ქართველებს აქვთ ერთი დამახასიათებელი ჩვევა, მათ იციან თავდადება როდის და სად არის საჭირო, ამის გამოძახილია ჩვენი დღევანდელი სიტუაცია, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„საუკეთესო ვარიანტი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენი ერთობლივი მეცადინეობით გამოვიდა. ხშირად მიწევს კომპლიმენტების მოსმენა და მინდა, ეს კომპლიმენტები დავუბრუნო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორად და დროზე გადადგმულმა ნაბიჯმა მოგვიყვანა აქამდე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიცავთ ჩვენს დედებს და მამებს, ბებიებს და ბაბუებს, რადგანაც ასეთი საქმე კეთდება, ეს არ შეიძლება სიყვარულით არ კეთდებოდეს“, - აღნიშნა კახა იშხნელმა.
საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.