დიტო გელოვანი: ღორო, მომეც ანკესი

დიტო გელოვანი: ღორო, მომეც ანკესი

ახალგაზრდა ავტორს. დიახ, ბატონო ჩემო, აგასისი ნამდვილად ურჩევს მწერლებს, თევზი ჭამეთო, რადგან თვზის ფოსფორი პირდაპირ მისწრებაა ტვინისთვის. თქვენ მართალი ხართ, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მე ვერაფრით დაგეხმარებით, რათა დაადგინოთ თქვენთვის აუცილებლად საჭირო თევზის მინიმალური რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში, ვეჭვობ, ზუსტად განვსაზღვრო იგი. თუმცა, ერთი რამ ახლაც შეიძლება ითქვას. კერძოდ, თუ თქვენ მიერ გამოგზავნილი თხზულება ტიპიური ნიმუშია, საერთოდ, თქვენი შემოქმედებისა, მაშინ, ჩემი აზრით, თქვენთვის ჯერჯერობით სრულიად საკმარისი იქნებოდა, ასე, ერთი წყვილი ვეშაპი. მაინცდამაინც რაღაც უსაშველოდ დიდი ზომისა არ გინდათ, ჩვეულებრივი ვეშაპიც გეყოფათ.

(მარკ ტვენი, “პასუხი მომავალ მწერალს”)

 

დიახ – ფოსფორი ტვინის მეგობარია, ტვინი ადამიანის მეგობარია, ადამიანი საზოგადოების ნაწილია, საზოგადოებაზე დგას სახელმწიფო. ფოსფორს თევზი შეიცავს, ანუ სახელმწიფო დგას თევზზე, ზოგი – ზუთხზე, ზოგი – ლოქოზე. ზუთხი შამფურზეა კარგი, ლოქო – ქინძმარში. მე ზუთხს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა, ერთი სიმღერისა არ იყოს (“თეთრი გოგო მომწონდა, შავის გვერდით დამსვეს”), ისეთი სახელმწიფოს ყოველკვირეულ ამბებზე მიწევს წერა, ლოქოზე რომ დგას, ხოლო ლოქო ცურავს ქინძმარში. ქინძი და ძმარი… იცოცხლე, ტარხუნა და “საფერავი” ჯობდა და სხვაც ბევრი რამ არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში.

 

“სხდომაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კოპლატაძემ ციფრებში წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, მოსახლეობის რომელი კატეგორია მგზავრობისთვის რა ტარიფს იხდის. მისი თქმით, დედაქალაქში 580 ათას ადამიანს - სოციალურად დაუცველ პირს მგზავრობის საფასური არ გაუძვირდება…”

 

ტრანსპორტი რომ გაძვირდებოდა, ეს მანამდეც ვიცოდით. ისიც ვიცოდით, რამდენით გაძვირდებოდა. არ ვიცით, კიდევ როდის და რამდენით გაძვირდება. ახალი, რაც გასულ კვირაში შევიტყეთ, არის ის, რომ “დედაქალაქში 580 ათას ადამიანს - სოციალურად დაუცველ პირს მგზავრობის საფასური არ გაუძვირდება”.

 

“ვარდების ტუსოვკის” შვიდი წლის თავზე მხოლოდ დედაქალაქში სოციალურად დაუცველი 580 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ყოველ საღამოს თვალებგაფართოებული (შიმშილისგან) უცქერის “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” საინფორმაციო გამოშვებას, საიდანაც უმტკიცებენ, რომ მართალია ისინი სოციალურად დაუცველები კი არიან, მაგრამ სხვა მხრივ არიან ყველანაირად დაცულები – მათ არ მოპარავენ მანქანას, არ ჩამოგლეჯენ ბრილიანტის საყურეებს, არ გახდიან ქურქს და ვერავინ მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას – “წადი შენი სოციალურად დაუცველი დედაც…”

 

