„ჩინეთის მოთოკვა მსოფლიოს ინტერესებშია და კორონავირუსის საბაბით მოთოკავენ, თუ რაიმე სხვა მიზეზით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

„ჩინეთის მოთოკვა მსოფლიოს ინტერესებშია და კორონავირუსის საბაბით მოთოკავენ, თუ რაიმე სხვა მიზეზით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

კონფრონტაცია ამერიკასა და ჩინეთს შორის ისეთი ძლიერია, რომ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, დაპირისპირების თემა მარტო კორონავირუსი არ არის და ბევრი სხვა ფაქტორია ჩართული. მისი თქმით, ახლა წამყვანი თემა არის ავადმყოფობა და ხანდახან ავადმყოფობას პროვოცირებას უკეთებენ, რომ გამოკვეთონ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. ანალოგიურად, სანამ აქაც არ გამოიკვეთება კორონას იქეთ რა პოლიტიკური დაავადება აქვს მსოფლიოს, მანამადე რთულია დასკვნის გაკეთება.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ჩინეთზე, როგორც ვირუსის გავრცელების პირველ წყაროზე თავიდანვე საუბრობდა აშშ. დღეს უკვე ამაზე საუბრობენ ევროპის სხვა ქვეყნებიც, მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი დეტალი, პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც „kovid-19“–თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. როგორც ამბობენ, მოკლული პროფესორი მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო. ასეთი ფაქტები ბევრია, ადამიანები, რომლებიც ვირუსის ხელოვნურობაზე საუბრობენ, ფატალურად ასრულებენ სიცოცხლეს. ეს ფაქტები ამაგრებს იმ ვერსიას, რაზეც აშშ–ში საუბრობენ, რომ ჩინეთმა ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გაუშვა?

რამაზ საყვარელიძე: მოგეხსენებათ, რომ ასეთი ვერსიები ბევრია და ალბათ, კოვიდ 19–ის ერთ–ერთი თავისებურება სხვა მოვლენებთან შედარებით ისიც არის, რომ შეთქმულების თეორიების ეს რაოდენობა რაც კოვიდ19–მა გააჩინა, არც ერთ ეპიდემიას არ ახლდა. შეთქმულების თეორიები იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პასუხ გაუცემელია კითხვებია, რომელთა ნაწილიც თქვენ ჩამოთვალეთ და ვხედავთ, რომ კითხვებს კითხვები ემატება.

რა კითხები ემატება?

– წმინდა პოლიტიკური ინტერესები; ეკონიმიკის ჩაგდება; ასევე ბილ გეიტსი და ა.შ. ბევრი ვარიანტა. ეს ვარიანტები გააჩინა იმან, რომ ბევრი დამთხვევები იყო გამოთქმებში, ნაბიჯებში და ა.შ. ეს ვერსიები აჩენს დამაფიქრებელ კითხვებს, მაგრამ ამ ვერსიებს ხანდახან სოციოლოგები და პოლიტოლოგები მითებს უწოდებენ, რაც კაცობრიობას არაერთი ჰქნოდა და აქვს. ადამიანებში არსებობს ტენდენცია, რომ მითებით შეავსონ ის, რაც გაუგებარია. საუკუნეების განმავლობაში მითები რეალობად მიაჩნდა კაცობრიობას და საუკუნეები დასჭირდა იმას, რომ დაენახა მითი რეალობა არ არის.

რა სხვაობაა მითებსა და რეალობას შორის? მითების წარმოშობა ადვილია და მათგან განთავისუფლება ძალიან ძნელი. მითების ეპიდემია, ვირუსის ეპიდემიაზე ნაკლები არ არის გავრცელების თვალსაზრისით - ვრცელდება, იმორჩილებს ადამიანთა გონებას და მერე დიდხანს რჩება ამ ადამიანთა გონებაში, მანამ, სანამ ძლიერი კონტრარგუმენტები არ გაჩნდება. მითებზე მითს უფრო ის ქმნის, რომ ამ ეტაპზე, თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არის. ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ პასუხები არ არის და ძალაუნებურად, მითები უნდა გაჩნდეს. ასე ივსება ცარიელი ადგილები.

