ფრთხილად, ბანკია!!!

ფრთხილად, ბანკია!!!

რიგითი მოქალაქე - ლ.მ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, საბანკო კაბალაშია - ნაირფერი საკრედიტო ბარათებით 3000 ლარი აქვს ნასესხები. ორი თვის წინ უმუშევარი დარჩა; მაღალი პროცენტის გამო, ვალის მომსახურებას ვეღარ აუდის. რესტრუქტურიზაციას ბანკი არ თანხმდება; თანხების შესაგროვებლად ერთკვირიანი ვადა აქვს მიცემული; საგულისხმოა - როგორც კი პრობლემურ მოვალეთა სიაში აღმოჩენის საფრთხე დაემუქრა, სესხის წლიური განაკვეთი 28%-დან 36%-მდე გაუზარდეს.

პირობების ცალმხრივად შეცვლის უფლება ყველა საკრედიტო ხელშეკრულების ე.წ. „მნიშნვნელოვან მუხლებშია“ შეტანილი: პრეტენზიის შემთხვევაში, კრედიტ-ოფიცერს სტანდარტული პასუხი აქვს გამზადებული: „ პირობების ცალმხრივად შეცვლა საბანკო სფეროში მიღებული პრაქტიკაა. კლიენტს ერთი თვით ადრე ვაყენებთ საქმის კურსში. თუ ჩვენი ხელშეკრულება არ გაკმაყოფილებთ, სხვა ბანკში მოახდინეთ რეფინანსირება.“

ლ.მ. ვალის აღებას ინფანტილურ გადაწვეტილებად მიიჩნევს; დანანებით ამბობს, რომ მისი შემოსავლის ორ მესამედზე მეტი ვალის მომსახურებაზე იხარჯება და ხუმრობით, „12 სკამიდან“ აკეთებს პერიფრაზს: „საქართველო ბანკების და საბანკეტო დარბაზების ქვეყანაა. აქ ადამიანი იმისთვის ცხოვრობს, რომ ვალი აიღოს, ნერვიულობისგან გული გაუსკდეს და რომელიმე „საბანკეტოში“, ჭირისუფალთა ხარჯზე ქელეხს გამოკრას ხელი“.

უნდა ითქვას, ბანკის კლიენტების უმრაველესობა საკრედიტო ხელშეკრულებას არც კი ეცნობა, ანდა, გაცნობისას, ვერაფერს იგებს. სესხის ღირებულებაზე მხოლოდ მაშინ დაფიქრდებიან, როცა ფინანსური გასაჭირი ვალდებულების შესრულებას აძნელებს და მკაცრი სანქციების ამოქმედება იწყება: მინიმალური შესატანის დაგვიანების შემთხვევაში ფიქსირებული პიგასამტეხლო - 20 ლარი. ყოველ ვადგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმა მინიმალური გადასახადის ძირითადი სესხის 0.50% ; ე.ი. ფიქსირებულ განაკვეთს თვეში 15% ემატება . წლიური საპროცენტო განაკვეთია - 28%, რომელსაც ბანკი, მოქმედი ხელშეკრულების დროს, საკუთარი სურვილისამებრ 36%-მდე ზრდის. ყოველთვიური შენატანის დაგვიანებისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 45.02%, ან 53.56% .(ბანკის სურვილის მიხედვით); გადახარჯულ თანხაზე (ასეთი რამეც ხდება) წლიური 32% დაანგარიშებული გადახარჯვიდან ყოველ კალენდარულ დღეზე. ეს იმ სესხის საფასურია, რომელსაც ბანკი ორთვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კლიენტს უფასოდ სთავაზობს.

ასე, რომ, გარანტირებული შემოსავლის გარეშე ზარალი გარანტირებულია.

