COVID-19 გადატანის გზები აქვს ჰაერწვეთოვანი და ის ორი მეტრის მანძილზე ვრცელდება და თუ ადამიანი დარბის და ჩვენც დავრბივართ იმავე წრეში, შეიძლება 5-6 მეტრზეც, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი არ არის ჰაეროვანი ინფექცია და შესაბამისად, ის ქარით არ ვრცელდება.
„ვთქვათ, კორონავირუსი ფანჯრებში რომ შემოვიდეს, მეცხრე-მეათე ან პირველ სართულზე, მსგავსი რამ არ ახასიათებს. ეს არ არის ჰაეროვანი ინფექცია – ეს ახასიათებს ჰაეროვან ინფექციას: წითელას, ტუბერკულოზს, ჩუტყვავილას და ა.შ. თუმცა იქაც კი შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბება და უტრირებაა, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ კორონავირუსი ქარით არ ვრცელდება", – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.