეჭველად გაიხსნებოდა. თუმცა, ახალ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანას ხელისუფლება უშლიდა ხელს. რა შანსები არსებობს იმისათვის, რომ ქარული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნას, რა სახის პროდუქციას შევთავაზებთ რუსეთს და როგორია პერსპექტივა, ამ თემაზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება.
ბატონო სანდრო, ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ვაჭრობასა და მიმოსვლასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოლაპარაკებების დაწყება, თქვენი შეფასებით, რამდენად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი?
- არ მგონია, ახლო მომავალში, დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში რამე ხელშესახები მოხდეს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ლაპარაკი რეალურად, ეს არის ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე და სავიზო რეჟიმის ჩვენთვის ოდნავ შემსუბუქება. მეტს ვერაფერს ხელშესახებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუმცა, ისიც რაზედაც ვილაპარაკე, სათუოა. ლაპარაკი, მოლაპარაკებები, შეხვედრები იქნება, მაგრამ ამ შეხვედრებს უახლოეს მომავალში არანაირი ხელშესახები შედეგი არ მოჰყვება.
ქართული მხარე ერთ-ერთ სალაპარაკო საკითხად მოიაზრებს საქართველოს მხარდაჭერას რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ამ ფარგლებში მოსალოდნელი იქნება თუ არა, საქართველომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს?
- არ მგონია. ხომ ნახეთ, რომ რუსეთმა ამერიკული ხორცისთვის რუსეთში ბაზარი გადაკეტა, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის სტატუსის პირდაპირი დარღვევაა. ვიცით, რომ ეს „მაგნიტსკის საქმეზე“ პასუხი იყო. („მაგნიტსკის აქტი“ - ადამიანის უფლებების დამცველთა საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც იურისტ სერგეი მაგნისტკის პატიმრობაში ტრაგიკულ სიკვდილსა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებში დამნაშავე რუსეთის შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციებს აწესებს). მეჩვენება, რომ თუ ასე გააგრძელა რუსეთმა, გარიცხავენ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციიდან.
რუსეთი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ამას პოლიტიკურ ხასიათს აძლევს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია ეკონომიკურ პროექტებს მოიცავს. რუსეთი პოლიტიკას და ეკონომიკას ერთმანეთისაგან არ ანსხვავებს და ეს მისი დიდი შეცდომაა.
შეიძლება ითქვას თუ არა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ყინული გალღვა თუ ეს უბრალოდ პოლიტიკური განცხადებებია, იმ მოტივით გაკეთებული, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ ჩათვალოს, თითქოს, რუსეთი დუმს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ?
- არავითარი ყინული არ გალღვა. ეს მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციებია. მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი აცხადებდა, რომ მზად არის დიალოგისთვის ყველასთან მიხეილ სააკაშვილის გარდა. ახლა ისინი მზად იქნებიან, შეხვდნენ საქართველოს მთავრობას და ელაპარაკონ მას. მაგრამ რუსეთს სავსებით აწყობს სტატუს-ქვო და ოლიმპიადამდე არავითარ ძვრას არ ველოდები.
როდესაც ლაპარაკია ქართული პროდუქციის რუსეთში გატანაზე, რა პროდუქცია შეიძლება მოვიაზროთ, ყველაფერი თუ მხოლოდ მინერალური წყალი?
- მხოლოდ მინერალური წყლები და ღვინო.
ის მოლოდინიც არსებობს და ითქვა კიდეც რუსული მხრიდან, რომ საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზეც იქნება ლაპარაკი...
- იმდენად გაჯერებულია იაფი მაროკული პროდუქციით რუსული ბაზარი, რომ არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. არ ვფიქრობ, რომ პირველი 5-7 თვის განმავლობაში რაღაც შეიცვლება. თუმცა, ამის შემდეგაც, რუსეთთან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება და ნებისმიერი ლოგიკური სქემის აწყობა შეუძლებელია, რადგან ის თავის პოლიტიკაში აბსოლუტურად გაუგებარი ინტერაქტივებით ხელმძღვანელობს.
როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა აიკრძალა, ონიშჩენკო იმით ამართლებდა რუსეთის პოზიციას, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს...
- აბსოლუტური ტყუილია. ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაცული არის ევროკავშირის ბაზარი. თუკი ქართული პროდუქცია გადიოდა აშშ-სა და ევროპის ბაზარზე, პატარა პარტიები, მაგრამ მაინც ხომ გადიოდა და ხარისხის გამო არანაირი დაბრკოლება არ შექმნია. ამ შემთხვევაში, ონიშჩენკოს არგუმენტები ტყუილია.
რაც შეეხება აშს-სა და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე ეს მიმართულება უფრო პერსპექტიულად გამოიყურება?
- რასაკვირველია, განსაკუთრებით აშშ-სთან ამ ხელშეკრულების გაფორმებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება. ევროკავშირში შესვლას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რადგან ვიცით, რომ ეს ბაზარი გაჯერებულია, ამიტომ, აშშ-ს ბაზარზე შესვლას საქართველოსთვის ბევრად დიდი მნიშვნელობა ექნება.
რა პროდუქციის გატანაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, წარმოებაში საქართველო მეტისმეტად მოიკოჭლებს...
