„ამ კორონაუბედურების დროს მაინც დავანებოთ თავი ადამიანების დაყოფას, სჯობს, იყოს ცთომილება, ვიდრე გვყავდეს მშიერი მოქალაქეები“

„ამ კორონაუბედურების დროს მაინც დავანებოთ თავი ადამიანების დაყოფას, სჯობს, იყოს ცთომილება, ვიდრე გვყავდეს მშიერი მოქალაქეები“

ხელისუფლების ანტიკრიზისულმა გეგმამ სოციალური უთანასწორობის განცდა გააჩინა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეხმაროს ცალკეულ თვითდასაქმებულებს, მაგრამ არაფერი გაიმეტა თვითდასაქმებულთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც ოფიციალურად არ არიან რეგისტრირებულნი. აღარაფერს ვამბობთ საერთოდ დაუსაქმებელ ადამიანებზე, რომელთა ბედიც ყველაზე რთულია.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ თვითდასაქმებულებს, ასე თუ ისე, გარკვეული მცირეოდენი დანაზოგი მაინც გააჩნიათ, საინტერესოა, რა უნდა ქნან საერთოდ დაუსაქმებელმა ადამიანებმა, რომელთაც შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ?!

საქართველოში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდა რომ ჰქონდეთ, მაშინ თვითდასაქმებულებს, რომელთაც გარკვეული დანაზოგი გააჩნიათ, შეეძლოთ, მათთვის დარიგებული 200-200 ლარი იმ უმუშევარი და გაჭირვებული ფენისთვისთვის დაეთმოთ, ვისაც საერთოდ არ „ეკუთვნით“ ხელისუფლების შემწეობა. საუბარია თუნდაც ახლობლებისა და მეზობლების დახმარებაზე, რომელთა სოციალური მდგომარეობაც კრიტიკულია. ეს იქნებოდა სოციალური წაქეზება, რომლითაც მთავრობაც დაინახავდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მაინც არ უნდა განესხვავებინა საკუთარი მოქალაქეები ერთმანეთისგან და ყველასთვის თანაბრად შეეხვედრებინა დახმარება.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ჩვენ არ უნდა ჩავაყენოთ საკუთარი მოქალაქეები გამოცდის წინაშე და არ უნდა მოვთხოვოთ მათ დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან თვითდასაქმებულ ადამიანებზე ბიზნესმენები არ გასცემენ შესაბამის საბუთს იმის შიშით, რომ შემდგომში არ მოუწიოთ ფინანსური ხარჯების აღება თვითდასაქმებულების გამო; არც თვითდასაქმებულებს აწყობთ საკუთარი თავის „გაშიფვრა“, რადგან დაკარგავენ სოციალურ დახმარებას, თუკი ასეთი დახმარება, გამონაკლისის სახით, მათ ეძლევათ. ამდენად, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დახმარების მიღმა დარჩნენ, ერთადერთი სწორი გამოსავალია, გაიხსნას ეკონომიკა, შეზღუდვები მოიხსნას და ისინი კვლავაც დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობა კიდევ აპირებს დამატებითი დახმარების პაკეტის შეთავაზებას მოსახლეობისთვის, რის შესახებაც სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, თუმცა მანამდე აქტუალურია კითხვა, რამდენად სწორად გადაანაწილა მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად განკუთვნილი თანხები?

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური გეგმა არ წარმოუდგენია, უბრალოდ, წარმოადგინა სოციალური პაკეტი, რომლის ფორმულაც არ არის სწორი. ეს ფორმულა მანიპულირების სერიოზულ საშუალებას ტოვებს. კითხვა ჩნდება, ხომ არ იქნება ე.წ. თვითდასაქმებულთა დაფინანების თემა ხელისუფლების პარტიული აქტივისა და კოორდინატორების დასაფინანსებლად გამოყენებული?!

„ამაზე რაციონალური პასუხი არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არ გახდება მორიგი კორუფციის წყარო. არადა, ამის ცუდი გამოცდილება ჩვენ გვაქვს. დღეს ყველას უჭირს ქვეყანაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც შეძლებულია და იხდის ქონების გადასახადს. ამ სეგმენტს მიღმა, სოციალური დახმარება უნდა შეხვედროდა არა მხოლოდ თვითდასაქმებულს, არამედ დაუსაქმებელსაც, მხედველობაში მაქვს ის ჯგუფები, რომლებიც არ შედიან იმ პაკეტებში, რაც უკვე არსებობს (დევნილებისთვის განკუთვნილი პაკეტი, პენსიონერებისთვის არსებული პაკეტი). ეს თანხა უნდა გადანაწილებულიყო ყველაზე, რაც სამართლიანიც იქნებოდა და სასაუბროც აღარ იქნებოდა არაფერი. ახლა კი რაღაც გაუგებარი კრიტერიუმებით გაუგებარ სეგმენტს ხსნიან და ამბობენ, თვითდასაქმებულთა ნაწილს დავეხმარებით, ხოლო დაუსაქმებელსა და აღურიცხავ თვითდასაქმებულს არ დავეხმარებითო“, - აცხადებს For.ge-თან საუბარში გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ, არავითარ შემთხვევაში, არავინ არ უნდა დარჩეს მშიერი, ყველას უნდა დაეხმარონ და სახელმწიფომ უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ ადამიანების სწორი იდენტიფიცირება მოხდეს. მთავრობა უნდა მუშაობდეს გაჭირვებულებისთვის, სჯობს, 10% ან მეტი იყოს ცთომილება, ვიდრე გვყავდეს მშიერი მოქალაქეები.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩვენ ეკონომიკის ისეთი სტრუქტურა გვაქვს, სადაც თვითდასაქმებულთა რიცხვი ძალიან დიდია და რთული იქნება მათი იდენტიფიცირება. ამიტომ მთავრობამ ამ ადამიანების გაყოფა კი არ უნდა დაიწყოს, არამედ უნდა მოახდინოს იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა, დაიმშნენ. ეს მთავარი საკითხია, ადამიანებს არ უნდა მოშივდეთ და მათ უნდა ჰქონდეთ არსებობის საშუალება, რომ როგორმე გადავაგოროთ ეს სიტუაცია. გარდა ამისა, არსებობის საშუალება უნდა გაჩნდეს ქვეყანაში მოწეული და მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახით. არც მთავრობას არ უნდა მშიერი ადამიანი. ამიტომ შუამავლების გარეშე უნდა დაეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს, არ არის ბანკების შუამავლობა საჭირო სოფლის მეურნეობისთვის გამიზნული დახმარების დროს, რადგან ბანკი ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც მოკლევადიან მოგებაზე ფიქრობს და არა ქვეყანაზე. ბანკების დამფუძნებელნი არ არიან ქართველები და სულაც არ აინტერესებთ, რა მოუვა საქართველოს. ამიტომ ამ კორონაუბედურების დროს, როცა ინგრევა მსოფლიო ეკონომიკა, ბანკომანიას თავი გავანებოთ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სოსო მანჯავიძემ.