ყველას კარგად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ისიც კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, მეორე ფრონტი, ეკონომიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში, ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური, მისი მოგვარება უკვე დროში აღარ უნდა გადაიდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე გაჭირდება საუბარი.
„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ექვს ეტაპიანი, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეღავათი, რომელსაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული კომპანია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება ვიყოთ ეკონომიკის გახსნაში, ეკონომიკის აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიწყო, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში და გლობალურადაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, 5 მაისიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები და ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით.
„აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას ხვალიდან, 5 მაისიდან. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი, ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას. მინდა, თითოეული კომპანიის მფლობელს და ხელმძღვანელობას მოვუწოდო პასუხისმგებლიანად მოეპყრონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.