გადახდისუუნარობის შემთხვევაში, კლიენტს შეიყვანან შავ სიაში, შეაწუხებენ სასამართლოს აღმასრულებებლები, რომლებიც დაუყადაღებენ ქონებას; პერიოდულად, მანანა არჩვაძის რისხვა, თემურ მღებრიშვილიც დაემუქრება - ყოფილი სპეცრაზმელი, ბოლო წლებია, პრობლებურ მოვალეებთან ურთიერთობის მოგვარებაში ბანკებისგან გასამრჯელოს იღებს.

საკრედიტო ბარათი არაუზრუნველყოფილი ვალია. ამიტომაც სესხის ფასი მაღალია. გარანტიის არარსებობის მიუხედავად, საბარათე სესხებს ბანკები საკმაოდ იოლად გასცემენ: ხშირად არც სამუშაოს დამადასტურებელ მოწმობას, არც სახელფასო ცნობას არ ითხოვენ. აშკარაა, ბანკი თავად არის დაინტერესებული პოტენციური კლიენტი ნაირფერი ბარათებით მოხიბლოს.

სამომხარებლო სესხის კიდევ ერთი ტიპი სახელფასo კრედიტია, რომელიც სამსახურის დამადასტურებელი ცნობითა და თავმდების წარდგენით გაიცემა. პროცენტი აქაც მაღალია - 21-25%.

ბიზნეს-სესხი ძვირადღირებული ქონებით არის უზრუნველყოფილი, მაგრამ ღირებულება მაინც დიდია: მინიმალური განაკვეთი 16 % , მაქსიმალური - 28%. უზრუნველყოფა ძირითადად ბინებითა და საწარმოო საშუალებებით ხდება. ბიზნეს - გეგმა მეორეხარისხოვანია: ფულადი ნაკადების მოძრაობის პროგნოზი, საწარმოო, მარკეტინგული, თუ ფინანსური გეგმები ბანკისთვის დიდად არ აინტერესებს. მთავარია გარანტიის ღირებულება მოთხოვნილი სესხის ოდენობას რამდენჯერმე აჭარბებდეს.

უზრუნველყოფის მიუხედავად, ყველაზე ძვირი სალომბარდე კრედიტია: წლიური 36-48%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 57.3 %. თუ ისესხეთ 200 ლარი, ბანკს დაუტოვებთ თითქმის ნახევარს. პროცენტის დაგვიანების შემთვევაში, კი - სამ მეხუთედს. სიძვირის მიუხედავად, სალომბარდე კრედიტებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. თბილისის რიგ უბნებში, დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში, შესაძლოა 50 ლომბარდი დათვალოთ - ყველა წარმატებით მუშაობს. ხალხი უკანასკნელ სამკაულს იხსნის და ბანკში აგირავებს.

ექსპერტები სესხების სიძვირის ერთერთ ფაქტორად მაღალ მოთხოვნას მიიჩნევენ, რომელმაც პიკს 2011 წელს მიაღწია. ამას გარდა, ფასს მაღალი რიკები - არასტაბილური გარემო და სუსტი ეკონომიკა განსაზღვრავს. დაუხვეწავი შრომის კანონმდებლობა დასაქმებულის ინტერესებს არ იცავს. სამსახური დღეს არის, ხვალ - არა. რისკიანია წვრილ და საშუალო ბიზნესი - მენეჯმენტის დაბალი კულტურა, კადრების დეფიციტი, არაპროპორციულად მაღალი საგადასახადო ჯარიმები და ძვირი სესხის მომსახურება ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს მეტისმეტად ამცირებს.

უპრობლემო ურთიერთობა ჩვენს ბანკებს მხოლოდ კორპორატიულ კლიენტებთან აქვთ. სახელმწიფო ქოლგის ქვეშ მყოფი მსხვილი ბიზნესი კარგად აწყობილი, შემოსავლიანი სტრუქტურაა. პოლიტიკური ლოიალობის წყალობით მათი რისკები მინიმალურია.

