„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციასთან შეთანხმების საკუთარი ნაწილი შეასრულოს.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის ნორმალიზება მოხდეს, ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასვლასთან ერთად პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სტატუს-კვო, როდესაც დასავლეთის მხრიდან ულმობელი კრიტიკა ისმოდა, აღდგება“.
„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომ არანაირი შეთანხმება არ არსებობს, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. რომ არ იყოს შეთანხმება, მაშინ ასეთი განცხადებები არ გაკეთდებოდა ელჩების მხრიდან, არ დაგმობდნენ და შეშფოთებას არ გამოთქვამდნენ, როდესაც ოქრუაშვილი დააკავეს; რომ არ იყოს შეთანხმება, მაშინ ასეთი ინტერესი არ იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ იმაზე, რომ პოლიტპატიმრებზე შეთანხმება არ არის, ჩემი მოწოდება იქნება ხელისუფლების მიმართ, რომ შეთანხმების თავისი ნაწილი შეასრულონ, ჩვენ ჩვენს ნაწილს ვასრულებთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, გადავიდეთ ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც ხალხს აწყობს და ამის კომპონენტი არის 120/30, ოღონდ ამასთან ერთად, გათავისუფლებული უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. მარტო ამ შემთხვევაში მოხდება ურთიერთობების ნორმალიზება და ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძველი სტატუს-კვო, როდესაც წერილს წერილზე იღებდნენ და ძალიან ულმობელი კრიტიკა ისმოდა დასავლეთის მხრიდან, აღდგენა, რაც, არ მგონია, „ქართული ოცნების“ და ბატონი ივანიშვილის ინტერესებში იყო“, - განაცხადა კაპანაძემ.