ხელისუფლება თანმიმდევრულად მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც თავიდანვე შევადგინეთ ყველა მიმართულებით და შეზღუდვების მოხსნაც ამ გეგმის ნაწილია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გეგმის განხორცილებაში ხელისუფლების თითოეული შტო არის ჩართული.
„რა თქმა უნდა, პარლამენტის როლი არის უმნიშვნელოვანესი და ის არის თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმასთან, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე - სოციალურ-ეკონომიკური პაკეტის სწორად განსაზღვრასთან და ამ პაკეტის სწორად მიტანასთან მოქალაქეებამდე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დეპუტატები ადგილზე პროცესების მართვაში აქტიურად არიან ჩართულნი, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეტია პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით.
„მაჟორიტარ დეპუტატებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს - ვიღებთ ინფორმაციებს, რეკომენდაციებს ადგილზე პროცესების მართვასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ეს ინფორმაცია თავს იყრის საბჭოში, სადაც ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები, მუნიციპალიტეტებში პროცესების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეგიონულ დონეზე შექმნილი შტატების მუშაობაშიც არიან ჩართული ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები.
გარდა ამისა, პარტიული რესურსი აქტიურად არის მობილიზებული იმისათვის, რომ პროცესების მართვაში ხელი შევუწყოთ ხელისუფლების სტრუქტურებს. მაგალითად, მთელი ჩვენი აქტივი ჩართულია ინფორმაციის მოძიებაში იმასთან დაკავშირებით, სადმე ხომ არ არის რაიმე ნიშნები ეპიდემიის გავრცელების, ან სადმე ხომ არ ფიქსირდება ცალკეული შემთხვევა.
მთელი რესურსი, როგორც ხელისუფლების, ასევე მმართველი პარტიის მობილიზებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი პრობლემებისგან თუ ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან და ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული მოქალაქე საკუთარი თვალით ხედავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.