აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსი ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაში წარმოიშვა.
„საუკეთესო მტკიცებულება ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ჩინეთში ლაბორატორიაში არ შექმნილა. ვირუსის ევოლუცია იმაზე მიანიშნებს, რომ ის ბუნებრივად განვითარდა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
მისივე თქმით, მას არ სჯერა ალტერნატიული თეორიის, რომლის თანახმად, ვიღაცამ ვირუსი ველურ ბუნებაში აღმოაჩინა, ლაბორატორიაში მიიტანა, საიდანაც ვირუსმა შემდეგ შემთხვევით გაჟონა.
3 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის მტკიცებულება არსებობს.
„უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს, რომ ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო“, - განაცხადა პომპეომ, თუმცა ჩინეთის ხელისუფლების ვირუსთან გამკლავების კრიტიკის მიუხედავად არ უთქვამს, ვირუსმა ლაბორატორიაში შემთხვევით გაჟონა თუ არა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.