მსოფლიო ქვეყნები და მათ შორის საქართველოც კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს არბილებს, თუმცაღა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(ჯანმო) ქვეყნებს პოსტპანდემიურ პერიოდში გარდამავალი ეტაპების ფრთხილდ დაგეგმვისკენ მოუწოდებენ, რადგან ვირუსის ახალი აფეთქებების და კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია.
„ყველა რეგიონს და ქვეყანას შესაბამისი მიდგომა სჭირდება. პანდემიის გავლენა ბევრად სცდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემებს. მსოფლიოს გარშემო, პანდემიამ გამოიწვია აუცილებელი ჯანდაცვითი სერვისების ჩამოშლა... კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ" - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობა სიტუაციას მეტ-ნაკლებად გაუმკლავდა, თუმცა ამჯერად ქვეყანაში ახალი გამოწვევაა - პარტიებს შორის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს, რამაც მისი თქმით, შესაძლოა ეტაპების ფრთხილად გავლას ხელიც შეუშალოს.
„ჩვენ გარკვეულწილად პიკს მივუახლოვდით, ამ პერიოდში კი ჩემი აზრით, მთავრობა გამოწვევებს ნორმალურად უმკლავდებოდა. ამჯერად კი ქვეყანაში ფსიქოლოგიური საინფორმაციო ომია, რომელსაც სამოქალაქო კლასიკურ-ფსიქოლოგიური ომიც შეიძლება ვუწოდო, როდესაც ტროლების და ბოტების უკან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები დგანან თავიანთი აგიტპრომებით, ანუ სააგიტაციო მასმედიის საშუალებებით ძირითად ტელევიზიებით.
„ეს უფრო საშიში გამოწვევაა, რომელიც ხელს უწყობს არაჯანსაღ საზოგადოებრივი პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, რომ ეს დაუშვებელია და სამოქალაქო ომში ერთმანეთის ჩაბმის დროებით თავის არიდების მიზნით პოლიტიკურმა პარტიებმა ერთგვარ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
"ყველას დაზაფრული სიტუაცია აქვს, საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია, ახლა კი შევდივართ იმ ფაზაში, რომ სიტუაცია არა მხოლოდ ბიოლოგიური უსაფრთხოების კონტექსტში ვითარდება, არამედ ამას ემატება სოციალური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მოწყვლადობაც.
„ეს ყოველივე კი ქვეყანას გარდამავალ ეტაპების ფრთხილად დაგეგმვას და გავლას უშლის, ეს ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ხელოვნურად ძაბავს.
„ამან შესაძლოა ეტაპები ფრთხილად ვერ გადაგვალახინოს და ისევ კარანტინის რეჟიმში დაგვაბრუნოს. კორონავირუსი გლობალური ტიპის გამოწვევაა, რომლის დროსაც შემოღებული რეჟიმის პირობები, საომარი მოქმედებების დროს ხორციელდება ხოლმე. ამას კი ემატება სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, რაც ცუდი შედეგების მომტანია.
„იდეალური არავინ არაა, შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, სხვა ქვეყნებთან შედარებით ასე თუ ისე მართულია და მთავრობას ვაცადოთ, რომ პროცესი ბოლომდე მიიყვანოს და მთავარია, რომ კორონავირუსი წარმატებით დავამარცხოთ" - განაცხადა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა, დიდი ალბათობით, ივნისიდან განახლდება, რაზედაც მაისაია აღნიშნავს, რომ 22 მაისის შემდეგ ნათელი გახდება პანდემიური სურათი, მისი თქმით, გამოჩნდება ისიც - ნაადრევია თუ არა საქართველოსთვის ფრენების განახლება.
„რა ეტაპები როგორ უნდა გავიაროთ ეს 22 მაისის შემდეგ გამოჩნდება.მოხდება თუ არა საგანგებო რეჟიმის გაგრძელება არ ვიცი, მაგრამ ტენდენცია ამ პერიოდში უკვე გამოიკვეთება, გამოჩნდება ისიც ნაადრევია თუ არა ფრენების განახლება, ასევე ჩვენი მთავრობის მიდგომებიც მესმის, რომ მას აქვს ეკონომიკური და სოციალური პასუხისმგებლობა" - განაცხადა მაისაიამ.