„ტაგესცაიტუნგი“: დაუვიწყარია სააკაშვილის ურიცხვი კურიოზული გამოსვლები უკრაინაში მისი გასტროლის დროს

„ტაგესცაიტუნგი“: დაუვიწყარია სააკაშვილის ურიცხვი კურიოზული გამოსვლები უკრაინაში მისი გასტროლის დროს

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ხდება. თბილისმა თავისი ელჩი გამოიძახა, - ამის შესახებ ყოველდღიური გერმანული გაზეთი „ტაგესცაიტუნგი“ წერს.

სტატიის თანახმად, ქართველ-უკრაინელმა საკამათო პოლიტიკოსმა, მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება კვლავ დაიბრუნა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების დარგში აღმასრულებელი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი გახდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მისი დანიშვნა ხუთშაბათს დაადასტურა.

„ქარიზმატული პოლიტიკოსი საქართველოში უკვე გასამართლებულია და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, რადგან მან თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე თავდასხმის ბრძანება გასცა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველები სააკაშვილს საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზეც ედავებიან.

2015 წელს მიხეილ სააკაშვილი თავისმა ყოფილმა თანაკურსელმა და უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიიწვია უკრაინაში. პოროშენკომ მას მაშინვე უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. სააკაშვილი ჯერ პრეზიდენტის მრჩევლად, მოგვიანებით კი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მაგრამ 2016 წელს მათი გზები გაიყარა. სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს გადაემტერნენ და პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კურიოზული გამოსვლები

დაუვიწყარია სააკაშვილის ურიცხვი კურიოზული გამოსვლები უკრაინაში მისი გასტროლის დროს. მათ რიცხვშია სააკაშვილის სურათები, როცა ის 2018 წელს თავისი სახლის სახურავზე აძვრა, რათა დაპატიმრება აეცილებინა თავიდან. მოგვიანებით, წარმატებით განხორციელებული დაკავების შემდეგ, მან პოლიციის ავტომობილიდან გაქცევა შეძლო, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის ერთ-ერთი რესტორნიდან თმებით გამოათრიეს.

ახლა კი კამიკაძე-პოლიტიკოსი კვლავ ბრუნდება. ცხადია, ზელენსკი ხელმეორედ უკრაინის მოქალაქეობამინიჭებული სააკაშვილისგან ელის, რომ ეს უკანასკნელი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის რანგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, გარკვეულ წინსვლას აჩვენებს რეფორმების გატარების პროცესში. რეფორმები კი აუცილებელია, თუ უკრაინას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან თანხების მიღება სურს.

სააკაშვილის დანიშვნამ კი ამასობაში, შესაძლოა, უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობები დააზიანოს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ომის შემდეგ საქართველო უკრაინის მიმართ ძალიან ერთგულ პოზიციას იჭერდა.

ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, როცა განიხილებოდა სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახებდნენ. პარასკევს თბილისმა ეს შეასრულა კიდეც.

რეფორმების საბჭოს „ფეისბუკის“ გვერდს ისევ ყოფილი პრეზიდენტ პოროშენკოს ფოტო ამშვენებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ „მიშა“ მას მალევე შეცვლის საკუთარი გამოსახულებით. ნარცისული პოლიტიკოსისთვის უსიამოვნო უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ მისი ვიცე-პრემიერის პოსტზე დასანიშნად ხმათა უმრავლესობის შეგროვება ვერ მოხერხდა.

თუმცა რეფორმების საბჭოს სახით, რომელსაც ფორმალურად მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია აქვს, „მიშას“ ახლა პლატფორმა ექნება, რომელიც შესაძლოა ტრამპლინად გამოდგეს უფრო მაღალი თანამდებობის დასაკავებლად. თუ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მინისტრს თავის პოსტთან დამშვიდობება მოუწევს, მიშა ნამდვილად შეძლებს მისი ადგილის დაკავებას. ნეტავ, რამე როლს თუ ითამაშებს ის, რომ უკრაინის კანონმდებლობა ნასამართლევი პირის მინისტრად დანიშვნას კრძალავს?“, - წერია სტატიაში.

Aburjga Tasmanieli გაიგეთ ყველამ, ხელისუფალმაც და რიგითმა, ნუ შეხვალთ ილუზიების ტყვეობაში, ეს უკრაინა სახელმწიფო არასოდეს იყო და არც იქნება!
5 წლის უკან