ფუმფულა ფუნთუშები არაჟნის შიგთავსით

ფუმფულა ფუნთუშები არაჟნის შიგთავსით

ინგრედიენტები

ფქვილი - 350-400 გ

საფუარი - 7 გ

კვერცხი - 1 ცალი

რძე 3,2% - 100 მლ

მაწონი 3,5% - 50 მლ

შაქარი - 50 გ

ზეთი - 3 ს/კ

მარილი - ¼ ჩ/კ

გამაფხვიერებელი - ½ ჩ/კ

შიგთავსი:

არაჟანი 20% - 200 გ

შაქარი - 2 ს/კ

კარაქი - 2 ს/კ

ვანილის შაქარი - 10 გ

სიმინდის სახამებელი - 1 ჩ/კ

თავზე გადასასმელად

კვერცხის გული - 1 ცალი

წყალი - 1 ს/კ

მომზადების წესები

კვერცხი შაქართან ერთად გათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და მაწონი. ფქვილს დაუმატეთ საფუარი, მარილი და გამაფხვიერებელი. გადაიტანეთ სველი ინგრედიენტები ფქვილში და დაიწყეთ ცომის მოზელვა. დაუმატეთ ზეთი, რომ ზელვა გაგიმარტივდეთ. ჯამს წაუსვით ზეთი, მოათავსეთ შიგ ცომი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დააყოვნეთ თბილ ადგილას 1 საათით.

ჯამში მოათავსეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი, შაქარი, სახამებელი და ვანილის შაქარი. კარგად გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცომი ჩაზილეთ და პატარა გუნდები გააკეთეთ (დაახლოებით, 10 ცალი გამოდის). გუნდებს თავზე რამე გადააფარეთ და რამდენიმე წუთით დააყოვნეთ, სანამ გუნდების ზომა გაიზრდება.

კვერცხის გული და წყალი შეურიეთ ერთმანეთს.

ცომის გუნდები შუაში ჩააღრმავეთ ჭიქის გამოყენებით, გადაუსვით კვერცხისა და წყლის გლაზური, ჩაღრმავებულ ადგილას კი არაჟნის კრემი მოათავსეთ. გამოაცხვეთ ფუნთუშები 180 გრადუსზე 17-20 წუთით.