ისე, მე თუ მკითხავ, დროა გავარკვიოთ, რას ნიშნავს “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”. “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” ნიშნავს კობა ბექაურის, ლადო ვარძლაშვილის, ზაზა ბეგაშვილის, მაია ნადირაძის, გიორგი არველაძის… ტელევიზიას. მაგრამ, მეორე მხრივ და ამავე დროს, რადგან ყოველ საღამოს სოციალურად დაუცველი 250 ათასი ადამიანი ეკრანებს არის მიჯაჭვული, აღნიშნული ტელევიზია, ამავე დროს, არის “სოციალურად დაუცველი ხალხის ტელევიზია”.

 

მოკლედ, სოციალურად დაუცველ 250 ათას ადამიანს ტრანსპორტით მგზავრობა არ გაუძვირდება. გაუძვირდებათ მხოლოდ სოციალურად დაცულებს და ამაში ნამდვილად არის გარკვეული ლოგიკაც და სამართლიანობაც – თუ დღეგამოშვებით რესტორანში დადიხარ, თუ ერთი აგარაკი ზღვაზე გაქვს და მეორე მთაში, თუ შოპინგისთვის პარიზში დაბრძანდები… კეთილი ინებე და ავტობუსით მგზავრობისთვის 10 თეთრით მეტი გადაიხადე.

 

მგზავრობის საფასურის გაზრდას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ქალაქის მთავრობამ მგზავრობის თანხის გაძვირება საწვავზე ფასების მომატებით ახსნა… და, ალბათ, როდესაც თავისთვის ხელფასებს გაიზრდიან და საკუთარ თავებს პრემიებს გამოუწერენ, ამასაც საწვავზე ფასების მომატებით ახსნიან, ხოლო ჩვენ მივხვდებით, რომ უბრალოდ, მადა მოემატათ. მივხვდებით და გავჩუმდებით. ჩვენ კი გავჩუმდებით, მაგრამ არ გაჩუმდება “წარმომადგენლობითი სახალხო კრება”.

 

“წარმომადგენლობითი სახალხო კრება” ყოველი ნაბიჯით დაამტკიცებს, რომ მიაღწევენ დასახულ მიზანს” – გასულ კვირაში განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. “მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია” – ვისაც ეს პოლონური სერიალი ახსოვს, ჰანს კლოსის სიტყვებიც ემახსოვრება: “ია–23 კვლავ ხაზზეა”.

 

ნინომ თქვა: “ჭორები სახალხო კრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება”. ნინოსაც ყვარებია მარკ ტვენი. “იგეგმება, რომ შეჯერდეს ჩვენი პოზიციები, ჩვენი ხედვები, გავაერთიანოთ ძალები. პროცესი უკვე დაწყებულია, შტაბი ჩამოყალიბების პროცესშია… გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი გვაქვს და ყველა ემორჩილება ამ გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და და გაუკვირდა: “სახალხო კრებაში” არანაირი განხეთქილება არ არის”.

 

რა განხეთქილება, რის განხეთქილება… ნიშანდობლივია, რომ სიტყვა “განხეთქილებაზე” კომენტარი გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. იყო ასეთი ჭორი – “განხეთქილება”. აი, ვინმეს რომ ეთქვა “სახალხო კრება წელში გადატყდაო” კომენტარს კახა შარტავასგან მოვისმენდით. რომ თქმულიყო, სახალხო კრებას ფასეულობები არ გააჩნიაო, კომენტარს ნინო ბურჯანაძე არ დაგვზარდებოდა.

 

“სახალხო კრებაში” არ ვიცი, მაგრამ “ეროვნულ ფორუმში” კი ნამდვილად რაღაც ხდება. ერთი უკვე მოხდა – ირაკლი მელაშვილმა “ფორუმი” დატოვა და მასთნ ერთად, როგორც ამბობენ – პოლიტიკაც. ერთი ამბავი ატყდა – რატომო, რისთვისო… ზინედინ ზიდანმა თუ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, დიდი ამბავი თუ ირაკლი მელაშვილი ლურსმანზე მეგაფონს ჩამოკიდებდა!

