მეცნიერების პროგნოზებით, უკრაინაში კორონავირუსით შესაძლოა 35 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს, ხოლო ლეტალური შედეგი 1,2-1,6 მილიონ ადამიანთან დადგეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„არ მინდა ვინმეს შეშინება. ამ ინფორმაციას აქამდე არ ვასახელებდი, ახლა კი გადავწყვიტე, გავასაჯაროვო. წამყვანი სპეციალისტები მეუბნებიან, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 80% დაინფიცირდება, ხოლო სიკვდილიანობა 2-3%-ის პროცენტის ფარგლებში იქნება. უკრაინის მოსახლეობის 80% 35 მილიონი ადამიანია, ხოლო 3% - 1,2 მილიონი ადამიანი. დაფიქრდნენ ამაზე ისინი, ვინც პრობლემას სერიოზულად არ მიიჩნევს", - განაცხადა კიევის მერმა.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსი 12 331 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 619 გამოჯანმრთელდა, 303 კი გარდაიცვალა.