მადაგასკარის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყანაში კორონავირუსის წამალი გამოიგონეს, თუმცა მსოფლიო მას სკეპტიკურად მოეკიდა. ამის შესახებ France 24 წერს.
ენდრი რაჟოელინას თქმით, მსგავსი ხსნარის გამოშვება ევროპულ ქვეყანას რომ დაეწყო, მის მიმართ ასეთ სკეპტიციზმს არ გამოიჩენდნენ.
„რა მოხდებოდა, ეს წამალი მადაგასკარის ნაცვლად რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანას გამოეგონებინა? მაშინაც ასე დაეჭვდებოდნენ? არ მგონია. პრობლემა ისაა, რომ ის აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოში აწარმოეს?“, - აღნიშნა რაჟოელინამ.
მადაგასკარის ლიდერის განმარტებით, სითხე არტემიისგან არის ნაწარმოები, მცენარისგან, რომელსაც ანტიმალარიული თვისებები აქვს. რაჟოელინა ირწმუნება, რომ წამალი პაციენტს 10 დღეში კურნავს.
ტონიკი სახელწოდებით Covid-Organics არტემიზისგან მზადდება. ეს მცენარე შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც მალარიის მკურნალობისას გამოიყენება. მადაგასკარზე პრეპარატი 20-ზე ნაკლებ ადამიანზე, 3 კვირის განმავლობაში გამოსცადეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, ორი ადამიანი ვირუსისგან განიკურნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრეპარატის ეფექტიანობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ყველას მოუწოდებენ, თვითმკურნალობას თავი აარიდონ, მაგრამ, გაფრთხილების მიუხედავად, Covid-Organics-ი აფრიკაში პოპულარული ხდება. პრეპარატს კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ უკვე ტანზანიაშიც იყენებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
შესაძლოა არც გამოიღონ, პატარა მოცულობის ბოთლი ჩანს და ალბათ ესიამოვნებათ...