 

ამ ამბებთნ კავშირი არ აქვს, მაგრამ ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით – ავსტრალიაში საშობაო ნაძვის ხე ველოსიპედებისგან დაამზადეს. მეორე საინტერესო ამბავი უჩემოდაც მოგეხსენებათ – თბილისის მერიამ ნაძვის ხე წმინდა გიორგის ქანდაკებისგან დაამზადა. “ნაძვის ხე ქართული ზღაპრის გმირმა ბომბორამ “ჯადოსნური ჯოხით” აანთო, რასაც მშობლებთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათეულობით ბავშვი ადევნებდა თვალყურს” – იუწყებოდა “ინტერპრესნიუსი”.

 

სად შოულობს ეს ხალხი ამ ჯადოსნურ ჯოხებს?! საერთოდაც, ძალიან საინტერესოა იმ კონკრეტული ჯადოსნური ჯოხის ისტორია. მის შესახებ ცოტა რამ თუ არის ცნობილი. მაგალითდ, რამდენიმე წლის წინ ამ ჯადოსნური ჯოხით ერთი ჟურნალისტი შეეხო ანდრო ბარნოვს და ერთი ჩვეულებრივი, სხვაზე ოდნავ მეტად ნაკითხი ბიჭი უცებ ექსპერტად იქცა. გასულ კვირაში კი იმავე ჯოხით ანდრო ბარნოვს შეეხო ბაჩო ახალაია და ერთი, სხვაზე ნაკლებად ნაკითხი ექსპერტი უცებ თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად მოგვევლინა.

 

“ის საკმაოდ დიდი ხანია, თანამშრომლობს ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით… ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა ის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ პატივი გვაქვს, რომ  ბატონი ანდრო ჩაუდგეს სათავეში თავდაცვის ეროვნულ აკადემიას” – გვახარა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ხარშილაძემ.

 

არადა, წინა დღეს ასეთი ნიუსი იყო: “ბაჩო ახალაიამ არასამთავრობოებს ვაზიანის ბაზაზე უმასპინძლა”. ნიუსში იყო ასეთი წინადადება: “ასეთი სახის შეხვედრები ძალიან პროდუქტიულია. არასამთავრობოებს აქვთ საშუალება, მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა”.

 

მერე იტყვიან, ჯადოსნური ჯოხი არ არსებობსო… როგორ არ არსებობს! არსებობს, ოღონდ, ძალზე მცირე რაოდენობით. ბარნოვს კიდევ ბევრჯერ შეეხებიან სხვადასხვა ზომის ჯოხით, ოღონდ, არა მგონია რომელიმე მათგანი ჯადოსნური იყოს.

 

ახლა, ერთი ნიუსი, რომლის ციტირებასაც სრულად მოვახდენ: “დღეს, სოციალურ ქსელებში (ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი) გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს ლადო ვარძელაშვილი 2009 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 3 000 ლარამდე პრემიას იღებდა. 2009 წლის 20 იანვრით დათარიღებულ გუბერნატორის განკარგულებაში, რომელსაც ბეჭედი და ხელმოწერაც აქვს, ვარძელაშვილი 2009 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 2 950 ლარის ოდენობის პრემიას საკუთარ თავს უნიშნავს. ამავე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ვარძელაშვილმა თავის თავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 1000 ლარი გამოუყო მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად. აღნიშნული დოკუმენტი 2009 წლის პირველი აგვისტოთი არის დათარიღებული. ლადო ვარძელაშვილი მაროკოში იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება”.

 

კომენტარი თქვენთვის მომინდვია.

