როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა, მაშინ გვქონდა პიკი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ამ ვირუსთან გათამამება არ შეიძლება, მიღებულმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ ასეთი მშვენიერი შედეგი გვაქვს. გავრცელებულია ინფორმაციაა, რომ ეს ინფექცია არაფერი არ არის, მართლაც რომ არაფერი იყოს, ის ძალიან ხანგრძლივია. ვირუსი ორგანიზმიდან ადვილად არ გადის“, - აღნიშნა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.