გიორგი ვოლსკი: რა პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ან ლოგიკა სად არის?

გიორგი ვოლსკი: რა პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ან ლოგიკა სად არის?

რა პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ან ლოგიკა სად არის? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ყველაფერი რომ გამორიცხო, ესენი (ოპოზიცია) ამბობენ, რომ დემოკრატული სამყაროს ელჩები, წარმომადგენლები დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დემოკრატიულ საქართველოს ავალებენ, რომ სახელისუფლო სტრუქტურების მეშვეობით სასამართლოში დამდგარი განაჩენი გადახაზონ და სასამართლოს უბრძანონ, რომ კარი გააღეთ და ხალხი გამოუშვით. ასეთი რამ არ არსებობს.

ეს ის ხალხია, რომლის ფიქრის, აზროვნების სტანდარტი არის, ვინც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ამ სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დაასკვნის, რომ ეს არის მოგონილი მიზეზი, რათა ოპოზიცია თავის საწყის პოზიციას, ანუ დესტრუქციას დაუბრუნდეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. დღეს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.