საგანგებო მდგომარეობის დაწესების შემდეგ ყველაზე მეტი კითხვები ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ გააჩინა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მანქანებით მოძრაობა სრულიად ტყუილად აგვიკრძალეს და ორშაბათს, როცა მანქანებით გადაადგილებას დავიწყებთ, ნუთუ ეს უნდა გაგვიხარდეს?
გიორგი ვაშაძის თქმით, გერმანია, ავსტრია, ნორვეგია უკვე იწყებს შეზღუდვების მოხსნას, იტალია-ესპანეთმაც კი დაიწყო ძველ რიტმში დაბუნება, ჩვენ კი მდგომარეობას გვიმძიმებენ.
არავისთვის გასაკვირი არაა, რომ საგანგებო სიტუაცია უფრო მეტად ღარიბ ხალხს დააწვა ტვირთად. თუკი ავტომანქანების მფლობელები მანქანების მოძრაობის შეზღუდვას აპროტესტებენ, შედარებით უფრო ხელმოკლე ოჯახები განიცდიან იმას, რომ რაიონებში საქალაქთაშორისო გადაადგილებები აკრძალულია და ვერ ხერხდება დედაქალაქის რეგიონებთან დაკავშირება. ხელისუფლება ამ დრომდე არ აკონკრეტებს, როდის აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა და ეს მაშინ, როცა ზუსტად ახლა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პერიოდია. თუკი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებას გეგმავს, მაშინ გაუგებარია, რატომ უზღუდავს ამ შესაძლებლობას ხელმოკლე ადამიანებს?!
ეკონომისტი აკაკი ცომაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, ნაკლებად შემოსავლიან ადამიანებს სატრანსპორტო შეზღუდვები ტვირთად დააწვება. განსაკუთრებით მათ სჭირდებათ გადაადგილება, ვინც ფერმერულ საქმიანობას ეწევა.
„ეს აკრძალვა მათ ხელს უშლის კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისას, პლუს, ახლა შესაბამისი სეზონია, უნდა მიმდინარეობდეს აქტიური სამუშაო პროცესი და არ უნდა დაგვიანდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ამიტომ რაიონებში საქალაქთაშორისო მოძრაობა უნდა აღდგეს. ზოგადად, არაადეკვატურია მოძრაობის აკრძალვა, ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის მერე რაიმე ლოგიკურ ახსნას ვერ ვხედავ. საერთოდ გაუგებარია, რატომ შეიზღუდა ასეთი გადაადგილება. ერთ-ერთი დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა ზუსტად მაშინ, როცა შეიზღუდა გადაადგილებები დედაქალაქში, ასევე, ქალაქებიდან რეგიონებისკენ“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.
„Hub Georgia“-ს დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლის გამო რთულ რეალობაში იმყოფება არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ამიტომ მოგვწონს თუ არა, უნდა გამოვიყენოთ გარკვეული შეზღუდვები და უარი ვთქვათ ერთმანეთთან კომუნიკაციის ფუფუნებაზე. თუმცა, როცა ხელისუფლება იღებს ახალ რეგულაციებსა და შეზღუდვებს, აუცილებელია, საფუძვლიანად იყოს შეფასებული მოსალოდნელი შედეგები, რაც ხშირად არ ხდება და ცოტა გაუაზრებლად, ზედაპირულად გვიწესებენ რეგულაციებს.
„რა თქმა უნდა, ავტომობილებით გადაადგილების შემცირება კარგია, რადგან ჩვენ ამით შევამცირებთ ადამიანების ერთმანეთთან კონტაქტს და ვირუსის გავრცელების ტემპს, მაგრამ არ შეიძლება ერთგვაროვანი მიდგომა, დედაქალაქის ცენტრში - ვაკეში სულ სხვა სიტუაციაა და ხულოში - სრულიად სხვა. ამავდროულად, ძალიან ცუდია, რომ შერჩევითი პრინციპით ხდება საშვების გაცემა და, ვისაც ჰყავს ახლობელი ხელისუფლებაში, ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში, ძალიან მარტივად შეუძლია მოიპოვოს საშვი, ხოლო კანონმორჩილი ადამიანები პარალიზებულნი არიან მაშინ, როცა გადაადგილების აუცილებელი საჭიროება აქვთ. ასეთი უამრავი ქეისი დაგროვდა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით. ელემენტარულად, ბევრი ადამიანი სოფლებში ვერ ახერხებს გადაადგილებას სატრანსპორტი საშუალებით და ვერ ახდენს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტურად წარმართვას. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება და მათ სწორედ მობილობის შეზღუდვის გამო ექმნებათ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრობლემები. უნდა ვებრძოლოთ პანდემიას, მაგრამ ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ შეზღუდვებით და რეგულაციებით დამატებით პრობლემებს შევუქმნით ადამიანებს, ეს არაეფექტური იქნება“, - აცხადებს ვასილ ურუშაძე.
მისივე თქმით, უნდა შემუშავდეს ისეთი სისტემა, რომელიც ხალხს გადაადგილების საშუალებას მისცემს აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ონლაინპლატფორმის შექმნა, ცხელი ხაზის გაძლიერება. ადამიანებს სურთ, აუცილებელი გადაადგილების გამო გავიდნენ ქუჩაში, ცდილობენ, დაუკავშირდნენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ცხელ ხაზს-144-ს, მაგრამ იქ დაკავშირება შეუძლებელია.
რაც შეეხება მანქანაში სამი პირის ჩაჯდომას, ვასილ ურუშაძის თქმით, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რაც ძირითადად შემოღებულია სატაქსო გადაყვანისთვის და იმ შემთხვევისთვის, თუ უცხო ადამიანი ჩაჯდება ავტომობილში. ოჯახის წევრებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში იმყოფებიან, ეს შეზღუდვა არ უნდა ეხებოდეთ. ზოგადად, სატაქსო ავტომობილში წინა სავარძელში ჩაჯდომა არ არის რეკომენდირებული არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ ისედაც, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა ართულებს სოფლის მეურნეობის სამუშაოებს. ადამიანები ქალაქიდან ვერ ჩასულან რეგიონებში და პირიქით.
„აგერ, ხომ ხედავთ, მარნეულიდან კიტრი ვერ შემოაქვს ხალხს. 5 ტონა კიტრი მხოლოდ ერთ ფერმერს გაუფუჭდა და ნახეთ, რა ფასებშია კიტრი „კარფურსა“ და „გუდვილში“. ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავს, ის, ალბათ, უახლოეს ხანში გადაადგილდება რეგიონებში, მაგრამ ღარიბებს დააწვათ ეს ტვირთად, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ არსებობს. ახლა თითქოს შემოიღეს ადგილობრივ საკრებულოში, რწმუნებულთან თუ მივა ადამიანი, ის მისცემს დასტურს გადაადგილებისთვის, მაგრამ მარნეულში, ბოლნისში უყურებენ ტელევიზორს? ფერმერს სად სცალია ტელევიზორის საყურებლად, ის ხომ დღედაღამ მუშაობს. ამიტომ სასურველია, საქალაქთაშორისო გადაადგილება დროულად აღდგეს“, - მიიჩნევს ანზორ მესხიშვილი.
აკადემიკოსი ივანე კიღურაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ მძიმე პირობებში, რაც შეუძლია სახელმწიფოს, ყველაფერს აკეთებს. ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო მანქანების გადაადგილების შეზღუდვა, მაგრამ ესეც იძულებითი ნაბიჯი გახლდათ, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ბევრია ამით უკმაყოფილო, მაგრამ ცოტა რომ დავფიქრდეთ, რა სჯობს, გარკვეული დღეების განმავლობაში დისკომფორტი იგრძნოს ადამიანმა და აიტანოს ეს დისკომფორტი, თუ ხელიდან გაგვექცეს საშიში დაავადების კონტროლი და მოხდეს აფეთქება?!
„27 აპრილს მანქანებზე შეზღუდვა მოიხსნება, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა დააკონკრეტა კიდეც, რომ 22 მაისამდე კარანტინის გაგრძელება არ უნდა გავიგოთ, რომ ყველა შეზღუდვა გაგრძელდება, ნელ-ნელა მოიხსნება ეს შეზღუდვებიც. ხელისუფლებას ხალხი უნდა დაუდგეს გვერდით, მათ შორის, ბიზნესმენებიც, საერთო ძალისხმევით უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე კრიზისიდან. როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სოფლის მეურნეობისა და წარმოების აღორძინება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება, რადგან ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე განცხადება გააკეთა. რაღაცნაირად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მძიმე პერიოდის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და საქართველო გამარჯვებული გამოვა“,-აღნიშნა ვანო კიღურაძემ.
ხაზზე არ უნდა დაუშვან, ყვარყვარეს ციხის, ჩატევის პრინციპით, სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთო მაქანები.
ნახეთ იგივე ზომის ამერიკული და ევროპული სამგზავრო სპრინტერები და ტრანზიტები. არც ერთში 14 ადგილზე მეტი არ არის. ჩვენთან კი 22 "ეტევა".