ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ელჩები საკუთარი განცხადებით კიდევ ერთხელ განმარტავენ, რაზე შედგა შეთანხმება, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელმა პარტნიორებმა, ვინც მონაწილეობდა ამ შეთანხმებაში და იცის მისი დეტალები, უკვე არაერთხელ გამოხატეს საკუთარი მკაფიო პოზიცია და დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ დღესაც გავიგებთ ამ პოზიციას.
„მე შეგახსენებთ აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების განცხადებებს, როდესაც მოხდა ირაკლი ოქრუაშვილისთვის სასჯელის მისჯა სასამართლოს მხრიდან და როდესაც აშშ-ს საელჩომაც და ევროკავშირის მისიამაც პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს იწვევს მათ შეშფოთებას, რადგან ეწინააღმდეგება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას. ასევე, შეგახსენებთ ძალიან მკაფიო განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ სენატორ რიჩის მხრიდან, რომელმაც 8 მარტის შემდეგ განაცხადა, რომ ის ელის კონკრეტულ ნაბიჯებს და, მათ შორის, გიგი უგულავასთან გადადგმული ნაბიჯები იქნება ტესტი, სრულდება თუ არა შეთანხმება. ასევე, შეგახსენებთ ევროპარლამენტარ კუბილიუსის წერილს.
ანუ, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ვინც მონაწილეობდა ამ შეთანხმებაში და იცის მისი დეტალები, უკვე არაერთხელ გამოხატეს საკუთარი მკაფიო პოზიცია და, იმედი მაქვს, დღესაც გავიგებთ ამ პოზიციას, ამით მართლა დაესმება წერილი ამ თემაზე სპეკულაციას"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.