„გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე სამეცნიერო სამყაროში აღიარებულნი არიან, ამერიკაში მყოფ ზურაბ გურულს სამეცნიერო პულსი არ ესინჯება“

„გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე სამეცნიერო სამყაროში აღიარებულნი არიან, ამერიკაში მყოფ ზურაბ გურულს სამეცნიერო პულსი არ ესინჯება“

მას შემდეგ, რაც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა ქართველ ინფექციონისტებს კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და პრეპარატ პლაქველინის გამოყენება დაუწუნა, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ეს პოლიტიკურ დაპირისპირებად აღიქვა და ზურაბ გურულს სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებული ფოტო გაუხსენა.

არც ზურაბ გურულს დაუხევია უკან, მან განმარტა, რომ არ ელოდა, თუკი სსრკ-ს რეინკარნაციას ისევ ნახავდა საქართველოში. მისი თქმით, მავანთ სურთ, ის სამაგალითოდ დაისაჯოს, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის საჯაროდ ლაპარაკი.

ვინ არის ზურაბ გურული და დასავლეთში მოღვაწეობა აპრიორი ნიშნავს თუ არა, რომ ამ პიროვნების ნათქვამი ჭეშმარიტებაა? ამის შესახებ For.ge-ს აკადემიკოსი ივანე კიღურაძე ესაუბრა.

ივანე კიღურაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეს სამი კაცი, სამი მედიკოსი ხელმძღვანელობს-ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ისინი სამეცნიერო სამყაროში აღიარებული ადამიანები არიან. შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, საიდან ვიცი ეს მე, როგორც მათემატიკოსმა? დღეს ინტერნეტში იმდენი საძიებო სისტემაა, რომ, თუ კაცი მეცნიერებაში სერიოზულად მუშაობს, ეს სწრაფად აისახება ხოლმე ინტერნეტზეც. არსებობს ასეთი ცნება-ციტირების ინდექსი, როცა ცალკეული მეცნიერი რაღაც ნაშრომს დაწერს და სხვა მკვლევრები იყენებენ მის ციტატებს. ვთქვათ, კონკრეტული მეცნიერის კვლევის ციტირება მოხდა 1000 ნაშრომში, მაშინ ამ ნაშრომის ციტირების ინდექსი იქნება 1000. ამის შემდეგ, როცა მთლიანად შეჯამდება კონკრეტული მეცნიერის ნაშრომები, ეს იქნება ამ პიროვნების ციტირების ინდექსი. მოგეხსენებათ, მეცნიერის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია, რამდენად მოთხოვნადია იგი სამეცნიერო სამყაროში, ზემოთ აღნიშნული სამივე პიროვნება კი ამ მხრივ ძალზე მოთხოვნადია, ესენი არიან სამეცნიერო სამყაროში აღიარებული პირები და თითოეულ მათგანს ძალიან მაღალი ციტირების ინდექსი აქვს. ამ დროს სულ ახალხანს გამოჩნდა ამერიკაში მყოფი ზურაბ გურული, რომელსაც, ფაქტობრივად, პულსი არ ესინჯება.

ანუ ზურაბ გურულს ციტირების ინდექსი არ აქვს?

- პრაქტიკულად, არ აქვს ეს ინდექსი. არსებობს ასეთი ბაზა Scopus-ი. ამ ბაზის მიხედვით, ამირან გამყრელიძის ციტირების ინდექსი 6890-ია, ე.წ. h-ინდექსი კი არის 26, ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია ამ შეფასების. თენგიზ ცერცვაძის ციტირების ინდექსი 835-ია, h-ინდექსი კი-17. პაატა იმნაძის ციტირების ინდექსი 734-ია, ე.წ. h-ინდექსი-16.

ზურაბ გურულს მოიხსენიებენ, როგორც ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტს, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორს. თუკი მას ასეთი ტიტულები აქვს, მისი ციტირების ინდექსი რატომ არ ჩანს?

- როგორც ჩანს, არ დაუწერია საინტერესო შრომები და იმიტომ. არ ვიცი, მართლაც არის თუ არა ეს პიროვნება პროფესორი, ესეც ძნელი წარმოსადგენია. 1992 წელს დაუმთავრებია სამედიცინო ინსტიტუტი, ე.ი. დაახლოებით 53-54 წლისაა. ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა, რატომ არ აქვს ციტირების ინდექსი და ვიფიქრებდით, რომ ახლა იწყებს სამეცნიერო მოღვაწეობას, მაგრამ Scopus-ის ბაზაში „გურულს“ თუ ჩავწერთ, იქ რამდენიმე გურული აღმოჩნდება. ერთ-ერთია გიორგი გურული, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და აქვს ციტირების ინდექსი, განსხვავებით, ზურაბ გურულისგან. ასე რომ, ზურაბ გურული ცნობილი მეცნიერი რომ ყოფილიყო, არსად დაიმალებოდა.

ფიქრობთ, ზურაბ გურული პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ამიტომაც დაუწუნა ქართველ ექიმებს მკურნალობის პროტოკოლი?

