რამდენიმე ფაქტორის გამო, კორონავირუსის მეორე ტალღა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე - პირველი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც პირველი ტალღა დაიწყო, ჩვენ არ ვიცოდით ეს რა იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამისთვის მზად არავინ იყო. ბოლომდე არ ვიცოდით, როგორ უნდა გვებრძოლა ამ ვირუსთან. ზოგადად, მთელ საზოგადოებას არ გვქონდა ჩვევები, როგორ უნდა გვეცხოვრა. ახლა, როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე - თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლებად მზად ვართ, ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, როგორ დავიცვათ დისტანცია. ამასობაში შეიქმნება ეფექტური მედიკამენტები, წამოგვეწევა ვაქცინა. ამიტომ მეორე ტალღა რომც იყოს, ჩვენ, მთელი საზოგადოება და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო მომზადებული შევხვდებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ. ერთი - იმის გამო, რომ ჩვენ ვართ მზად და მეორე - ამ პერიოდში ვაქცინაც შეიქმნება“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.