70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება

70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ის საკითხები წარადგინა, რომელსაც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

მათ შორისა სახელმწიფო პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პენსიის ინდექსაციას გულისხმობს. „მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრდით პენსიას, როგორც პირობა იყო მიცემული, ამის გარდა მოხდება პენსიის ინდექსაცია, რაც ნიშნავს, რომ პენსიონერებს ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსიები იმის მიხედვით, თუ რა ეკონომიკური ზრდა ექნება ქვეყანას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო ექვსი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს ხუთის ჯერად რიცხვამდე.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით, 770 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისთვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა. ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20 პროცენტი).