„რემდესივირი“ არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება მძიმე პაციენტებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, პრეპარატზე ჯანმო მასშტაბურ კვლევას იწყებს. „დიდი აჟიოტაჟია ატეხილი რემდეისივირთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს. კომპანია „გილიარდის“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცერნი. ყველაზე ძლიერი კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში ამერიკაში. ეს პრეპარატი შეიქმნა ებოლას ეპიდემიის დროს დასავლეთ აფრიკაში 2014-15 წლებში. გამოიიყენებოდა ებოლას დროს. შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეს იანვარ-მარტში ჩინეთში დიდი ეპიდაფეთქების დროს უხანში. ყველაზე მეტი გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების აქვთ ჩინელებს.
ეს პრეპარატი დღეს გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამჟამად ეპიდემია არის. პრეპარატი სადაც ხელმისაწვდომია, იქ გამოიყენება, მაგრამ, ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით, ის რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები, რომ რემდესივირს აქვს განსაკუთრებული როლი COVID-19-ის მკურნალობაში, ანუ მას ჰქონდეს დაახლოებით ისეთი როლი, როგორც სოფოსბუვირს C ჰეპატიტის მკურნალობაში, როცა ის სრულად კურნავს და მოქმედებს ამ ვირუსზე.
არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები და ამიტომაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჩაატაროს რემდესივირზე მულტიდისციპლინური კვლევა, მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა ან რამდენად მოქმედებს ამ ვირუსზე.
ამ ტიპის კვლევას დღეს ჰქვია სოლიდარობის კვლევა, რომელსაც კოორდინირებას უწევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ის ჩატარდება ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ჩართულია საქართველოც.
როგორც ვიცი, ამ კვლევის დიზაინი დასრულებულია და მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების ტრეინინგი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა“ , - აღნიშნა გამყრელიძემ.