თუ შევხედავთ სხვა ქვეყნის დინამიკას შიდა გავრცელების დაწყებიდან 6-8 კვირის პერიოდში, ჩვენ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი სიტუაცია გვაქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„თუ ჩავთვლით რომ ახლა პიკურ პერიოდში ვართ და ქვეყანაში სულ 500-ზე ცოტათი მეტი შემთხვევა გვაქვს, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც დამაკმაყოფილებელი შედეგი. მაგრამ ჯერ მოდუნების საშუალება არ გვაქვს, მუშაობა ჯერ ისევ იმ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.