მითი მითად დარჩება იქამდე, სანამ დადასტურებული ფაქტების წყება არ წამოვა. ახლა, ამ ეტაპზე, ასეთი ფაქტების არსებობა გამორიცხულია. ამიტომ, ჩემთვის დღევანდელი დღის პირობებში, ეს საკითხი მითად რჩება, რომელზე მსჯელობა უაზრობაა, სანამ ახალი ფაქტები არ გაჩნდება ახალ კორონა ვირუსსზე და მის გავრცელების ისტორიაზე.

გასაგებია, რომ ამ ეტაპზე ძნელია მტკიცებით ფორმაში საუბარი, მაგრამ ის ფაქტი, რომ აშშ–ის საგამოძიებო უწყებას ჩინეთის ხელისუფლება არ აძლევს უფლებას ადგილზე ჩავიდნენ და გაეცნონ დოკუმენტაციას, ეს არ აძლიერებს ეჭვებს, რომელზეც საუბრობს აშშ?

– არ ვიცი. შეიძლება ჩინური წარმოშობის იყოს მთელი ეს პრობლემა, შეიძლება არ იყოს ჩინური წარმოშობის და ჩინეთს სხვა პრობლემა ჰქონდეს. იმიტომ, რომ კონფრონტაცია ამერიკასა და ჩინეთს შორის ისეთი ძლიერია, რომ იქ მარტო კორონავირუსი არ არის, ბევრი სხვა ფაქტორია ჩართული. მეორე მხრივ, ამერიკა დაინტერესებული მხარეა, რომ ჩინეთს დააბრალოს. სხვა თუ არაფერი, თვითონ დააგვიანა რეაქციის მიცემა და ამის გამართლებისთვის სჭირდება ჩინეთი. ასე რომ, ამერიკაც ტენდენციურია და ამიტომ არ უშვებს ჩინეთი ამერიკელ გამომძიებლებს.

ვიმეორებ, ჯერჯერობით გარკვეული პოზიციების დაკავება, სანამ მხარეები ერთმანეთს სერიოზულად არ დასცხებენ, იქამდე ნაადრევი მეჩვენება. ახლა წამყვანი თემა არის ავადმყოფობა და ხანდახან ავადმყოფობას პროვოცირებას უკეთებენ, რომ გამოიკვეთოს რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. ანალოგიურად, სანამ აქაც არ გამოიკვეთება კორონას იქეთ რა პოლიტიკური დაავადება აქვს მსოფლიოს და ეს რომ გამოიკვეთოს, ამისთვის კიდევ რაღაცა უნდა მოხდეს, ამ დაავადების პროვოცირება უნდა მოხდეს, იქამდე ნაადრევი იქნება ლაპარაკი.

პოლიტიკური დაავადებად შეიძლება განვიხილოთ ჩინური ბრალდება, რომელიც ამბობს, რომ ვირუსი ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს?

– ეს დიდი ხნის წინ თქვეს. ნაწილობრივ რუსული თემაც ამოტივტივდა რამდენჯერმე. ამიტომ, დავიცადოთ, დავუცადოთ ფაქტებს. პოლიტიკაში მოცდას ოქროს ფასი აქვს, შეიძლება ყველაზე მეტი ფასი, ვიდრე სხვა სფეროში. პოლიტიკაში დროზე ადრე რამის თქმა, ხანდახან დანაშაულის ტოლფასია. ამიტომ დავუცადოთ ფაქტებს.

თუ დადასტურდა ვირუსის პოლიტიკური შემადგენელი, ვიდრე ინფექცია, რამდენად შესაძლებელია, რომ ამან უფრო მეტი რყევები გამოიწვიოს?

– დადასტურდება თუ არა, ესეც ძნელი სათქმელია. რომც არ დადასტურდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინეთის მოთოკვა მსოფლიოს ინტერესებშია. კორონავირუსის საბაბით მოთოკავენ ჩინეთს, თუ რაიმე სხვა მიზეზით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩინეთის მოთოკვის პროცესი ახლა, ამ საბაბით დაიწყო და გაგრძელდება. რეალური მიზეზი რა იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია.