 

“მიხეილ სააკაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლა” – ეს გასულ კვირაში იყო. ქსენია სოკოლოვას და ქსენია სობჩაკს მიშა მანამდე შეხვდა. “ეს არ არის ვიღაცის კერძო სახლი, ეს არ არის არც მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე, ეს არის ყველა თქვენგანის სახლი, ყველა თქვენგანის სასახლე” – სანამ ბომბორა ჯადოსნურ ჯოხს თავისუფლების მოედანზე იქნევდა, მიშა ზღაპრებს ყვებოდა ავლაბარში. “თქვენ შეგიძლიათ ბევრად უფრო მეტს მიაღწიოთ, ვიდრე იმ ადამიანმა, ვისაც საერთოდ არანაირი პრობლემა არ აქვს ცხოვრებაში. მიუღწეველი და გაუკეთებელი პრაქტიკულად არაფერია” – ეს არის ნაწყვეტი მიშას იმდღვანდელი ზღაპრიდან. ბავშვებმა სასახლე და მუზეუმი დაათვალიერეს და პრეზიდენტისაგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

 

ზღაპარი–მეთქი და, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ზღაპარი შეიძლება სინამდვილედ იქცეს და ოცნება ახდეს. მხოლოდ 6–7 წელია მას შემდეგ გასული, რაც სააკაშვილი პირველად შეხვდა შეზღუდული შესაძლებლობების, მაგრამ შეუზღუდავი ამბიციების მქონე ბავშვებს – ლადო ვარძელაშვილს, დავით კირკიტაძეს, ზაზა გოროზიას, ბიძინა ბრეგაძეს, გეგა მგალობლიშვილს, კობა ბექაურს… – და იგივე სიტყვები უთხრა. მანამდე, ნინო კალანდაძეს აეროპორტში შეხვდა, გასულ კვირაში კი ნინო კალანდაძემ ყველას ჭკუა დაგვარიგა – მედიას მოუწოდა, სახელმწიფო მოხელეების შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს სიფრთხილით მოეკიდოს.

 

გეკითხებით, როგორ უნდა მოვეკიდო იმ ინფორმაციას, რომ ლადო ვარძლაშვილი ყოველთვიურად საკუთარ თავს 3000–ლარიანი პრემიით აჯილდოვებდა? დავუჯერებ ნინოს – ფრთხილად მოვეკიდები ამ ბრალდებას და საბა წიწიკაშვილს ვკითხავ: “საბა, ძმაო, სანამ ამ ციფრებს დადებდი, გადაამოწმე? მოდი, კიდევ ერთხელ გადაამოწმე, რადგან მე, პირადად, მათში ეჭვი მეპარება. ვარძელაშვილის ამბავი რომ ვიცი, პრემია 5000 ლარზე ნაკლები არ იქნებოდა”.

 

ამ მხრივ, სიფრთხილეს ვგულისხმობ, მართლაც ქების ღირსია გიორგი თარგამაძე. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ გამოაცხადა: შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს; მეწარმეებზე შემცირდება საგადასახადო წნეხი; მეწარმის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში საწარმო არ უნდა დაიხუროს, არამედ ფუნქციონირება უნდა განაგრძოს და სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს. “სახელმწიფომ გადამხდელს ხელი კი არ უნდა წაუჭიროს ყელში, არამედ, უნდა ჩაკიდოს ხელი” – თქვა მიშამ და გიორგი თარგამაძემ ფრთხილად გამოთქვა იმედი, რომ “პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებების შემდეგ საქართველოში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდება”.

 

“დენი – 10 თეთრი, გაზი – 5 თეთრი, წყალი – უფასო” – ასეთი ფრთხილი დაპირებაც მახსოვს. ახლა თარგამაძე ფრთხილად არის და ცდილობს, არავის გაახსენდეს 2010 წლის წინასაარჩევნო ლურჯი აპრილი და უფერული ივნისი, როდესაც არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული ცდილობდა, ყველას რაც შეიძლება მალე დაგვევიწყებინა მენავთობე გია ჭანტურიას არსებობა.

