ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, დენის ტარიფის 5 თეთრით შემცირება შესაძლებელია. ამის შესახებ განცხადება „აფბა“-ს („ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“) პრეზიდენტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა განცხადება.
„ენერგომატარებლების ტარიფები და მათი გაიაფება ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ენერგომატარებლებზე ფასი ბევრი სხვა პროდუქციის ფასს განსაზღვრავს, ენერგომატარებლების საფასურს თითოეული ჩვენგანი იხდის. ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის სუვერენიტეტეის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ენერგორესურსებზე და მათ ფასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდის საკითხი. ამდენად პრობლემა უდაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.
აფბა-ში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს ჯაჭვი, რომლითაც დაკავშირებულნი არიან ელექტროენერგიის მომხმარებლები და მწარმოებლები. ეს ჯაჭვი მოიცავს რამდენიმე რგოლს - ჰიდროელექტროსადგურებს, გამანაწილებლებს, დისტრიბუტორებს და თავად ელექტროენერგიის მომხმარებლებს.
მისი თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით გაუგებრობა ყოველდღიურად მატულობს, რადგან ხელისუფლება ტარიფში სულ ახალ კომპონენტებს პოულობს და აცხადებს, რომ შეუძლებელია ტარიფების იმ მასშტაბით შემცირება, როგორც დაგეგმილი იყო. ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიაზე დაწესებული ტარიფის დაახლოებით 60%, ანუ 8 თეთრზე მეტი, გამანაწილებელ კომპანიებზე მოდის. საუბარია იმ სამ ბუნებრივ მონოპოლისტ კომპანიაზე, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ - „თელასი“, „კახეთის დისტრიბუცია“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“. ფინანსისტები აღნიშნავენ, ევროპის არც ერთ ქვეყანაში გამანაწილებელი კომპანიების მარჟა ასეთი მაღალი არ არის და ის საშუალოდ 20-დან 40%-მდე მერყეობს.
აფბა-ში აცხადებენ, რომ 1.2 თეთრზე ნაკლებად წარმოებული კილოვატი ელექტროენერგიის საშუალოდ 15 თეთრად გაყიდვა ეკონომიკური ლოგიკის ფარგლებს სცილდება. აქედან გამომდინარე, ფინანსისტები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მოუწოდებს, გამანაწილებელ კომპანიებს მოგების შედარებით დაბალი მარჟა დაუწესოს.
„თუ ავიღებთ ევროპულ მოდელს, სადაც ტარიფში განაწილების ხვედრითი წილი 20-დან 40%-მდე მერყეობს, საქართველოში ამ მარჟის 25%-მდე ჩამოყვანა ტარიფის 5 თეთრით გაიაფებას გამოიწვევს. თუმცა არის მეორე დაბრკოლებაც. კერძოდ, ეს არის ტარიფების ფასწარმოქმნაში ახალ-ახალი ფაქტორების აღმოჩენა, რაზეც ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს. მაგალითად, ბუნებრივი აირის ტარიფში ევრობონდების არსებობა და ა.შ. ამიტომ თუ არსებობს ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ტარიფში განაწილების დოზას შეამცირებდა, მაშინ საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს და სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ტარიფის შემცირებაზე ვისაუბრებთ“, - აცხადებს აფბა-ს პრეზიდენტი.
ამიტომ ახალგაზრდა ფინასისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ყველა ის ფაქტორი განასაჯაროოს, რომელიც ტარიფების და გამანაწილებელი კომპანიების 60%-იანი მარჟის შემცირებას უშლის ხელს. აფბა-ში მიიჩნევენ, რომ თუკი ასეთი ფაქტორები არსებობს, საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს და ტარიფის შემცირების მოლოდინი რაღაც ბუნდოვან ფაქტორებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.
„ტარიფის ფასწარმოქმნაზე რომ ვისაუბროთ, სანამ ელექტროენერგია გამანაწილებელ კომპანიებამდე (მაგალითად „თელასამდე“) მივა, მისი ღირებულება დაახლოებით 5 თეთრია. ამას შემდეგ რვა თეთრი ემატება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ გამანაწილებელი კომპანიების მარჟა საქართველოში ძალიან მაღალია (60%). შემიძლია სხვა ქვეყნების მაგალითები მოგიყვანოთ. კერძოდ, თურქეთში იგივე მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს, გაერთიანებულ სამეფოში - დაახლოებით 20%, ესტონეთში - 25%-მდე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში მარჟა ძალიან მაღალია და იგი უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ ამ კომპანიებს ხელშეკრულებებში რაიმე სხვა ხარჯებია გაწერილი, მაგალითად ინვესტიციის ხარჯი, ან რაიმე სხვა ტიპის ხარჯი, რის გამოც მათი მარჟა არის მაღალი, ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, - აღნიშნავს ნოდარ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, თუ წინა ხელისუფლების მიერ გადაცდომა იყო ჩადენილი და ტარიფში რაიმე ზედმეტი ხარჯი ჩაიდო, ქართული საზოგადოება ამის შესახებაც უნდა იყოს ინფორმირებული.
აფბა-ს ვიცე პრეზიდენტი, ლადო ხიხაძე კი ხაზს უსვამს ეკონომიკის ექსპერტის, დემურ გიორხელიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდისთვის ენერგომატარებლების ტარიფების ფასწარმოქმნა თავიდანვე ცნობილი იყო.
„მოგეხსენებათ, დემურ გიორხელიძე „ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი თანაავტორი იყო. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ტარიფებში ასახული ყველა ის ფაქტორი, რომელზეც ახლა ხელისუფლება საუბრობს და ამბობს, რომ ახლა აღმოაჩინა (მაგალითად ევრობონდები და ა.შ.), „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდისთვის თავიდანვე ცნობილი იყო. თუკი ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი, საკმაოდ პატივსაცემი პროფესიონალი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდათ და გარკვეულ ზღვრამდე (რაც თავიდანვე ჰქონდათ ნათქვამი) ტარიფის დაწევა შესაძლებელია, იქნებ მოქმედი ხელისუფლებიდან ვინმემ ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს“, - აცხადებს ლადო ხიხაძე.