დღემდე მსოფლიოს თავსატეხად იქცა, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოიარაღია, თუ ბუნებრივად გავრცელებული ვირუსი?! კითხვებს ამძაფრებს ისიც, რატომ გააქრეს ჩინელებმა ის მედიკოსები და ბლოგერები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შესახებ ყველაზე ადრე ალაპარაკდნენ.
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ებრაელი დავით ბოთერა კორონავირუსის პანდემიას ძვირად ღირებულ ექსპერიმენტად მიიჩნევს, რომლის მიზანიც ადამიანთა მოდგმის ხელოვნურად გადარჩევაა. მისი აზრით, ბუნებრივი გადარჩევის ბიოლოგიურ ბერკეტებს მხოლოდ გენეტიკური სიმტკიცე ვერ გადალახავს, ამას სჭირდება ხელოვნური იმუნიტეტის დანერგვაც, ანუ ხელოვნურად გადარჩევა. დღეს კი ხელოვნურად გადარჩევის პროცესს ვირუსი კორონა ემსახურება.
დონალდ ტრამპს კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა გაუჩნდა და ამის გამო ტრამპი არა მარტო ჩინელებს გადასწვდა, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც დაადანაშაულა, რომელსაც „უნდა შერცხვეს, რადგან გადაიქცა ჩინეთის პიარსააგენტოდ“.
ამერიკის ლიდერის თქმით, კორონავირუსის წარმოქმნასთან დაკავშირებით ბევრი უცნაური რამ ისმის, რასაც აშშ იძიებს. დონალდ ტრამპი არც მალავს, რომ განიხილავს ვარიანტებს, როგორ აგოს პასუხი პეკინმა, თუკი აღმოჩნდება, რომ ჩინეთი კოვიდის რეალურ მონაცემებს მალავდა. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მან ნოემბრის არჩევნები წააგოს.
ტრამპი ჩინეთს, რუსეთი კი ტრამპს ადანაშაულებს კორონას გავრცელებაში. ჯერ კიდევ თებერვალში მომზადებული სიუჟეტით რუსეთის პირველი არხი შეეცადა, მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ კორონავირუსი ტრამპის შექმნილია და ეთნიკური ნიშნით ვრცელდება.
რას ფიქრობენ კორონავირუსის ხელოვნურად გავრცელებასთან დაკავშირებით ქართველი კლინიცისტები?
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოთარ ჩოკოშვილი ფიქრობს, რომ ეს ისეთი თემაა, რომელზეც შეიძლება დაუსრულებლად ვიდავოთ, მაგრამ ჭეშმარიტებამდე ვერ მივიდეთ. For.ge-სთან საუბარში მეცნიერი აცხადებს, რომ ამ დაავადების გავრცელების სამი შესაძლო ვარიანტია: პირველი, რომ ვიღაცამ კორონა ხელოვნურად გაავრცელა და ტერორისტული მიზნების გამო შექმნა ახალი ვირუსი. თუმცა ამას სჭირდება საფუძველი, ინტერესი, ვიღაც უნდა იყოს დაინტერესებული, ახალი ვირუსით ადამიანები მოკლას, დააავადოს, რომელიღაც ქვეყანას ავნოს. ამ ვირუსმა კი დღეისთვის მთელ მსოფლიოს ავნო, მათ შორის, ჩინელებს.
„ჩინელებმა რა მოიგეს? რამდენიმე პირბადეს რომ აწარმოებენ, ვიღაც ყიდულობს და უხარისხო ტესტების ნახევარზე მეტი უკან დაუბრუნდათ? არა მგონია, ეს მათთვის დიდი მოგება იყოს. სამაგიეროდ, მათი ყველა საწარმო, მთელი მსოფლიოს სამუშაო ძალა გაჩერდა. პროდუქციის დიდი ნაწილი იწარმოებოდა ჩინეთში, ეს ყველაფერი გაჩერდა, მათ მილიარდობით დოლარის ზარალი ნახეს. ამას ემატება ტრამპის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კიდევ სხვა ორგანიზაციების მუქარა და უარყოფითი დამოკიდებულება, ზოგადად, ჩინელი ერის და გენეტიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. არც ერთ ერს ამის ინტერესი არ ექნებოდა.
ვირუსის შესაძლო გავრცელების მეორე ვარიანტია შემთხვევითი გავრცელება. ანუ არსებობს ლაბორატორია და ლაბორატორიიდან რაღაც მიზეზებით გამოეპარათ ვირუსი, შესაძლოა, მოხდა რაღაც ინციდენტი, რომელიც ვერ გააკონტროლეს და ვირუსი გამოიპარა. მესამე ვარიანტია ბუნებრივი მუტაცია. ამ ვირუსმა განიცადა ბუნებრივი მუტაცია, გადალახა სახეობა, რასაც ყოველთვის განიცდიან ხოლმე კორონავირუსები, გრიპის ვირუსები. ერთ წელიწადში შეიძლება გრიპის 5 სხვადასხვა ვირუსი დაემართოს ადამიანს. უფრო მეტიც, ერთ წელიწადში შეიძლება ორჯერ დაემართოს ერთ ადამიანს ერთი და იგივე ვირუსი. ზოგადად, კორონავირუსები გამოირჩევიან ცვალებადი ხასიათით. სხვათა შორის, ასევეა, ცე ჰეპატიტის ვირუსი, ის საკმაოდ ცვალებადია და დიდი მიღწევა იყო ცე ჰეპატიტის განკურნება, მაგრამ ცე ჰეპატიტი იმდენად ვერაგი ვირუსია, რომ მის საწინააღმდეგოდ ვაქცინა ჯერ კიდევ ვერ გამომუშავდა, რადგან სტაბილური ხასიათი არ აქვს. იგივე ითქმის შიდსის ვირუსზე, ისიც ცვალებადია, მუტაციას ადვილად განიცდის“, - აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.
