მარინა ენდელაძე: ახლა გათამამების დრო არ გვაქვს, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ „გადავხტით“

მარინა ენდელაძე: ახლა გათამამების დრო არ გვაქვს, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ „გადავხტით“

ახლა გათამამების დრო არ გვაქვს, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ „გადავხტით“, შეიძლება ითქვას, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რეკომენდაციები მაინც უნდა დავიცვათ, რათა ვირუსის მეორე პიკი არ დაიწყოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„გასაგებია, რომ ეს რეკომენდაციები და შეზღუდვები არავისთვის არის კარგი, მათ შორის არც ჩემთვის, ამას ბევრი პრობლემა მოჰყვა, მაგრამ ამით უფრო მეტი გართულება ავიცილეთ. თუ საქართველოში ბევრი გარდაცვლილი და ბევრი მძიმე პაციენტი არ გვყავს, ნურავის ეგონება, რომ ჩვენთან სხვა ვირუსი შემოვიდა, ეს განაპირობა იმან, რომ პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია და კარგი პრევენცია მოხდა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.