საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა. პრემიერ გიორგი გახარიას ინიციატივით, აღნიშნულ ზონებად განსაკუთრებით ის კურორტები შეირჩევა, რომელთაც ტრადიციულად სუნთქვის პრობლემების დროს მიმართავდნენ. ასეთი უსაფრთხო ტურისტული ზონები შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი სხვა კურორტი, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ, როგორც სასუნქთი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.
უსაფრთხო დერეფნების თაობაზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრნენ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე ინტერესი გამოთქვა ისრაელმა, ავსტრიამ, გარდა ამისა, დიდი ხანია, არსებობს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესი.
რას მოგვიტანს ახალი სტრატეგია-უსაფრთხო ტურისტული ზონების შესახებ?
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს მიაჩნია, რომ პანდემიის შეჩერებაზე იქნება დამოკიდებული, ჩამოვლენ თუ არა საქართველოში ტურისტები და ჩვენი უსაფრთხო დანიშნულების ადგილები - წყალტუბო, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი მიიზიდავენ თუ არა უცხოელებს. თუკი პანდემია ზაფხულში შერბილდება, მაშინ ამდენ ხანს ჩაკეტილ ხალხს აუცილებლად ექნება უსაფრთხო დანიშნულების ადგილებში დასვენების მოთხოვნილება.
„რეაბილიტაცია სჭირდებათ ადამიანებს. საინტერესოა სამკურნალო ტურიზმის განვითარება წყალტუბოში, აბასთუმანში, ბორჯომში, საირმეში, გუდაურში. ფილტვების დაავადების დროს ასეთი სარეაბილიტაციო ცენტრები კონკურენტუნარიანი იქნება. თუმცა ეს რისკებთანაცაა დაკავშირებული, ფრთხილი მიდგომა სჭირდება. პოტენციალი არის, მაგრამ სასწაულმოქმედი არავინ არის, ჯოხი აიქნიოს და ულტრათანამედროვე წარმოება განავითაროს არაფრისგან. რაც გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ, აღვადგინოთ. ტურიზმი მნიშვნელოვანია მარტო იმიტომ, რომ 150 ათასი კაცი მუშაობს ამ სფეროში. ეს შრომისუნარიანი მოსახლეობის სოლიდური ნაწილია, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების მესამედი და მეოთხედია, ამ ადამიანებზე ვიღაცამ უნდა იფიქროს. ძნელია, ისინი სხვა სფეროში გადავიდნენ და იქ დაიწყონ მუშაობა. თუმცა მარტო ტურიზმით თავს ვერ გავიტანთ“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში დავით ზარდიაშვილი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ უსაფრთხო დანიშნულების ადგილები, მათ შორის, წყალტუბო, საირმე, აბასთუმანი და სხვა, რადგან ყველაზე სწრაფად შესაძლოა, სწორედ ეს დარგი ამუშავდეს.
„ეს მარტო ჩვენს მთავრობაზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებასა და პანდემიაზე. თუ გაჩნდება ტურისტული ნაკადები, მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ცხადია, სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია, ბევრი რამეა ამ მხრივ გასაკეთებელი, მაგრამ ამ წუთში რომ უთხრა ადამიანს, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება დაიწყეო, რა უნდა დააკრედიტოს? არც არაფერი, საგაზაფხულო ყველა სამუშაო უკვე დასრულებული უნდა იყოს, მოსავლის აღებას კი ბევრი აღარაფერი უნდა. სოფლის მეურნეობაში დიდი ინვესტიციის ჩადებას ამ წუთში აზრი არ აქვს, მაგრამ მომავალი წლისთვის, ზაფხულში-შემოდგომის დასაწყისში უკვე გეგმა უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რა სჭირდება სოფელს. რაც შეეხება ტურიზმს, შემოდგომისთვის ტურიზმი უნდა დამთავრებულიყო. სხვა თემაა, რამდენად იქნება მსოფლიოში საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ტურისტული სეზონი ისევე აქტიურად დაიწყოს, როგორც ეს იყო პანდემიამდე. ბევრი რაღაცები შეიცვალა, მაგრამ დღესდღეობით ტურიზმი არის სწორედ ის სფერო, რომელიც მსოფლიოს გახსნის შემთხვევაში, ყველაზე სწრაფ ამონაგებს მოიტანს. ამიტომ ყველაზე მსხვილი წერტილი დღეს ტურიზმია, მისი დახმარება აუცილებელია.
ევროპაში დაიწყეს „კოვიდ პასპორტის“ აღებაზე საუბარი, რომელიც უსაფრთხოების სერთიფიკატის როლს შეასრულებს და, რომლითაც ქვეყნები აღიარებენ ერთმანეთის მიერ ჩატარებულ კვლევებს, გაიხსნება მიმოსვლა, საჰაერო დერეფანი და სხვა“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.