რაც შეეხება ჩინეთში ექიმების გაქრობის ფაქტს, ოთარ ჩოკოშვილის აზრით, თვით ამერიკაც რომ ყოფილიყო ჩინეთის ადგილას, სავარაუდოდ, ისიც დამალავდა კორონავირუსის შემთხვევებს. როგორც წესი, როცა ვრცელდება დაავადებები და, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაშიც ცუდი ფაქტი ხდება, რომელიც რეპუტაციას შეულახავს ადამიანს, ამ ფაქტის გავრცელებას არავინ ცდილობს. მით უმეტეს, ეს შეეხება ისეთ კონსერვატულ ქვეყანას, როგორიც ჩინეთია.
კორონავირუსის გავრცელება ორი მიზეზის გამო დაიმალა. პირველი მიზეზია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მასზე ისეთი რეაგირება არ მოახდინეს, რადგან მათ წინ ედოთ ორი დიდი გამოცდილება - „სარსისა“ და „მერსის“, რომლებზეც ფიქრობდნენ, რომ ეს ეპიდემიები საკმაოდ ადვილად გააკონტროლეს და, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი სიკვდილიანობა ჰქონდათ, ასე ფართოდ არ გავრცელდნენ მსოფლიოში. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ჩინელებმა იფიქრეს, ამ ვირუსს მარტივად, ლოკალურად მოაგვარებდნენ.
ასე რომ, საერთაშორისო ჩარევამაც დაიგვიანა და მივიღეთ ის, რომ ვირუსი გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, პირველ თვეებში გავრცელდა იქვე - კოარეაში, იაპონიაში, ტაივანში, შემდეგ გადავიდა ამერიკაში, ევროპაში და დღეს უკვე მსოფლიო პრობლემა გახდა.
„ანალოგიურად ხდება შიდსის დროსაც. მე პირადად შიდსზე მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, 15 წელია, ამ დაავადებაზე ვმუშაობ და პაციენტები როდესაც კარგად გრძნობენ თავს, ან დაავადება ისეთი სიმძიმით არ აქვთ, უფრთხიან, ერიდებიან ჩვენს ცენტრში მოსვლას, წამლის დალევას, არ იჯერებენ და, სამწუხაროდ, ასეთი პაციენტები გართულებულ მდგომარეობაში სხვა კლინიკიდან მოხვედრილან ჩვენთან. კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი ვერ დამალაო, ასე ხდება ხოლმე. ეს მარტო ჩინეთს არ დაემართა. ეს დაემართა ევროპის ქვეყნებსაც. ვთქვათ, ჩინელები პატიოსნად არ მოიქცნენ და დამალეს ვირუსი, ამერიკელებს ეს რატომ დაემართათ? რატომ ვერ დაიცვეს საკუთარი ხალხი ვირუსისგან? არც ისე მარტივი ყოფილა და, ალბათ, იმიტომ. ჩინეთმა ეს მაინც შეძლო“, - მიიჩნევს ოთარ ჩოკოშვილი.
კორონავირუსის ხელოვნურობასთან დაკავშირებით იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, ჩინეთმა შესაძლოა მონაცემები დამალა, რადგან იქ კომუნისტური წყობაა და დახურული ქვეყანაა.
„მე საბჭოთა კავშირის დროს ვიცხოვრე. როცა ტოტალიტარიზმი და დახურული ქვეყანაა, არც არის გასაკვირი, რომ რაიმე მონაცემები თავიდან დაიმალოს. ამერიკამ ახლა უნდა დაადგინოს, საიდან გაძვრა ეს ვირუსი. თუ ჩინელებს ლაბორატორიიდან გაუძვრათ ვირუსი, მაშინ, რა თქმა უნდა, დასჯიან ჩინეთს და გადაახდევინებენ თანხას. ხოლო, თუ მართლა ბაზრიდან განვითარდა შემთხვევით, მაშინ ვერ გადაახდევინებენ თანხას. კორონავირუსის სიტუაციას კიდევ ბევრი პოლიტიკოსი გამოიყენებს, თანაც არაერთი წელი. ეს უკვე პოლიტიკური თამაშებია, ისევე, როგორც ტრამპის ნათქვამი, რომ მისი ხელმეორედ გაპრეზიდენტება ჩინელებს არ უნდათ“,-აცხადებს დავით ნანობაშვილი For.ge-სთან საუბრისას.