“ოქრუაშვილს ხელისუფლებამ შეუწყო ხელი, რომ ევროპაში წასულიყო და იქ წყნარად ეცხოვრა“

“ოქრუაშვილს ხელისუფლებამ შეუწყო ხელი, რომ ევროპაში წასულიყო და იქ წყნარად ეცხოვრა“

[ნინო მიქიაშვილი]
საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, გოჩა ვეტრიაკოვი, რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მესამე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყო ხელი, რომ ევროპაში წასულიყო და იქ მშვიდად ეცხოვრა. თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. გოჩა ვეტრიაკოვი პრესა.გე–ს ამერიკიდან თავად დაუკავშირდა. ინტერვიუ სკაიპის საშუალებით ჩავწერეთ.

რას საქმიანობდით საქართველოში?
გოჩა ვეტრიაკოვი: ვლადივასტოკში წყნარი ოკეანის სამხედრო–საზღვაო უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. 2003 წელს სწავლა უშიშროების აკადემიაში გავაგრძელე; პარალელურად, საზოგადოებრივ საწყისებზე ლექციებს ვკითხულობდი სასაზღვრო–საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში.

2004 წლიდან, საზღვაო ძალების იმჟამინდელი სარდლის, ცხონებულ გიგლა ირემაძის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტროში გადავედი, საზღვაო ძალების დაზვერვის სამსახურის უფროსად. საკადრო ცვლილებების შემდეგ, საზღვაო ძალების შტაბის უფროსი ვიყავი და იმავდროულად, 4-5 თვის განმავლობაში საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობას ვასრულებდი. ირაკლი ოქრუაშვილის არაადეკვატური მმართველობის გამო, 2006 წლის 15 აპრილს საკუთარი პატაკის საფუძველზე სამსახურიდან წამოვედი. მე მისი ხელმძღვანელობით არსებულ ბანდასთან დაპირისპირებული ვიყავი.

რას გულისხმობთ, არაადეკვატურ მმართველობაში, ბანდაში?
– იმას, რომ ეს იყო ადამიანების გაერთიანება, მხოლოდამხოლოდ იმისთვის, რომ ჰქონოდათ თანამდებობები და “მოეტეხათ“ ფული. ამ ადამიანებთან მუშაობა შეუძლებელი იყო და პლუს ამას, ძალიან სასაცილო ბრალდება წამომიყენეს, რომ ვითომ ირაკლი ალასანიასთან ერთად, ოქრუაშვილს ძირს ვუთხრიდი.

რა გაკავშირებთ ალასანიასთან?
– 1998–1999 წლებში სამსახურეობრივი ურთიერთობა გვქონდა. საერთოდ, მე ფოთში ვიყავი, ოქრუაშვილი და მისი ბანდა თბილისში და იქიდან რა ძირგამომთხრელი საქმიანობა დაინახეს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. 2005 წლის 13 დეკემბერს, შტაბის უფროსთან ლევან ნიკოლეიშვილთან და მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე სუხიტაშვილთან მძიმე საუბარი მქონდა. ისინი არიან ნამუსგარეცხილი ადამიანები, რომლებიც ვითარებას ოქრუაშვილის დავალებით არკვევდნენ. მე მათთან სალაპარაკო და გასარკვევი აღარაფერი მქონდა. ამიტომ, პატაკი დავწერე და წამოვედი.

რატომ იყვნენ ნამუსგარეცხილები, რატომ უწოდებთ ბანდას, ოქრუაშვილის თანაგუნდელებს?
– ბანდა იმიტომ, რომ ბიუჯეტიდან ფულს იპარავდნენ; ამას კონტროლის პალატის შემოწმებაც ადასტურებს. სამინისტროში გეგმიური განვითარება არ ხდებოდა; იქიდან პროფესიონალები გაყარეს და კადრებს ერთგულების და პარტიული ნიშნით არჩევდნენ. გიორგი ბარამიძის მინისტრობისას კიდევ არა უშავდა, რაღაც განვითარება ხდებოდა, ხოლო ოქრუაშვილის მოსვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში დიდი ნაბიჯებით უკუსვლა დაიწყო.