ექსპერტები შესაძლებლად მიიჩნევენ კრედიტების 3-4%-ით გაიაფებას. 2012 წელს სესხებზე მოთხოვნა ოდნავ შემცირდა - განაკვეთმა 1-2%-ით დაიწია. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, საშუალო განაკვეთი წლის დასაწყისში 23.7% იყო, სექტემბრისთვის - 22% . უცხოურ ვალუტაში, წლის დასაწყისში - 16.8%, სექტემბერში 14.7% . ბანკების ყველა პროდუქტის შეწონით, სესხის განაკვეთმა სექტემბერში 18.4% შეადგინა. (იანვარიში - 20.5 %)

რამდენიმე ბანკმა აქციები მოაწყო ბიზნეს-სესხების შედარებით იაფ რეფინანსირებაზე (“საქართველოს ბანკისა” და VTB-ს 14%-იანი სესხები) მაგრამ მათი ნაბიჯები ტენდენციაში არ გადასულა - ჩვენი საბანკო სისტემა, ფაქტობრივად, ოლიგოპოლიაა და პროცენტის შემცირება ბაზრის მსხვილი ოპერატორების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„რატომ გააიაფებს ბანკი კრედიტს, როცა კლიენტი მზად არის კაპიკებში დააგირაოს ქონება?“- ამბობს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე - „მაღალი პროცენტის მიუხედავად, სესხზე მაინც დიდი მოთხოვნა. კომერციულ ბანკებს, ცენტრალური ბანკის მეშვეობით, ადვილად შეუძლიათ რესურსების მობილიზება და ნებისმიერ შემთვევაში მოგებული რჩებიან. ჩემი აზრით, პრობლებას სწორედ ეროვნული ბანკი ქმნის, რომელიც კომერციულ ბანკებს უკონკურენტო კარტელის რეჟიმში ამუშავებს. ცენტრალური ბანკი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მონეტარული პოლიტიკა თავისუფალმა კონკურენციამ უნდა შეცვალოს, რომელიც ოქროს საგადამხდელო საშუალებად დააბრუნებს. ასეთი ვითარებაში ბანკი ჰაერიდან ვეღარ მოჭრის ფულს, რაც გაუფასურებას აგვაცილებს თავიდან. თუ ხალხს ფულის გადადების შესაძლებლობა და მოტივაცია გაუჩნდა, ბუნებრივია, სესხებიც გაიაფდება. დღესდღეობით, ჩვენს სისტემაში ფულს დანაზოგის სახით არ ინარჩუნებენ. ინვერსტირება საერთოდ არ ხდება. ფულის მხოლოდ უძრავ ქონებასა და ძვირფას ლითონებში იდება“.

კრედიტებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილბლად ბანკებს ფული სჭირდებათ. ამიტომაც გააძვირეს ანაბრები. კლიენტების მიზიდვა სხვადასხვა აქციებით ხდება, მაგრამ დეპოტიზების ინდექსი მაინც არ არის მაღალი. საინტერესოა დეპოზიტებისა და სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების მაჩვენებლები: 2011 წლის მონაცემებით, სესხები მშპ-ს 32%-ი იყო (6.4. მილიარდი ლარი), დეპოზიტები -23 %.(4.6 მილიარდი)

შედარებისთვის - ევროპის ქვეყნებში სესხები მშპ-ს 200 %, დეპოზიტები - 100%. ამერიკის შეერთებულ შტატებში სესხების შეფარდება მშპ-სთან 210%, ბრიტანეთში - 185%; გერმანიაში - 105%; ესტონეთში - 93%, ლიტვაში - 60%. ამ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია დეპოზიტების მაჩვენებელიც. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-სა და ევროპის ეკონომიკა ჯანსაღია - ჭარბ ფულს გამოიმუშავებს. ანაბრების მაღალი ინდექსი, საბოლოო ჯამში, იაფ სესხებში აისახება, რომელთა პროცენტი 3-იდან 8–მდე მერყეობს. სესხის საპროცენტო განაკვეთი ჩვენთან შედარებით, გაცილებით დაბალია მეზობელ აზერიბაიჯანში - 8%, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკის უკეთეს ვითარებაზე მეტყველებს.

