რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარის დაკავების საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მედიის გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გასროლა მონასტერში მოხდა, სიცრუეა და ასეთი რამ არ მომხდარა. მისივე განმარტებით, გასროლა არც ეპარქიაში იყო.
კითხვაზე, იყო თუ არა შელაპარაკება, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი პასუხობს:
„შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არ იყო - ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი. არაფერი მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში გასროლა მოხდა, მეტი არაფერი... ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს…
სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და ალბათ მამა დავითიც იტყვის, როცა გამოვა“, - აცხადებს მიტროპოლიტი.
ატარებდა თუ არა იარაღს მამა დავითი, ის ამბობს, რომ არ ატარებდა და ესეც საკითხავია, საიდან ჰქონდა.
თავის დროზე ხომ იშვილეთ, - მიმართა ჟურნალისტმა რესპონდენტს, რაზეც მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:
„თავის დროზე, კი, მაგრამ მერე - აღარ. ნასვამ მდგომარეობაში რომ ვნახე, უბრალოდ არ მომეწონა. როგორც ერის ადამიანებში სვამენ, ასე სასულიერო პირებშიც არის. მამა დავითს ყველაზე მკაცრად ვექცეოდი. თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველაზე მეტი აკრძალვები აქვს მღვდელთმოქმედების“, - აღნიშნა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა.
მას ასევე ჰკითხეს მისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერების საკითხზე.
„რატომ, მე რა დავაშავე?! არავისთან, არავითარი მფარველობა არ მაქვს. ნასვამმა მდგომარეობამ არც ერისკაცი იცის და არც სასულიერო პირი. როცა სვამს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია თუ ერისკაცი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა იობმა.
როდესაც ჰკითხეს, სვამდა თუ არა მანამდე მამა დავითი, აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ცდილობდა თავი შეეკავებინა,
„სიმართლეს გეტყვით, რომ არც უჩხუბიათ, პირიქით, იმ დღეს მამა საბა შერიგებისთვის იყო ჩამოსული, რადგან პატარა კონფლიქტი ჰქონდათ და უნდა შერიგებულიყვნენ ჩემი თანდასწრებით და შერიგდნენ“, - ამბობს მიტროპოლიტი იობი.
მისივე თქმით, გასროლა ჰაერში მოხდა, შეშინების მიზნით და კონკრეტულად რა მოხდა, ამაზე ჟურნალისტებს მოუწოდა, გამოძიება ჩაატარონ.
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი 27 აპრილს დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო