საქართველოს ახალი ომბუდსმენი ჰყავს, ოპოზიციას კი მისამართი შეეშალა

საქართველოს ახალი ომბუდსმენი ჰყავს, ოპოზიციას კი მისამართი შეეშალა

საქართველოს უკვე ახალი ომბუდსმენი ჰყავს, თუმცა ყოფილი ხელისუფლება მაინც და მაინც კმაყოფილი არ ჩანს.

„ბატონო უჩა, თქვენ „ოცნების“ ომბუდსმენი ბრძანდებით“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ სახალხო დამცველობის კანდიდატს, უჩა ნანუაშვილს, საპარლამენტო მოსმენისას.

გოგა ხაჩიძისა და საპარლამენტო უმცირესობის დანარჩენი წევრების განწყობა სახალხო დამცველის მიმართ იდენტურია. არ აქვთ იმედი, რომ უჩა ნანუაშვილი განსაკუთრებული სახალხო დამცველი იქნება, მით უმეტეს, რომ ის ამჟღავნებს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას საპარლამენტო უმცირესობის მიმართ. 

მართალია, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ოცნების ომბუდსმენად თვლიან, მაგრამ ნანუაშვილმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ის არა პარტიასთან, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა და ადამიანის უფლებების საკითხზე მომზადებულ სპეციალური დოკუმენტის მომზადებაში იყო ჩართული.

რაც შეეხება უმცირესობის ეჭვებს, რომ ის არ იქნება მათი სახალხო დამცველი, ნანუაშვილის განცხადებით, გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმე იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ის ყურაღებას მიაქცევს.

უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას მომავალი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრა. ის მთავარ პრიორიტეტად სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებას მიიჩნევს.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა იმისთვის, რათა სახალხო დამცველის ოფისი განსაკუთრებით აქტიური გახდეს. მისი თქმით, ის არ უნდა ელოდებოდეს განცხადებას და საჩივარს, რომელიც ოფისში შედის.

ნანუაშვილი ასევე თვლის, რომ ომბუდსმენი მხოლოდ წლიური ანგარიშის მომზადებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და თემატური ანგარიშები და რეკომენდაციები უნდა მოამზადოს. ასევე, უკეთესია, სახალხო დამცველის აპარატი უფრო ღია და გამჭვირვალე იყოს და იქ უფლებადამცველებთან ერთად მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო უნდა არსებობდეს. ამასთან, მას აქვს იდეა, სახალხო დამცველობის სხვა კანდიდატები, რომლებიც აღნიშნულ პოსტზე იყვნენ დასახელებული, აპარატის მრჩეველთა საბჭოში სპეციალისტებად იყვნენ მიწვეულები.

ნანუაშვილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერების ინიციატივითაც გამოვიდა, რადგან თვლის, რომ ამ მექანიზმმა საპატიმროებში ადამიანის უფლებების დაცვა ვერ უზრუნველყო. 

ამასთან, ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მონიტორინგის საბჭო, რომელიც სასჯელაღსრულების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, შეიარაღებული ძალებს თუ სამთავრობო სტრუქტურებს ეხება, სახალხო დამცველის აპარატთან უნდა არსებობდეს. მან სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის უფრო მეტად გამოცდილი და პროფესიული კადრებით უნდა დაკომპლექტდეს.

ნანუაშვილის აზრით, სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის საკანონმდებლო საქმიანობაშიც უნდა ჩაერთოს და საერთაშორისო კონვენციების მისაერთებლად ლობირება აუცილებელია.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ომბუდსმენის რეგიონალური ოფისების გაძლიერება, რადგან ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია უპირატესად რეგიონებიდან მოდის. ტოლერანტობა და უმცირესობების უფლებების, ასევე ქალების და ბავშვების უფლებების დაცვა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ერთ-ერთ მიმართულებად კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაში აქტიურად ჩართვა დასახელდა.

გარდა ამისა, ნანუაშვილის განმარტებით, წინა სახალხო დამცველების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია, გადაიხედება.

უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ოფისთან არსებული მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის გადახედვასა და გადახალისებასაც გეგმავს.

„როდესაც ქვეყანაში 5 ათასი პატიმარია, ამ შემთხვევაში სხვა სახის მონიტორინგზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ როდესაც საქმე 20-25 ათასს პატიმარს ეხება, მონიტორინგის 5-კაციანი ჯგუფი ვერაფერს უზრუნველყოფს და ვერანაირ შედეგს ვერ დადებს. მონიტორინგის ჯგუფი უნდა გადაიხედოს, ეს სტუქტურა მაქსიმალურად ღია და გამჭირვალე უნდა გახდეს და მაქსიმალურად კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტდეს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

გარდა ამისა, უმცირესობა ასევე დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ნანუაშვილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია რიტორიკას არ შეცვლიდა, პროკურატურასთან რიგები დადგებოდა.

„რა თქმა უნდა, ამ განცხადებას არ ვეთანხმები“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

იქნება თუ არა ნანუაშვილი ისეთი სახალხო დამცველი, როგორიც დღეს საქართველოს სჭირდება, ჩავთვალეთ, რომ მისი შეფასება განსაკუთრებით მისი ოპონენტების მხრიდან იყო საინტერესო.

უფლებადამცველი და ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი თამარ გურჩიანი თვლის, რომ მისი მხრიდან არ იქნება ეთიკური ოპონენტების შეფასება და ამიტომ ის თავს შეიკავებდა უჩა ნანუაშვილიზე საუბრისაგან.

უფლებადამცველი და ასევე ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ნანუაშვილს ულოცავს იმ მხარდაჭერას რომელიც მას საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუცხადა.

„უჩა ნანუაშვილის მიერ დღემდე განხორციელებული საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია და იგი ეხება ყველა იმ საკვანძო საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის შეფასების კუთხით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაწყებული, 26 მაისით დამთავრებული და შემდგომ პერიოდშიც. ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა უჩა ნანუაშვილი,  განსაკუთრებული ობიექტურობით და სრულყოფილებით გამოირჩეოდა. დასკვნები იყო ობიექტური, ყოვლისმომცველი და ამ მხრივ, არ მგონია ოპონენტი გამოუჩნდეს ბატონ ნანუაშვილს“,- მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

უფლებადამცველი და ასევე ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი,ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ის კარგად იცნობს უჩა ნანუაშვილს.

„ვიტყოდი, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატთა შორის და ვფიქრობ, რომ საუკეთესო სახალხო დამცველიც შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რაც დამოკიდებული იქნება მასზე, როგორც უფლებადამცველზე და მას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას, თუნდაც იმის გამო, რომ მას საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწევს მუშაობა.

პირველი ორი წელი შესაძლოა, მართლაც ძალზე რთული და ბეწვის ხიდზე სავალი აღმოჩნდეს, მისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავს გაართმევს ამ სირთულეს“, - მიიჩნევს ლია მუხაშავრია.

მისივე შეფასებით, მთელი მსოფლიო ლუპით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე დიდია დაინტერესება ნატოს, ევროსაბჭოს ევროკავშირის სტრუქტურებიდან.

„პირველ რიგში ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა შეფასდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კრიტერიუმებით და ამ მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორება შეუძლია, სწორედ სახალხო დამცველს და მის წარმატებულ მუშაობას“,- მიიჩნევს ლია მუხაშავრია. 

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის ეჭვებს, დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ საპარლამენტო უმცირესობის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა უჩა ნანუაშვილმა.

„მაგალითად თენგიზ გუნავას საკითხთან დაკავშირებული პასუხი, როდესაც თქვა, რომ სწორედ გუნავას საკითხით შეუდგება თავისი უფლებამოსილების აღსრულებას, უმცირესობას ობიექტურად და ჯეროვნად უნდა შეეფასებინა, მაგრამ ამის ნაცვლა მას „ქართული ოცნების“ სახალხო დამცველი უწოდეს. არ მესმის რაში მდგომარეობს მიკერძოება. უჩა ნანუაშვილმა არ დაუტოვა არავითარი საფუძველი უმცირესობას რომ არგუმენტირებული კრიტიკით გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება და უბრალოდ, პოლიტიკური კრიტიკით შემოიფარგლნენ, რისი ადრესატიც უჩა ნანუაშვილი კი არა „ქართული ოცნება“ გახლდათ - უბრალოდ ადრესატი შეეშალათ“,- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

როგორც ლია მუხაშავრია თვლის, მან დაამტკიცა, რომ არის ობიექტური და არ იქნება ტენდენციური, როდესაც ღიად გააკრიტიკა ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

„არ ვთვლი, რომ ის ოცნების სახალხო დამცველი იქნება, რადგან მას ძალიან კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი არის ოფიციალურად ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი თანამდებობის პირი, რადგან მან ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას“,- აცხადებს მუხაშავრია.