„სესხის ფასი ეკონომიკის სიჯანსაღესა და ქვეყნის ეკონომიკაში გამომუშავებული ფულის რაოდენობაზეა დამოკიდებული“ - ამბობს ფინანსისტი ვახო ხომიზურაძე, რომელიც თავის დროზე ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვიცე-პრეზიდენტი იყო; ბირჟის გაუქმების შედეგად, უმუშევარი დარჩა; მისი ოჯახის კეთილდღეობა სესხის პროცენტებისა და ჯარიმების გადახდას შეეწირა - „სანამ გვექნება უმუშევრობის მაღალი დონე, მანამ გვეყოლება საბანკო სესხებით გაღატაკებული მოსახლეობა. უმუშევრობის დაძლევა ბიზნესის წინსვლის გარეშე წარმოუდგენელია. რა განავითარებს ბიზნესს? - საინვესტიციო კაპიტალი და საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა. ამას გარდა - სააქციო საზოგადოებების განვითარება და საფონდო ბირჟის რეალურად ამოქმედება. ეს ფაქტორები სესხებზე მოთხოვნას შეამცირებს; საპროცენტო განაკვეთი დაიწევს. ბანკებიც, ორიენტაციას მეტწილად ბიზნესის დაფინანსებაზე აიღებენ რომელსაც გაიაფებული სესხის მომსახურება აღარ გაუჭირდება“.

„უნდა ითქვას, ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებელი წლების განმავლობაში მაინცდამაინდ მაღალი არ ყოფილა... არასდროს გაცემულა კრედიტი „სტარტ აპ“- ის დასაფინანსებლად. თამამად შემიძლია განვაცხადო - საქართველოს დღევანდელი საბანკო ბიზნესი ნაირნაირი საკრედიტო ბარათებით „შეფერილი“ წმინდა წყლის მევახშეობაა“ - ამბობს ხომიზურაძე.

განუვითარებელი ეკონომიკის, დიდი რისკებისა და დავალიანების კრიზისის მიუხედავად, საბანკო სფერო ერთერთი ყველაზე შემოსავლიანია. ორი წამყვანი ბანკის მოგება ბოლო 4 წელიწადში 2-3- ჯერ გაიზარდა. მთლიანად, საბანკო სფეროს მოგებამ 2011 წელს რეკოდრული 323 მილიონი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის თნახმად, დღეს საქართველოში 100 ათასი მოვალე უსახლკაროდ არის დარჩენილი. 73 ათასი გამოსახლების მოლოდინშია. ბანკებს უჭირთ არალიკვიდური აქტივებისგან გათავისუფლება: 2012 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების ბალანსზე („ლიბერთის“ გარდა) 112.6 მილიონი ლარის უძრავ-მოძრავი ქონება ირიცხებოდა.

საინტერესოა სესხების გამოყენების მიზნები: მოსახლეობის უმეტესობა ვალს იღებს არა სწავლის, ან სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის, არამედ არსებობისთვის! პროცესი ტოტალური უმუშევრობის ფონზე ვითარდება, რის შედეგად ბანკების კლიენტთა ვალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. სოციალური ფონი მძიმეა. სესხის ფასი - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - მეტისმეტად ძვირი. გამოსავალი რესტრუქტურიზაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამასაც ჯერჯერობით, პერიოდული აქციების სახე აქვს.

ბანკებს ბრალს ვერ წაუყენებ - კლიენტებზე სოციალური პასუხისმგებლობა მათ არ მოეთხოვებათ. არც სესხის აღების ვალდებულება დაუკისრებიათ ვინმესთვის. ბანკები ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული სისტემაა, რომელიც საკუთარი ბიზნესის რისკებს რაც შეიძლება ამცირებს. მაგრამ საკითხავია, რა მექანიზმით უნდა შეუმსუბუქონ მდგომარეობა ვალებში გადავარდნილ ასიათასობით ადამიანს?