ჯანმო-ს განმარტება: რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი ზედაპირზე?

ჯანმო-ს განმარტება: რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი ზედაპირზე?

COVID-19 სხვადასხვა ზედაპირზე სხვადასხვა პერიოდს ცოცხლობს, რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე. ყველაფერი ზედაპირზე და გარემოზეა დამოკიდებული. ამიტომ დეზინფექცია და ხელების საპნით დაბანა ძალიან აუცილებელია. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

"ამ თემაზე ძალიან ბევრი კვლევა ტარდება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, რომ ვირუსი ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს. რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე. ამიტომ საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ზედაპირი, რომლის სიახლოვეს მუდმივად დადიან ადამიანები, ინფიცირებული ზედაპირია. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ მუდმივად ხელების დაბანის აუცილებლობაზე", - განაცხადა გარისმა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით დეზინფექცია საკვანძო ფაქტორად რჩება.

მარგარეტ ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ თუკი მანამდე სახლში დარჩენა აუცილებლობას წარმოადგენდა, ახლა ყველას ახლებურად ცხოვრების სწავლა მოუწევს. თავდაცვის ყველაზე ეფექტურ მეთოდებად ისევ კარგი საერთო ჰიგიენა, ხელის სწორად დაბანა და სოციალური დისტანცია რჩება.

მას შენობებზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც ჰარისმა უპასუხა, რომ შენობებში პერიოდული განიავება აუცილებელია.