- რა თქმა უნდა. ეტყობა, იმდენად აქტიური კაცია, რომ ედგარ პოს ლექსები უთარგმნია ქართულად და გამოუცია. მე ეს არ ვიცოდი, თორემ საშუალება რომ მქონოდა, წავიკითხავდი. რაღაც რომანიც დაუწერია. ძალიან კარგია, თუ ასეა, მაგრამ ფაქტია, ისეთ საქმეებში ერევა, რაც მისი სფერო არაა, ანუ სამედიცინო სფეროში არ აქვს ნაშრომები და, როგორც გითხარით, ამ მხრივ მაჯა არ ესინჯება. ამ სამ კაცს კი შრომების დიდი ნაწილი უცხოელ კოლეგებთან ერთად აქვთ შესრულებული და სამეცნიერო სამყაროში აღიარებულნი არიან.

თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა ზურაბ გურულს და ურჩია, თავისი „მდიდარი ცოდნა და გამოცდილება იმ ქვეყნის მაჩვენებლების გაუმჯობესებას მოახმაროს, სადაც ის საქმიანობს“, რადგან აშშ-ში გარდაცვლილთა ასაკი 20-64 წლამდეა, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ეს ასაკი 73-დან 86 წლამდეა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აძლევენ ეს ადამიანები რჩევებს იმ ქვეყანას, სადაც ამჟამად მოღვაწეობენ?

- დღევანდელ პერიოდში მეცნიერი (სადაც არ უნდა იყოს იგი, თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში), თუ კარგ ნაშრომს წერს, ის ნაშრომი მთელ მსოფლიოში ვრცელდება და შეუმჩნეველი არ რჩება. კარგი ნაშრომი დაწერონ და იმ ნაშრომს ამერიკაშიც გამოიყენებენ, საქართველოშიც და ყველგანაც. როგორც ჩანს, ამ კაცს ამის თავი არ აქვს.

საინტერესოა, უშუალოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედიცინის სფეროს თუ ხელმძღვანელობენ პროფესიონალები?

- ამ მხრივ აკადემიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დღეს ამ საკითხის წამოწევა არ ღირს, მაგრამ ფაქტია, რომ პირადად მე მეცნიერებათა აკადემიაში ხელჩართულ ბრძოლაში გახლდით, შევებრძოლე მაფიას. ამ მაფიოზებს მხარდაჭერა აქვთ, საერო ხელისუფლებაშიც მოიძებნებიან მათი მხარდამჭერები და საეკლესიო მმართველობაშიც. თუმცა სამწუხაროა, რომ ამ სამი აღიარებული მეცნიერის (გამყრელიძის, ცერცვაძის, იმნაძის) აკადემიაში არჩევის შესახებ საკითხი არ დასმულა. არადა, ეს ადამიანები დაამშვენებდნენ მეცნიერებათა აკადემიას და არა მარტო საქართველოს აკადემიას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში არსებობს მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილება, რომლის აკადემიკოს-მდივანიც გახლავთ ნოდარ მითაგვარია. მისი ციტირების ინდექსი 57-ია, ხოლო h-ინდექსი 3-ია. ახლა შევადაროთ მისი ციტირების ინდექსი ჩვენს მიერ ნახსენები ამ სამი აღიარებული მეცნიერის ციტირების ინდექსს.

როგორ გგონიათ, მეცნიერებათა აკადემიაში რატომ იბლოკებიან ცერცვაძე, გამყრელიძე, იმნაძე?

- არც ყოფილა ამაზე მსჯელობა. ბოლო სამი არჩევნების დროს აკადემიაში ისეთი ხალხი აირჩიეს, რომ არათუ აკადემიკოსად, ასისტენტადაც არ უნდა აერჩიათ. ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძის და პაატა იმნაძის მჯერა, მათ სიტყვას ფასი აქვს, ამიტომაც წერენ ამ ადამიანებთან ერთად ნაშრომებს ცნობილი უცხოელი სპეციალისტები. მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ასე რომ, აკადემია მეცნიერების განვითარების სტიმულატორად კი არა, მუხრუჭად გადაიქცა.

ამას თავისი მიზეზი აქვს, მეცნიერებათა აკადემია ნებისმიერ ხელისუფლებასთან ახერხებდა ლავირებას. სულ ბოლოს გვახსოვს, როგორ პათეტიკურადაც მიულოცეს ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეცნიერს, დაბადების დღე და შემდეგ ეს მილოცვა წაშალეს ფეისბუკგვერდიდან, რადგან საზოგადოების უარყოფითი რეაქცია დაიმსახურეს.

- ვის უნდა მაგათი მილოცვა? პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ხელისუფლების, რომ ასეთ მეცნიერებს უსმენს. მე მგონი, კორონავირუსთან ბრძოლის სისტემა დღეს სანიმუშოდაა აწყობილი. დიდ სიმპათიას იწვევს მინისტრთა კაბინეტი და, განსაკუთრებით, გიორგი გახარია. მიხარია, რომ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის წამყვან ქვეყნებში საქართველოს მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ზაზა ვააა კიღურაძე? ედიკას გვერდით მეგონა დასაფლავებული
4 წლის უკან