როგორ მოიქცევით, თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ თანამშრომლობა, რომ შემოგთავაზოთ?
– თავდაცვის სამინისტროში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ, რადგან საზღვაო კუთხით ყველაფერი გაუქმებულია. თავდაცვის სამინიტროში შემოწმებაა ჩასატარებელი, თუ როგორ დაიხარჯა ბიუჯეტი, განსაკუთრებით საბრძოლო ქვედანაყოფების მომზადების კუთხით. ოქრუაშვილის დროს თავდაცვის სამინისტროში დანაშაულებრივი პოლიციური მმართველობა დაიწყო, რაც კეზერაშვილის მინისტრობისას გაძლიერდა და ახლაც იგივე გრძელდება. ეს სისტემა აღარ არის თავდაცვის სამინისტრო, ეს არის გასამხედროებული ფორმიანი ადამიანებისგან შემდგარი უწყება, ყოველგვარი განვითარების და მომავლის გარეშე; ასეთ მდგომარეობაში ნატო–ში ინტეგრაცია და რაიმე სამხედრო სიძლიერეზე საუბარიც კი ზედმეტია. მათთან ჩემი თანამშრომლობა გამორიცხულია.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდნახევარს შეადგენდა და აქედან საზღვაო ძალებს 2-3 მილიონი ლარი ეძლეოდა, მხოლოდ ხელფასების და კომუნალური გადასახადების დასაფარად; რაიმე განვითარებაზე, საბრძოლო მომზადებაზე, ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე ლაპარაკი ზედმეტი გახლდათ.

ჯარი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს, საბრძოლო მომზადების გეგმის თანახმად მუდმივ ვარჯიშებს უნდა გადიოდეს, ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს დღეების და საათების მიხედვით და ამას უნდა უზრუნველყოფდეს თავდაცვის სამინისტრო. ეს უზრუნველყოფა თუ არ არის, ესე იგი არანაირი საბრძოლო მომზადება არ არსებობს და შესაბამისად, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მაშინ ისმება კითხვა – რისთვის არსებობს შეიარაღებული ძალები? სხვა სტრუქტურებზე რომ არ ვისაუბრო, მოდით ჩაატარეთ გამოძიება სამხედრო საზღვაო ძალებში არსებული მცურავი საშუალებები როგორ და რა ფასად შეისყიდეს უკრაინაში და საბოლოოდ რა ბედი ეწიათ მათ.

საზღვაო ძალებიდან ლოჯისტიკური უზრუნველყოფით რა მოთხოვნაც იყო მაშინდელი გენერალური შტაბის და ასევე თავდაცვის სამინისტროს მიმართ, 90% არ იყო შესრულებული, რაც უკრაინაში იარაღის შესყიდვის დროს, 20%-40%–ით გაზრდილი ფასებით გახლდათ გამოწვეული. უკრაინისგან ფაქტიურად ჯართს ყიდულობდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ მე თვითონ ვუყურებდი, ეს ჯართი პორტში როგორ შემოდიოდა, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჯარის გაძლიერებასთან.

აბა რასთან ჰქონდა კავშირი?
– ეს იყო მსოფლიოში აპრობირებული ფულის კეთების პრაქტიკა, თავისი ე.წ. ატკატების, იგივე პროცენტების აღებით, როგორც ხდება ეს აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში.., ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ იქაურ ხელმძღვანელობას ზომიერი მადა ჰქონდა, მათ 3-4% რჩებოდათ და აქაურ ვაჟბატონებს – 20-40%.

ოქრუაშვილი ერთპიროვნულად განაგებდა ამ ბიზნესს?
– იარაღის ბიზნესი მთავრობის გარეშე გამორიცხულია. მხოლოდ ოქრუაშვილს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. ამის დამადასტურებელ ერთ მაგალითს მოგიყვანთ – უკრაინისგან ძალიან მაღალ ფასებში სადარაჯო ხომალდი შეისყიდეს. გემი რეალურად 300 000 ღირდა და 3 მილიონი გადაიხადეს. პლუს ამას, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს გემი უკრაინის გემთსარემონტო ქარხანაში გახლდათ, რომელიც იმჟამად კრიზისში იყო და იქ ერთადერთი ეს ხომალდი იდგა.

მის შესაკეთებლად საქართველოდან 2 მილიონამდე გადარიცხეს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ვინახავდით უკრაინის გემთსარემონტო ქარხანას. საერთოდ, იარაღის ბიზნესში აუცილებლადაა ჩართული ფინანსთა სამინისტრო, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი (ნდობის ჯგუფს ვგულისხმობ) და პრემიერ–მინისტრი, თუ არა პრეზიდენტი. სხვა ვარიანტი გამორიცხულია.