ვხედავთ, რომ ჩინეთის მოთოკვა თითქოს ერთგვარი შეთანხმებაა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ჩინეთის გავლენების მოთოკვა? იმიტომ, რომ ჩინეთს ამ პროცესში მხარს უჭერს რუსეთი...

– ამ კითხვას პასუხი უნდა გასცენ ეკონომისტებმა. თუ ეყოფა დასავლეთს იმის რესურსი, რომ მოთოკოს ჩინეთის ეკონომიკა. ეს არის ცენტრალური საკითხი. დანარჩენი პოლიტიკური კომპონენტებია. მხარი დაუჭირეს, არ დაუჭირეს... ეგ უკვე არ არის მნიშვნელოვანი. ახლა ეკონომიკით უნდა იყოს გადაწყვეტილი ეს პრობლემა.

ბოლო პერიოდში რუსეთის მსგავსად, ჩინეთის ოფიციალური პირის განცხადებებში ისმის ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის მისამართით. ჩინეთის ერთ-ერთმა გაზეთმა 10 შეკითხვით მიმართა აშშ–ის პრეზიდენტ ტრამპს. საინტერესო სწორედ მეათე შეკითხვაა – „რა გამოკვლევა ტარდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ აშშ–ის ლაბორატორიებში“? კითხვის შემდეგ, მოყვანილია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი, რომ ამ ლაბორატორიებში ამერიკელები ამუშავებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება...

– რუსეთის მხრიდან პირველი არ არის ანალოგიური დარტყმა ლუგარის ლაბორატორიაზე. საბედნიეროდ, დღეს უკვე ლუგარის ლაბორატორიაზე მსჯელობა პრაქტიკულად ყველა ქართველს შეუძლია, ვინაიდან ყოველ დღე, მთელი საქართველო ისმენს რა სამუშაოს აკეთებს ლუგარის ლაბორატორია კორონას პირობებში. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის სამხედრო მიზნით შექმნილი, აწყდება ამ წინააღმგდებობას.

შეიძლება სამხედრო ჩანაფიქრი იყოს, მაგრამ მარტო სამხედრო რომ არ არის, ფაქტია და მართლდება ამერიკელების ნათქვამი, რომ ლუგარის ლაბორატორია შეიქმნა ბაქტერიოლოგიური საფრთხის დაცვისთვის. ამ ამოცანას ბრწყინვალედ ასრულებს ლუგარის ლაბორატორია. რაც შეეხება რუსულ განაცხადებას, რუსეთი ასეთ განაცხადებას დღეში 100–ს აცხობს და თუ აყვები, ეცდები, რომ თავი გაიმართლო, ეს იქნება შეცდომა, რადგან რუსეთს ნამუსიანობას ვერ მოსთხოვ.

ჩინეთი ცდილობს სხვა მიმართულებით გადაიტანოს ბრალდება?

– ჩინეთი ცდილობს გადაიტანოს ამერიკის მიმართულებით და ბუნებრივია, წამოტივტივდება ყველა ის წერტილი, სადაც შეიძლება დადგმულა ამერიკის ფეხი, სადაც ამერიკული კვალია. ამ კონტექსტით არის ლუგარის ლაბორატორიაზე ლაპარაკი. ჩინეთი და ამერიკა რომ ებრძვიან ერთმანეთს, ბუნებრივია, ეს ბრძოლა ტერიტორიული ნიშნით არ იქნება. ყველგან, სადაც ამერიკულს წააწყდება ჩინეთი, კრიტიკულად იქნება განწყობილი. ანალოგიურად, ყველგან, სადაც ამერიკა წააწყდება ჩინურს, კრიტიკულად იქნება განწყობილი. ამის ნიშნები ქართველებმა უკვე ვნახეთ.

ჩინეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში ვიცით, ჩინურ–ამერიკული დაპირისპირება რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით?

