რუსეთი მზად არის უკრაინასა და საქართველოსთან სრული მოცულობით საპარლამენტო დიალოგის აღსადგენად, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა ტელეხიდის დროს განაცხადა, რომელშიც მონაწილეობას „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძეც იღებდა.
„ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, მსურს, დავადასტურო ჩვენი საყოველთაო მზაობა საპარლამენტო დიალოგის სრული მასშტაბით აღდგენისკენ ჩვენს თანამოაზრეებთან და ჩვენს ოპონენტებთან", - მიმართა კოსაჩევმა ტელეხიდის დროს უკრაინის რადას დეპუტატ ოლეგ ვოლოშინსა და „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს.
კოსაჩევის თქმით, რუს პარლამენტარებს არ აშინებთ მწვავე თემები. „ჩვენ გვაქვს სათქმელი და მზად ვართ, მოვისმინოთ ჩვენი თანამოსაუბრეების არგუმენტები", - განაცხადა კოსაჩევმა.
მისი თქმით, სწორედ პარლამენტარებმა უნდა წამოიწყონ ასეთი დიალოგი, თუკი სხვა დონეზე ურთიერთობების აღდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. „ამ თვალსაზრისით ჩვენ თქვენს განკარგულებაში ვართ", - აღნიშნავს კოსაჩევი.