ქართველი კინორეჟისორი ზაზა ბუაძე "კაგებეს" აგენტ ბოგდან სტაშინსკის სიყვარულის ისტორიაზე ფილმს გადაიღებს. ბოგდან სტაშინსკის უკრაინული ნაციონალიზმის იდეოლოგის, სტეპანი ბანდერას მკვლელობას მიაწერენ. სურათში - "მკვლელის სიყვარული" მთავარი როლების შესასრულებლად ჰოლივუდის მსახიობები - სემ რაილი და კრისტენ დანსტი არიან მიწვეულნი.
ბუაძის თქმით, რაილის სცენარი მოეწონა.
"თუ სემ რაილი საბოლოო თანხმობას იტყვის, მაშინ კრისტენ დანსტის მოწვევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. მათ პროექტში - "გზაზე" ერთად ითამაშეს",- აცხადებს რეჟისორი უკრაინულ ყოველკვირეულ გამოცემა Зеркало недели-სთან საუბარში.
ამჟამად, რაილი დისნეის სურათში - Maleficent თამაშობს, ამიტომ ახალი პროექტის განხილვას ისინი გადაღებების დასრულების შემდეგ დაიწყებენ. ბუაძის თქმით, კრისტენ დანსტთან მოლაპარაკებებიც გრძელდება.
ბუაძე ამბობს, რომ ფილმი პოლიტიკური არაა.
"ბანდერას" მკვლელობა - ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია და სცენარში მხოლოდ ერთ გვერდს იკავებს. სცენარში შევა ლევ რებეტის მკვლელობაც, რომელიც ასევე ერთი გვერდია. ეს ფილმი პირველ რიგში, ინგა პოლის და ბოგდან სტაშინსკის სიყვარულზეა",- ამბობს ბუაძე.
ქართველი კინორეჟისორი აცხადებს, რომ ფილმით ცნობილი ამერიკული სტუდია Stone Village Pictures-ია დაინტერესებული, რომელიც პროექტში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ფილმში კირსტენ დანსტი მიიღებს მონაწილეობას.
გამორიცხული არაა, რომ სურათში გერმანული სტუდია Bavaria Film-იც ჩაერთოს.