– ეს დაპირისპირება უდავოდ დამაფიქრებელია საქართველოსთვის. დეტალებში რომ არ შეხვიდე, ჩინური აბრეშუმის გზის პროექტი საქართველოზე გადის და ამ გზის ფინალური სიფრთხილე არის დასავლეთი და თუ დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება გაღრმავდა, ეს პროექტი აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ. შესაბამისად, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ის მომენტები და მხარეები, რომელიც საქართველოს აინტერესებს ამ პროექტიდან. ამდენად, ეს დაპირისპირება, მინიმუმ, აბრეშუმის გზის და ანალოგიური ჩინური ინიციატივების ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს დააყენებს რთულ მდგომარეობაში.

 

ხიროხიტო გადამრევს ეს ხალხი... თუ აქამდე პოლიტიკოსებს ეზარებოდათ ფიქრი ახლა ექსპერტებსაც ეზარებათ, ანუ ამატაც მუქთად უნდათ ფული. აი საყვარელიძის ტვინის ნაჟური - ჩინეთის მოთოკვა მსოფლიოს ინტერესებშია... კი მაგრამ რატომ უნდა მოითოკოს ჩინეთი? იმიტომ რომ მზარდი ეკონომიკა აქვს? მაშინ ამერიკაც მოსათოკია მთელი მსოფლიოს 15% მის ხელშია...

ქართველების ინტერესებში რატომ არის ჩინეთის მოთოკვა? მისი მზარდი ეკონომიკა საქართველოს უშლის რაიმეში ხელს? დავუშვათ ასეა...

ახლა ის ვთქვათ ჩინეთს თუ მოთოკავენ საქართველოს ეკონომიკას ამით ეშველება რამე? რა თქმა უნდა არა...

აბა რატომ არის ჩვენს ინტერესებში? რაიმე ტერორისტული აზრები აქვთ? არა

ალბათ კორონავირუსი შექმნეს და იმიტომ... მაგრამ ჩვენი რამაზი აქვე ამბობს ეგ საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და დაველოდოთ მოვლენებს ლოდინს ოქროს ფასი აქვსო.... ანუ ჩინელების დანაშაულის საკითხი საეჭვოაო.. მაშინ რას ვერჩით ქართველები?

აჰა, გასაგებია, უნდოდა ეთქვა ჩინეთის მოთოკვა ამერიკის ინტერესებშიაო... მაშინ მსოფლიო რა შუაშია? ან საქართველოს სად ვაკვეხებთ?

მოკლედ ბატონო რამაზ, ხომ გაგიგიათ ანდაზა - ქათამმა თქვა - ცხვარი დაკლეს მე დამაკლეს, ღორი დაკლეს მე დამაკლეს, ხარი დაკლეს მე დამაკლესო... ქათამი მიხვდა, თუმცა მას არ ეკითხებოდნენ და თვითონ ნებით არ ეკვეხებოდა იმ სუფრაზე და ჩვენ ვითომ მაგ ქათამზე მეტი ჭკუა არ გვაქვს?

ნუთუ ვერ ხვდებით რომ მაგ სუფრაზე ჩვენ კერძადაც არ გვეპატიჟებიან და ჩვენ კი ჩასაცივებას ვჩალიჩობთ, აქაოდა სუფრა უჩვენოდ ვით იქნებისო...
4 წლის უკან
ლაზი ვირუსით ჩინეთმა მხოლოდ ისარგებლა, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ცახცახებს. მაგ ჩინეთის შიშით ტრამპი არჩევნების წაგებაზე საუბრობს და ვითომ ასეთი იოლი მოსათოკია? ის კი არა იქეთ ყავს მსოფლიო ეკონომიკა გათოკილი. მარტო ტუალეტის ქაღალდის ტაციობა რას ნიშნავდა ამერიკაში, მაგითაც კი ჩინეთზე არიან დამოკიდებული. ასეთი ტრივიალური რაღაცებით ხდება დღეს "მოთოკვა".
4 წლის უკან