 

ისევ სააკაშვილის ახალ ეკონომიკურ კურსს დავუბრუნდები. “მე ტყუილად კი არ დავდივარ აქეთ-იქით და თავად დამაქვს პროექტები. იმისათვის, რომ ხალხი ცხოვრობდეს უკეთესად, რომ გაჭირვება იყოს ნაკლები, უნდა გამოვაღვიძოთ მეწარმის სულისკვეთება” – თქვა მიშამ და “სახის” სახესთან, გოგა ხაჩიძესთან ერთად, მექსიკაში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე გაემგზავრა.

 

მიშა და გოგა მექსიკაში 6 დღეს დარჩებიან. როგორც გოგა ხაჩიძემ აღნიშნა, ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებით, შექიმნება ფონდი, რომელშიც თავს 100 მილიარდი დოლარი მოიყრის, საიდანაც შემდგომ თანხები განვითარებად ქვეყნებზე გადანაწილდება იმ წარდგენილი პროექტების მიხედვით, რასაც თითოეული ქვეყანა შესთავაზებს.

 

და, რას შესთავაზებს საქართველო? რას და, რადგან ეუთოს სამიტს შოთა რუსთაველის “ვინც მეგობარსა არ ეძებს, იგი თავისა მტერია” შევთავაზეთ, კლიმატურ სამიტს ვეტყვით გოგა ხაჩიძის უკვდავ სიტყვებს –  “პოლიეთილენის პარკი ბუნების მტერია”.

 

ისე, ჩვენში დარჩეს და, უკვე თვლა დავკარგე, გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენი თანამშრომელი დაიჭირა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა. თვლა კი დავკარგე, მაგრამ, სამაგიეროდ, ახალი ლოზუნგი მოვიპოვე – “გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნების მტერია”.

 

იმ 100 მილიარდიდან ერთი–ორი მილიარდი თუ საქართველოსაც შეხვდება, მერე ნახეთ გოგა ხაჩიძის ყოველთვიური პრემიები. თუმცა, გასულ კვირაში “კურიერის” საშუალებით ჯვრის მონასტერთან გამართული “დასუფთავების მასშტაბური აქცია” (ნიუსში ასე ეწერა) ვნახეთ. გოგა და ბავშვები პარკებს აგროვებდნენ. შემდეგ, ბავშვები სახინკლეში წავიდნენ, ხოლო გოგა, როგორც უკვე გითხარით – მექსიკაში.

 

ჩვევა მაქვს გამომუშავებული – რასაც “კურიერი” ამბობს, ყველაფერს პირიქით ვიგებ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო – გოგამ და ბავშვებმა პოლიეთილენის პარკებით და ბოთლებით მორყვნეს იქაურობა, ხოლო შემდეგ, გოგა სახინკლეში წავიდა, ხოლო ბავშვები – მექსიკაში.

 

ზოგი მიდის, ზოგი მოდის. გასულ კვირაში ერთი ნიუსი წავიკითხე და იმდენი ვიცინე, რომ ლამის მოსასულიერებელი გავხდი. აი, ისიც: “აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დღეს, იტალიის ქალაქ პიზის მუნიციპალიტეტის მედია-დაგეგმარების, ბიზნეს კომუნიკაციების, ტურიზმისა და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელ კლაუდიო ჩერაის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა განათლებისა და კულტურის, ბიზნესის ხელშეწყობის, მშვიდობის ბანაკის ორგანიზებისა და იტალიაში აფხაზეთის კულტურული დღეების გამართვის საკითხები განიხილეს”.

 

არა, ხომ მართლა ძლიან მაგარია – აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქ პიზის მუნიციპალიტეტის მედია-დაგეგმარების, ბიზნეს კომუნიკაციების, ტურიზმისა და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელი! დააკვირდით – დეპარტამენტის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე კი არა, არამედ, წარმომადგენელი!!!

