ანდრეას შლაიხერი: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საჯარო პოლიტიკა ყოველთვის წინ უსწრებს პანდემიას

ანდრეას შლაიხერი: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საჯარო პოლიტიკა ყოველთვის წინ უსწრებს პანდემიას

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ანდრეას შლაიხერმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად შთამბეჭდავი მაგალითია დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით. ის შესანიშნავი ნიმუშია მრავალი სხვა ქვეყნისთვის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საჯარო პოლიტიკა ყოველთვის წინ უსწრებს პანდემიას. მან ძალიან სწრაფად მოახდინა კრიზისზე რეაგირება.

ანდრეას შლაიხერის შეფასებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მყისიერად შეძლო მასწავლებლებისა და განათლებაში ჩართული ყველა ადამიანის მობილიზება, რამაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის დაცვა განაპირობა.

სამინისტრომ მოახერხა ისიც, რომ განათლება ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლისთვის. ანდრეას შლაიხერმა ხაზი გაუსვა, რომ წარმატების მნიშვნელოვან ელემენტებს შორის დიდი ადგილი უჭირავს სამინისტროს მხრიდან საზოგადოებასთან რეგულარულ და სწორ კომუნიკაციას.

OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა გონივრული არჩევანი უწოდა სამინისტროს მიერ ელექტრონულ სწავლებაში დანერგილ ტექნოლოგიებსა და ტელევიზიის რესურსის გამოყენებას, რამაც განათლების წვდომის არეალი გააფართოვა.

მისი შეფასებით, სწორედ ტექნოლოგიურმა მრავალფეროვნებამ განსაზღვრა თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევები. ანდრეას შლაიხერმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ციფრული სწავლების პლატფორმა el.ge-ზეც ისაუბრა, სადაც ეროვნული გეგმის შესაბამისი ინოვაციური რესურსები მყისიერად განთავსდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც UNESCO-ის, OECD-ის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

OECD-მ განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების შესახებ ანგარიშში, საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები 98 ქვეყანას შორის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.