მაშინ, როცა ოქრუაშვილიც პოლიტიკური დევნილია და თქვენც...
– ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილი არ არის; ის უბრალოდ საქართველოს გაარიდეს; ხელისუფლებამ შეუწყო ხელი, რომ ევროპაში წასულიყო და იქ წყნარად და დამოუკიდებლად ეცხოვრა. მისი სატელევიზიო ინტერვიუები და ჩართვები, რა დროსაც ვითომ უპირსპირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას, ფარსი და სპექტაკლი გახლდათ, მაგრამ ოქრუაშვილმა აღიარა მაინც, რომ ანგელოზი არ იყო.

ის, რომ მან საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით დატოვა, თქვენი მოსაზრებაა ხომ?
– ესაა ჩემი მოსაზრება, რომელიც ობიექტური გამოძიების შედეგად აუცილებლად დადასტურდება, რადგან ოქრუაშვილი, რომ ჩამჯდარიყო, მაშინ პრეზიდენტიც უნდა ჩამჯდარიყო და მასთან ერთად მთავრობის რამდენიმე წევრიც, მათივე მიღებული კანონის მიხედვით.

საინტერესოა, თქვენ როგორ მიიღეთ პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკაში, ბუშის მმართველობის დროს?
– ამერიკაში 2007 წლის მაისში ჩამოვედი, ბიზნესის კუთხით შეხვედრები მქონდა დაგეგმილი. როდესაც მანდ არეულობა დაიწყო, ვგულისხმობ ოქრუაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ “დევნას“, რა დროსაც 20–მდე ოფიცერი დაიჭირეს; მაშინ პროკურატურიდან და პოლიციიდან მეგობრებმა შემატყობინეს, რომ საქმე შემიკერეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ოქრუაშვილზე განხორციელებული “დევნა“, რომ გაემყარებინათ, ხომ უნდა დაეკავებინათ ხალხი, რომლებიც ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემდნენ?!

ჰოდა, მეც ასეთი ხალხის რიცხვში ვითვლებოდი. ის საქმე, რომელიც ოქრუაშვილს აღუძრეს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც გარკვეულწილად უკავშირდებოდა ამერიკაში ჩემს ჩამოსვლას. მე შეიძლება არ ვიყავი ოქრუაშვილის მიმართ კარგად განწყობილი, მაგრამ ფაქტის, ან ფაქტების გარეშე ვერაფერს დავაბრალებდი, ვინაიდან გამოძიება იყო საჭირო და ეს კი ჩემი საქმე საერთოდ არ გახლდათ.

მე ადრე ამერიკაში ვსწავლობდი და როცა მითხრეს, რომ ჩემი საქართველოში დაბრუნება არ იყო სასურველი, ამერიკაში ჩემს ამერიკელ მეგობრებს და კურსელებს დავუკავშირდი. მათ მირჩიეს საემიგრაციო სამსახურში მისვლა. ასეც მოვიქეცი. მივედი და საქმის ვითარება გავაცანი. სიმართლე გითხრათ დაბნეული ვიყავი; მოწმენდილ ცაზე უცაბედად ქუხილს, რომ გაიგებ, ისე იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. საემიგრაციო სამსახურის საგამოძიებო სამსახური 8 თვე აწარმოებდა გამოძიებას. მე არც სასამართლოზე ვყოფილვარ, არც ადვოკატებისთვის გადამიხდია ფული; 8 თვის თავზე ფოსტით საიმიგრაციო საბუთი მომივიდა, რომ ჩემი საქართველოში ჩასვლა რეკომენდირებული არ არის. აი, ასე მომცეს პოლიტიკური თავშესაფარი.

კონკრეტულად რა იყო ამერიკაში თქვენი სტუმრობის მიზანი?
– ფოთის პორტში დაახლოებით 450 მილიონი ევროს ღირებულების, სუფთა დასავლური ინვესტიციის ჩადება იგეგმებოდა, რასაც ხელი შეუშალეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. ეს ადამიანები დღემდე მთავრობაში სხედან, ნაწილი უკვე ოპოზიციაში გადაბარგდა.

კონკრეტულად ვინ?
– მათ გვარებს მხოლოდ მოგვიანებით დავასახელებ, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი დაიტერესდება დეტალებით, მე აუცილებლად მივაწვდი ინფორმაციას, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება, ვინაიდან ეს უკვე წარსულის ამბავია და ეს ყველაფერი აღარ არის აქტუალური.