 

ეგ იქით იყოს, მაგრამ საინტერესო ის არის, რაღა მაინცდამაინც პიზას ეცნენ? სხვა დროს დავინტერესდებოდი და შესაბამის კითხვასაც გავგზავნიდი, მაგრამ ახლა, მგონი, მე თვითონაც ვხვდები. ესენი – მთავრობა, პარტია და არასამთავრობოები – არიან ლიბერალები. ლიბერალიზმის მათეული გაგება ცისფერების უფლებების დაცვით იწყება და მთავრდება. ჰოდა, პიზასაც იმიტომ ეცნენ, რომ პიზის სიმბოლო არის გადახრილი კოშკი. ანუ, ამ ქალაქს რაღაც გადახრები აქვთ. იმიტომაც აირჩიეს პიზა.

 

რა თქმა უნდა, ბარამია გამოვა და იტყვის, რა შუაშია გადახრებიო, მაგრამ სანამ ამას GQ-ს არ ეტყვის, მანამდე არ დავიჯერებ. მაგალითად, რომ ამბობდნენ, ვერა ქობალია სტრიპტიზის მოცეკვავე იყოო, გასულ კვირაში ვერა ქობალიამ GQ-ს დიდGQებიან (5 ზომა) ჟურნალისტს, ქსენია სოკოლოვას უთხრა, ტყუილიაო. ჰოდა, მეც დავიჯერე – ქობალია იყო ხაბაზი, ხოლო ხაბაზი არის პარლამენტის წევრი. იმავე დიდGQებიან ჟურნალისტს კი, ვანო მერაბიშვილმა რუსი სამხედროების დანაშაულებებზე უამბო.

 

სხვათა შორის, ქართულ ჟურნალისტურ კორპუსში ბევრს აქვს დიდი GQ (IQ-ში არ აგერიოთ), მაგრამ მიშა და ვანო რატომღაც მხოლოდ რუსებს ეგულახდილებიან.

 

კიდევ ერთი ამბავიც და წავალ.

 

“ბრაზილიის სენატის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ბრაზილიაში ეპატიჟება. ამის შესახებ ბრაზილიაში ელჩობის კანდიდატმა ოთარ ბერძენაშვილმა დღეს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა”.

 

პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი გამიგია, მეცნიერებათა კანდიდატი გამიგია, 2013 წელს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გამიგია… ბრაზილიაში ელჩობის კანდიდატი პირველად გავიგე.

 

ეს ამბავი GQ–ზე გამახსენდა.

 

ჩავა ბაქრაძე ბრაზილიაში და ბრაზილიელი კოლეგები მას იმ გამოცდილებას გაუზიარებენ, რომელსაც ეს ნიუსი მოგვითხრობს: “ბრაზილიის ხელისუფლებამ პროფესიონალ კლოუნს, ფრანცისკო ოლივიერას სადეპუტატო მანდატი წერა-კითხვაზე ტესტის ჩატარების შემდეგ დაუმტკიცა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფრანცისკო ოლივიერამ საბაზისო ტესტი ჩააბარა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპუტატმა ინტელექტის მინიმალური დონე აჩვენა. ამრიგად, კლოუნი ბრაზილიის კონგრესში დეპუტატის სკამს დაიკავებს”.

თ.გ.ა. (თქვენც გამოთქვით აზრი) უფროსები ანებივრებდნენ, ახალგაზრდები კი შურის თვალით უყურებდნენ. მან თავისი სახელი უკვდავყო; ადგილობრივი გაზეთი ქება–დიდებით იხსენიებდა მას. ზოგიერთები იმ აზრსაც კი გამოთქვამდნენ, იქნებ ოდესმე პრეზიდენტიც კი გახდეს, თუ სახრჩობელას გადაურჩაო.

(მარკ ტვენი, “ტომ სოიერის თავგადასავალი”)