თენგიზ ცერცვაძე: აღდგომის დღესასწაულის პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა, გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი, მშვიდობიანად ჩავიარეთ

თენგიზ ცერცვაძე: აღდგომის დღესასწაულის პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა, გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი, მშვიდობიანად ჩავიარეთ

რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული შემთხვევების მატება არ გვაქვს, მოსახლეობას და ეკლესიას კეთილგონიერი რეაქცია ჰქონდა მთავრობის რეკომენდაციებზე, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას, მთავრობის რეკომენდაციებზე, თვითონ ეკლესიამაც ძალიან სწორი, კარგი პოზიცია დაიკავა და ფაქტობრივად, ეს პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა, გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი, ჩავიარეთ მშვიდობიანად. არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არ აღინიშნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

მისივე თქმით ძირითადი კლასტერები ყველა გამოვლენილია და ყველა ლოკალიზებულია, ეს კი, ეპიდემიოლოგების, ექიმების და მთელი ვერტიკალის ძალიან ეფექტურ მოქმედებაზე მიუთითებს.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.