გრიგოლ ვაშაძე:  აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია და ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები

გრიგოლ ვაშაძე:  აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია და ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ საკუთარი განცხადებებით შედეგად მიიღო ის, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი დაზიანდა და ამასთან, ყველამ გაიგო, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს. ამ განცხადებით ვაშაძე მმართველი პარტიის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა და ამის დასადასტურებლად ხელისუფლებამ ფასილიტატორ ელჩებს მიმართა.

ვაშაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მედიატორებს მოუწიათ ახსნა, თუ რა არის მათი როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში და ხაზის გასმა იმაზე, თუ რა მნიშვნელობისაა პოლიტპატიმრების ციხიდან გათავისუფლება.

„სრულიად გაუგებარია პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისით ეს განცხადება რას ემსახურებოდა, მაგრამ ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დიკუსიაში. იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგან ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო, სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია. მას მოუწია ხაზის გასმა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ, ხაზის გასმა იმისთვის, რომ ყველა მონაწილემ, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები, ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება.

აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ნეგატიურ შედეგს, რომელსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, ამაზე სრულ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და მის ყველა ლიდერს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას. საპასუხოდ, ფასილიტატორება განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

mamago მერე აგერ თქვენ და აგერ სტრასბურგი! თქვენი მოთხოვნა უნდა იყოს, საქმის წარმოების დაჩქარება!
5 წლის უკან