- ბევრ რაღაცაზე, თუნდაც ფერომანგანუმზე, სილიკომანგანუმზე შეიძლება ლაპარაკი, შეიძლება ასევე ლაპარაკი სხვა ტექნოლოგიურ პროდუქციაზე და ა.შ. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან რთული და პროფესიული ნაბიჯების გადადგმა ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. ამას სჭირდება ამერიკის ბაზრის სტრუქტურების შესწავლა შტატების მიხედვით, ამ ბაზრებზე ნიშების მონახვა, სადაც შეიძლება ქართულმა პროდუქციამ თავისი წილი დაიმკვიდროს. შესაბამისი მარკეტინგული და სარეკლამო მუშაობა და ა.შ. ეს მრავალმხრივი, ძალიან რთული და პროფესიული სამუშაოა.
ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ რუსული ბაზარი არის ყველა ქვეყნისთვის საოცნებო ბაზარი და ჯობდა, საქართველოს ამ მიმართულებით ემუშავა...
- მეჩვენება, რომ ასეთმა მიდგომამ არ გაამართლა. ამერიკელი და ევროპელი მარკეტოლოგები ფიქრობდნენ ასე, რომ რუსეთში არის 160 მილიონი ადამიანი, რუსული პროდუქცია არის დაბალი ხასრისხის და, რომ შევიტანოთ მაღალი ხარისხის ევროპული ან ამერიკული პროდუქცია, ადვილად გაიყიდება. როგორც წესი, ის ფირმები, რომლებიც შევიდნენ რუსულ ბაზარზე და არ შექმნეს ერთობლივი საწარმოები რუსულ კომპანიებთან, გაკოტრდნენ. არაფერი არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ რუსული ბაზარი არის ძალზე სპეციფიკური. ფული არის მხოლოდ სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. როგორც კი 50 კილომეტრით გასცდები ამ ქალაქებს, არავითარი ნორმალური ბაზარი არ შეგხვდება. მაგალითად, ვორონეჟის სუპერმარკეტებში ძალზე მცირე ასორტიმენტია პროდუქციის. თუმცა, აქ შეჩვეულები არიან ქართულ მინერალურ წყალს, ღვინოს და ა.შ.
რუსეთში უცხოურმა პროდუქციამ არ გაამართლა - ერთადერთი კომპანიაა „დანონი“ რომელმაც შესაბამისი ქარხნები ააშენა რუსეთში და რუსეთთან ერთად შესთავაზა ბაზარს რუსული ბრენდები ფრანგული ნიშნით. ასეთმა მიდგომამ გაამართლა.
თუ პოლიტიკურად საკითხი მოგვარდა, თეორიულად მაინც, საქართველოს რა შანსი ექნება, მიიღებს თუ არა რუსული ბაზარი ქართულ პროდუქციას, თუ ამდენი წლის შემდეგ მაინც გაუცხოებული იქნება?
- როცა რუსეთი ბაზარს გახსნის ძალიან ნელა, შეზღუდულად, თანდათანობით გაიხსნება. ასე არ არის, რომ დღეს გაიხსნა ბაზარი და ხვალ 100 მილიონი ბოთლი ბორჯომი შეიტანო. ვნახოთ, როგორ წარიმართება, მგონია, რომ რუსული ბაზარი ნელ-ნელა და თანდათანობით გაიხსნება.
საქართველოს თუ აქვს საექსპორტო ხილი და ბოსტნეული, რადგან რაც მოდის იმას ადგილობრივი ბაზარი ითვისებს, გარკვეული პროდუქტები გადის უკრაინაშიც...
- როგორ არ გვაქვს, ჩემმა მეგობარმა 500 ჰექტარიდან ატამი ღორებს შეაჭამა, ვერსად ვერ გაყიდა. გასატანი პროდუქცია კი გვაქვს, მაგრამ რასაც ქართველი გლეხი შეჩვეული იყო, როდესაც სატვირთო მანქანაზე დაყრიდა მანდარინს და ისე შეიტანდა, ეს ტექნოლოგიები აღარ მუშაობს. ახალი მიდგომები და ახალი სამარკეტინგო პოლიტიკა სჭირდება, ახალი შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა საწყობების შექმნა, დისტრიბუტორებთან კონტრაქტები. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.
რუსეთმა რა შეიძლება მოითხოვოს სანაცვლოდ? ხშირად ამბობენ, რომ საქართველოსგან მან უკვე მიიღო ის, რაც სურდა...
- მთლად ბოლომდე არა, მაგრამ ბევრი რამ მიღებული აქვს. ახლა შფოთის პერიოდშია რუსეთი, ვინაიდან, რასაც წინა მთავრობასთან მიაღწია, შეიძლება ამ ხელშეკრულებებს ხაზი გადაესვას. მხედველობაში მაქვს თელასის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში, მადნეულთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და ა.შ. ეს ყველფერი შეიძლება გადაიხაზოს. ამიტომ, რუსეთისათვის ახლა მთავარია, თავისი პოზიციების შენარჩუნება ქართულ ბაზარზე.
როგორ ფიქრობთ, იმ კომპანიების წილები, რასაც რუსეთი საქართველოში ფლობს, ან ის ხელშეკრულებები რაც ამ კომპანიებსა და საქართველოს მთავრობას შორის არის გაფორმებული, შეიძლება გახდეს თუ არა რუსეთთან სავაჭრო და სალაპარაკო თემა?
- როგორ არა, ხომ შეიძლება, ვიღაცამ წილები გამოისყიდოს? საქართველოში არიან მდიდარი ადამიანები და შეუძლიათ წილების გამოსყიდვა - რატომაც არა. თუმცა, არ მგონია, რომ ეს გახდეს სალაპარაკო თემა პირველ ეტაპზე.