ესე იგი რა გამოდის? ინვესტიცია არ ჩაიდო, ხოლო თქვენ ამერიკამ პოლიტიკური თავშესაფარი მოგცათ.
– გამოდის ის, რომ საქართველო მიდის გაურკვეველი მიმართულებით, ან მოკლედ რომ ვთქვათ, არანაირი მიმართულება არ აქვს, ეს უფრო ჰგავს კრილოვის იგავ-არაკს. მაშინ, ეს ინვესტიცია, რომ ჩადებულიყო, საქართველოში არანაირი შიდა არეულობა და პოლიტიკური რყევები არ იქნებოდა – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება, 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ სამხედრო ავანტიურა გამორიცხული იქნებოდა, ვინაიდან, დასავლეთი საკუთარი ინვესტიციის განადგურებას არ დაუშვებდა. ეს იყო ევროპის საფინანსო კომპანიებისგან შემდეგარი კონსორციუმი, სადაც თავს იყრიდა გერმანული, იტალიური, შვეიცარიული ინვესტიცია და ეს ქვეყნები ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ მათი ინვესტიცია დაცული ყოფილიყო.

რატომ დაუშვა დასავლეთმა ამ პროექტის ჩაშლა?
– ეს იყო კომერციული და არა პოლიტიკური პროექტი. საქმე გვქონდა ბიზნესის დატაცებასთან. სამწუხაროდ, სხვას ვეღაფერს ვიტყვი, რადგან მე და ჩემი პარტნიორები, რომლებიც ამ საკითხზე ვმუშაობდით, მაშინ ვიყავით ჩართული ინვესტორის მოძიების საქმეში; ხოლო საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას სხვა პირი აგვარებდა.

შეიცვლა თუ არა საქართველოსთან დამოკიდებულება, აშშ–ს ადმინისტრაციამ, ქვეყნის სათავეში ობამას მოსვლის შემდეგ?
– არანაირი პოლიტიკა არ შეცვლილა, რადგან საბედნიეროდ, ამერიკას აქვს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა, რომელიც პიროვნებების ცვლასთან ერთად არ იცვლება. ის მხოლოდ უკეთესობისკენ იცვლება, იხვეწება და იდგმება პრაგმატული ნაბიჯები. მეორე საკითხია, ჩვენ ამას როგორ აღვიქვავთ და როგორ ვიყენებთ. ეს უკვე ქვეყნის მთავრობაზეა დამოკიდებული, რომლისადმი ნდობაც, ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ბუშის დროს იყო. ეს აშკარად შეიძლება არავინ თქვას, რადგან არადიპლომატიური იქნება, მაგრამ ეს ფაქტია.

შორს რომ არ წავიდეთ, ამერიკაში სააკაშვილის სამკვირიან სტუმრობას გაგახსენებთ, რა დროსაც მან ობამასთან ერთი–ერთზე შეხვედრა ვერ შეძლო. ამ სამი კვირის განმავლობაში არანაირი ერთობლივი ბრიფინგი არ ჩატარებულა და კულუარებში რა ხდებოდა, ეს არ ვიცი. აქაურმა მეგობრებმა მითხრეს, რომ შვებულება ჰქონდა აღებული და აქ 25–მდე ადამიანთან ერთად 3 კვირა ისვენებდა. დადიოდნენ ლოს–ანჟელესში, იქით, აქეთ, შეხვედრებზე; რამდენად შედეგიანი იყო მისი ამერიკაში ყოფნა, ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი რა ძვირი დაუჯდებოდა საქართველოს ბიუჯეტს 25–მდე ადამიანის სამი კვირის განმავლობაში ამერიკაში შენახვა.

ჩემი მეგობრებისგან ვიცი ისიც, რომ სააკაშვილი ლოს–ანჯელესში, როდეოს ქუჩაზე “შოპინგებზე“ დადიოდა. ამერიკაში ეს ქუჩა იმითაა ცნობილი, რომ ჰალსტუხის ღირებულება 10 000 დოლარით განისაზღვრება. იმედია მხოლოდ ათვალიერებდა მაღაზიებს, თავისუფალ დროს, ვინაიდან ღარიბი და ეკონომიკა დაქცეული ქვეყნის პრეზიდენტი თუ იყიდის ძვირფას ნივთებს, განსაკუთრებით ამერიკაში, ეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

P.S. თუ ამ მასალის წაკითხვის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილი პასუხის გაცემას მოისურვებს, ჩვენ მზად ვართ მასთან ინტერვიუ ჩავწეროთ და მკითხველს შევთავაზოთ. ამასთან, ასევე მზად ვართ გამოვაქვეყნოთ სააკაშვილის ადმინისტრაციის პასუხი, თუ კი საპასუხო წერილს მოამზადებენ. მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერაზე არც ვოცნებობთ, რადგან ცნობილია, რომ ის მხოლოდ ცენტრალური ტელეარხების რამდენიმე ჟურნალისტს სწყალობს.